Home » ეკონომიკა » „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ დაემატება

„აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ დაემატება

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ დაემატება:

„კერძოდ, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, საქართველოში ეკონომიკაში სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება – გრანტი 1 მილიონი ლარის ოდენობით.

ახალი პროგრამის მთავარი მიზანი პირველ რიგში, იქნება დასაქმება და ადგილობრივი დასაქმებული კადრების მომზადება და გადამზადება, რადგან კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ერთ-ერთი პრობლემაა, რომელსაც უცხოელი ინვესტორები ასახელებენ“.

თანადაფინანსების ახალი შეთავაზება გავრცელდება ისეთ დარგებზე, რომელიც მიეკუთვნება გადამამუშავებელ ინდუსტრიას, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი შეიძლება შეიქმნას. ასევე შემდეგ დარგებზე: ელექტრონიკა, ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება, სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების წარმოება, მანქანათმშენებლობა და სხვა.

Share