Home » მსოფლიო » ავსტრიის კანცლერი თანამდებობიდან გადადგა

ავსტრიის კანცლერი თანამდებობიდან გადადგა

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი მის წინააღმდეგ დაწყებული ანტიკორუფციული გამოძიების გამო თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა – The Guardian ავრცელებს.

კურცმა შემცვლელად საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე შალენბერგი დაასახელა, თავად კი ავსტრიის „სახალხო პარტიის“ საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი გახდება.

35 წლის დიპლომატმა პოსტის დატოვება ქვეყანაში გამოწვეული სამთავრობო კრიზისის განსამუხტად გადაწყვიტა, რომელიც პროკურორების მიერ მისი კორუფციული გამოძიებების სამიზნედ გამოცხადებას მოჰყვა.

კურცი და კიდევ 9 პირი ნდობის ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაში არიან ეჭვმიტანილნი. საქმე ეხება ბრალდებებს, რომ მათ ტაბლოიდური გაზეთის მიერ სასურველი ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის მთავრობის ფული კორუფციულ გარიგებაში გამოიყენეს.

კერძოდ, ბრალდებების თანახმად, 2016 წლიდან 2018 წლამდე „ფინანსთა სამინისტროს რესურსი გამოიყენებოდა ნაწილობრივ მანიპულირებული გამოკითხვის დასაფინანსებლად, რომელიც ემსახურებოდა პარტიულ პოლიტიკურ ინტერესებს“.

ipn.ge

Share