Home » ეკონომიკა » ავტოიმპორტიორებს შეკვეთები შეუმცირდათ, მაშინ როცა ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი გაოთხმაგებულია
ავტოიმპორტიორებს შეკვეთები შეუმცირდათ, მაშინ როცა ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი გაოთხმაგებულია

ავტოიმპორტიორებს შეკვეთები შეუმცირდათ, მაშინ როცა ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი გაოთხმაგებულია

 

2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.

მსუბუქი ავტომობილების გარკვეულ კატეგორიაზე აქციზის ზრდის პარარელურად, ავტოიმპორტიორი კომპანიები შეკვეთების შემცირებაზე აცხადებენ.

„საქსტატის“ მონაცემებით კი, 2017 წლიდან ავტომობილებზე აქციზის ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი თანხობრივ გამოსახულებაში იზრდება.

ბაზარზე მოთხოვნის შემცირებაზე საუბრობს “ეკო ტრანსპორტ ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი. ვასო ურუშაძე აღნიშნავს, რომ დღეს ძირითადად მხოლოდ მარჯვენასაჭიან ელექტრომობილებზეა მოთხოვნა, რადგან მათი განბაჟება ნულოვანია.

„ბაზარზე მოთხოვნა შემცირდა. იმპორტიორი კომპანიები ამბობენ, რომ შეკვეთები 70-80%-ით შემცირდა. ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე არსებული ავტომობილების გაყიდვა ხდება. აქედან გამომდინარე, ფასების თვალსაზრისით ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილება ჯერ არ მომხდარა, მაგრამ გაძვირების ტენდენცია მაინც შეინიშნება. მაგალითად, წინა წელთან შედარებით უკვე გაზრდილია იმ ავტომობილების თვითღირებულება, (თუნდაც ჰიბრიდული ავტომობილების) რომლებზეც დიდი მოთხოვნაა,“- აღნიშნა ურუშაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 4 მილიონი დოლარით გაიზარდა. გასულ თვეებში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 105 მილიონი დოლარი იყო, მაშინ როცა 2016 წლის იანვარ-მარტში იმპორტმა 101 მილიონი დოლარი შეადგინა.

ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი კი საქართველოში გაოთხმაგებულია. ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. სულ 2016 წელს იმპორტირებულია 34 ელექტრომობილი.

კვლევის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში ავტომანქანების იმპორტი 4,7%-ით გაიზარდა. იმპორტირებული ავტომანქანების 18% დიზელის ძრავიანია, 0,8% – აირზე მომუშავე, ჰიბრიდების იმპორტმა 4-ჯერ მოიმატა და მთელი იმპორტის 5,7% შეადგინა.

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტმა მთელი იმპორტის 38,9% შეადგინა.

იმპორტიორ ქვეყნებში იაპონიაა ლიდერია და მისი წილი 2016 წელს ავტომობილების იმპორტიორებში 45%-ით განისაზღვრა. იმპორტიორებს შორისაა აშშ, გერმანია, ჰოლანდია, რუსეთი, ბელგია.

საქართველოში ავტოპარკი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად იზრდება, 2016 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 1 126 470 ავტომობილია რეგისტრირებული, რაც 8%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს, 2014 წელთან შედარებით კი ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით არის გაზრდილი.

კონსტანტინე პირველი

Share