Home » ფინანსები » ავტომობილით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება

ავტომობილით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება

მსუბუქ ავტომობილში 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) განთავსებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკისრება.

ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებაშია შეტანილი.

მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი და საკარანტინო ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების უფლებამოსილი მოსამსახურეების გადაადგილებაზე.

“საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, თუ სატრანსპორტო საშუალების სალონის მოწყობა აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა. სატრანსპორტო საშუალებით სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა არ ეხება ამ დადგენილების შესაბამისად დაშვებულ M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა სპეციალურ რეგულარულ გადაყვანას. ამ წესის დარღვევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს,”- ნათქვამია დოკუმენტში.

Share