Home » საზოგადოება » ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე საჯარიმო სანქციები იზრდება და ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის

ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე საჯარიმო სანქციები იზრდება და ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და დღესვე დაამტკიცებს პროექტს, რომლის საფუძველზეც, ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე საჯარიმო სანქციები იზრდება და ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა შესთავაზეს, რომელთა ინიციატივას მმართველმა გუნდმა მხარი დაუჭირა.

60 დღეში შემდეგი ადმინისტრაციული სანქციები შედის ძალაში: –

სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემის შემთხვევები:

  • სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. ნაცვლად 1000 ლარის ოდენობით ჯარიმისა.
  • სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარის ოდენობით ჯარიმისა.
  • ზემოაღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2500 ლარის ოდენობით.

სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში:

  • პასუხისმგებლობა განისაზღვრება სისხლში ეთანოლის შემცველობის მიხედვით, პირველ ჯერზე:

არანაკლებ 0,3 და არაუმეტეს 0,7 პრომილე – 6 თვით შეჩერება.

0,7 პრომილეზე მეტი – 1 წლით შეჩერება.

სიმთვრალის დადგენისთვის თავის არიდება – 1 წლით შეჩერება.

  • განმეორებით შემთხვევაში, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას, ნაცვლად 700 ლარიანი ჯარიმისა და მართვის უფლების შეჩერების 1 წლით გაზრდისა.

სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშიროდესაც:

  • მძღოლს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება – დაჯარიმდება 2000 ლარის ოდენობით. ნაცვლად 1000 ლარის ოდენობით ჯარიმისა.

განმეორება – გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით. ნაცვლად მხოლოდ 1500 ლარის ოდენობით ჯარიმისა.

  • როდესაც მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსის სხვა მუხლით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, − დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. ნაცვლად 1000 ლარის ოდენობით ჯარიმისა.

განმეორება- გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას. ნაცვლად მხოლოდ 1500 ლარის ოდენობით ჯარიმისა.

სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, რასაც თან მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება:

  • გამოიწვევს – მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას, ნაცვლად მხოლოდ მართვის უფლების 3 წლით შეჩერებისა.

სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, როდესაც პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ამას თან მოჰყვება სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება:

  • გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით, ნაცვლად მხოლოდ 1000 ლარის ოდენობის ჯარიმისა.

სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, როდესაც პირს მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსის სხვა მუხლით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის და ამას თან მოჰყვება სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება:

  • გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით გაზრდას, ნაცვლად მხოლოდ 3 წლით შეჩერების და 1000 ლარიანი ჯარიმისა.

ზემოაღნიშნული ქმდებების განმეორებით ჩადენა:

  • გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3500 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით, ნაცვლად მხოლოდ 1500 ლარიანი ჯარიმისა და 15 დღემდე პატიმრობისა.

მართვის უფლების ვადამდე აღდგენის უფლება:

მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა აღარ მიეცემა იმ პირს რომელსაც განმეორებით აქვს სახდელი დადებული სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.

მოპედთან დაკავშირებული სამართალდაღვევები:

მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება:

გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა.

მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება:

გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარისა.

Share