Home » მსოფლიო » ავსტრალიის პარლამენტმა ინტერნეტში მედიაბაზრის რეგულირების შესახებ კანონპროექტი მიიღო

ავსტრალიის პარლამენტმა ინტერნეტში მედიაბაზრის რეგულირების შესახებ კანონპროექტი მიიღო

ავსტრალიის პარლამენტმა ინტერნეტში მედიაბაზრის რეგულირების შესახებ კანონპროექტი მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სენატმა პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონის მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტი მას შემდეგ დაამტკიცა, რაც მასში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. კერძოდ, ავსტრალია ​ინტერნეტ-კორპორაციებსა და მედიას შორის კომერციულ შეთანხმებებს გაითვალისწინებს და ამ შეთანხმების გასაფორმებლად მხარეებს ორ თვეს მისცემს.

კანონი ჟურნალისტური მასალის გამოქვეყნების შემთხვევაში ინტერნეტ-პლატფორმებს მედიასაშუალებებისთვის თანხის გადახდას ავალდებულებს. მთავრობაში აცხადებენ, რომ ახალი კანონი იმის გარანტიაა, რომ მედია მის მიერ შექმნილი კონტენტისთვის სამართლიან ანაზღაურებას მიიღებს.

გასულ კვირას კანონპროექტმა Facebook-თან უთანხმოება გამოიწვია. კერძოდ, სოციალურმა ქსელმა ავსტრალიელებს ახალი ამბების გაზიარების ფუნქცია დაუბლოკა, თუმცა მას შემდეგ რაც ავსტრალიის მთავრობა კომპრომისზე წავიდა და კანონპროექტში ცვლილებები შეიტანა, აკრძალვა გაუქმდა.

Share