Home » ეკონომიკა » აუცილებელია იმპორტის ჩანაცვლებაზე ვიმუშაოთ, არის მეორე გამოსავლიც – ლარი გავუშვათ მცურავ რეჟიმში, გაგრძელდეს გაუფასურება – ლევან სურგულაძე

აუცილებელია იმპორტის ჩანაცვლებაზე ვიმუშაოთ, არის მეორე გამოსავლიც – ლარი გავუშვათ მცურავ რეჟიმში, გაგრძელდეს გაუფასურება – ლევან სურგულაძე

სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით, გასულ წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რომლებზეც 886 მლნ დოლარი გაყიდა. სებ-მა 2021 წლის პირველი სავალუტო აუქციონი უკვე ჩაატარა, რომელზეც 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 6 იანვარს 3.2998 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სებ-ი 2021 წლის განმავლობაშიც არერთხელ მიაწვდის ბაზარს დოლარს, განსაკუთრებით პირველ კვარტალში.

„2021 წელს, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობთ, რომ ვალუტის მიწოდება ბაზრისთვის როგორც მინიმუმ წლის პირველ ნახევარში დაგვჭირდება, თუმცა დღევანდელ პირობებში – გლობალური რეცესიის დროს, მაშინ როდესაც ბევრი რამ ხდება, ისინი ერთმანეთზე ახდენენ გავლენას და პროგნოზების გაკეთება რთულია“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ფინანსისტი ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში შესაძლოა პირდაპირი სავალუტო ინტერვენციების გამოყენება არ იყოს პროდუქტიული, რადგანაც ამ ნაბიჯით სებ-ი ვერ მოაგვარებს სისტემურ პრობლემას, რასაც შემცირებული შემომავალი სავალუტო ნაკადები წარმოადგენს.

„ინტერვენციებით ხდება მხოლოდ აჟიოტაჟური და ირაციონალური მოთხოვნის დაკმაყოფილება თუ ასეთი გაჩნდა, რომელსაც არ აქვს საფუძველი. რაც შეეხება გრძელვადიან ტრენდს, რომელიც წელსაც გრძელდება ანუ ჩვენ გვაქვს სისტემური პრობლემა – საქართველოს ეკონომიკა გამოიმუშავებს უფრო ნაკლებ დოლარს და ხარჯავს უფრო მეტს. პრობლემა სწორედ ეს არის.

ახლა შემომავალი სავალუტო ნაკადები არის ნაკლები, ვიდრე გამსვლელი ნაკადები და ეროვნული ბანკი ამ დეფიციტს საკუთარი რეზერვებიდან აფინანსებს. დავუშვათ ჩვენი ვალუტა არის დოლარი. დღეს ჩვენი ხარჯები არის იმაზე მეტი ვიდრე შემოსავალი, ამისთვის კი ეს სხვაობა ვინმემ უნდა დააფინანსოს, დღეს ამას ეროვნული ბანკი აკეთებს. ასე რომ სისტემურ პრობლემასთან ინტერვენციებით ბრძოლა პრაქტიკულად გადაყრილი ფულია. სებ-ი აფინანსებს ჩვენს უარყოფით სავაჭრო დეფიციტს. მცურავი კურსის მთარავი არსი არის ის, რომ დადგეს იმ ნიშნულზე, როდესაც იმპორტი გახდება იმ ზომის, რისი სავალუტო საშუალებებიც აქვს ეკონომიკას. სებ-ის ინტერვენციები, რომელიც წელსაც გრძელდება მცურავი კურსის პრინციპის საწინააღმდეგოა და არ მიმაჩნია სწორ ნაბიჯად,”- აცხადებს ლევან სურგულაძე.

სისტემური პრობლემის მოგვარებას კი ლევან სურგულაძე ქვეყნის წარმოების შესაძლებლობების გაზრდაში ხედავს, რათა დაიწყოს იმ პროდუქტების წარმოება, რომლებიც ქვეყანაში ამჟამად იმპორტის სახით შემოდის. მეორე ალტერნატივად კი ლევან სურგულაძე ასახელებს ლარის რეალურ ცურვით რეჟიმში გაშვებას და ვალუტისთვის გაუფასურების შესაძლებლობის მიცემას, რაც თავის მხრივ მომავალში იმპორტის შემცირებულ მოცულობებში აისახება.

„აუცილებელია იმპორტის ჩანაცვლებაზე ვიმუშაოთ, იქნება ეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია თუ სხვა დასახელების პროდუქტები, რათა შეძლებისდაგვარად ჩანაცვლდეს იმპორტი. არის მეორე გამოსავლიც, ლარი გავუშვათ მცურავ რეჟიმში და ცოტა ხანი ნუ შევეხებით, გაგრძელდეს გაუფასურება. რადგან ადამიანების შემოსავალი ლარებში არის ნომინირებული გაზრდილი კურსის შემთხვევაში მათ ექნებათ ნაკლები შესაძლებლობა იყიდონ დოლარი. შესაბამისად, შემცირდება იმპორტიც. იმპორტის კლებიდან გამომდინარე ჩვენი უარყოფითი სავაჭრო სალდო გაუმჯობესდება,“- აცხადებს ლევან სურგულაძე.

წყარო: commersant.ge

Share