Home » ბიზნესი » ათეულობით მილიონი ლარის ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე – რა შემოსავალი აქვს „ავერსის“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“
ათეულობით მილიონი ლარის ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსის“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ათეულობით მილიონი ლარის ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე – რა შემოსავალი აქვს „ავერსის“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე – ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.

კომპანიების მოგება/შემოსავლების ფონზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოში მედიკამენტების გაძვირებამ ბოლო რამდენიმე წელია შეუქცევადი ხასიათი მიიღო. წამლის ფასი იზრდება მაშინ, როდესაც უფასურდება ეროვნული ვალუტა, თუმცა, თითქმის არასდროს იაფდება მაშინ, როდესაც ლარი მყარდება. საგულისხმოა ისიც, რომ მედიკამენტები გაუფასურებული ლარის პირდაპირპროპორციულად არასდროს ძვირდება, მასზე ფასი უფრო მეტად იმატებს, ვიდრე ლარი უფასურდება. მაგალითად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა სულ რაღაც 11,2%-ით გაუფასურდა, მაშინ როდესაც წამლების დიდი ნაწილი თითქმის, 50%-ით გაძვირდა.

“ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2018 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია – „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური ანგარიშგებებიდან ირკვევა, სამივე კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება.

რაც შეეხება თითოეული კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს, „ბიზნესპრესნიუსი“ კომპანიათა კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას გაეცნო, რაც ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტაციაში მათი შვილობილი კომპანიების მაჩვენებლებიც არის შეტანილი.

კერძოდ, შპს „ავერსი-ფარმა ჯგუფის“ მოგება დაბეგვრამდე გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 32 806 000 ლარი; შემოსავალი კი ჯამში, 409 571 000 ლარი იყო. მათ შორის, კომპანიამ შემოსავლის სახით წინა წელს, პროდუქციის საცალო რეალიზაციიდან 248 261 000 ლარი; საბითუმო რეალიზაციიდან – 39 866 000 ლარი; სამედიცინო მომსახურებიდან კი 116 072 000 ლარი მიიღო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანია ფლობდა 411 077 000 ლარის აქტივებს.

შპს „ავერსი-ფარმა“ დაარსდა 1999 წლის 14 მაისს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის ფარმაცევტული პროდუქტებისა და პირადი ჰიგიენის ნივთების საცალო და საბითუმო ვაჭრობა. შპს „ავერსი-ფარმა“-ს შვილობილი კომპანიების მთავარი საქმიანობა კი სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდებას მოიცავს.

ცნობისთვის, შპს „ავერსი ფარმას“ ანგარიშგებაში შემდეგი შვილობილი კომპანიების მონაცემებია შეტანილი – შპს „ავერსი კლინიკა“, შპს „კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, სს სადაზღვევო კომპანია „ალფა“, შპს „მედ-ალფა“, შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა“ და შპს „მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკა“. ყველა ამ კომპანიაში „ავერსი ფარმა“ 100%-იანი წილის მფლობელია. ასევე კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში მოხვდა – შპს „მედკაპიტალი“ და შპს „ბრუფარმი-ჯორჯია“, სადაც „ავერსი“ 50-50%-იანი წილის მფლობელია.

რაც შეეხება შპს „პსპ ფარმა ჯგუფს“, ის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე 1994 წლიდან ოპერირებს. ანგარიშგების თანახმად, გასული წლის ბოლოს, კომპანია 323 457 000 ლარის მოცულობის აქტივებს ფლობდა; ამასთან, მისი წლიური ამონაგები 490 933 000 ლარი; საოპერაციო მოგება კი – 24 576 000 ლარი იყო. რაც შეეხება შემოსავლებს, „პსპ ფარმა ჯგუფის“ შემოსავალმა საცალო რეალიზაციიდან – 333 634 000 ლარი; საბითუმოდან – 125 232 000 ლარი; სამედიცინო მომსახურებიდან კი 31 111 000 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, კომპანიის ძირითადი საქმიანობა ფარმაცევტული პროდუქტებისა და პირადი ჰიგიენის ნივთების საცალო და საბითუმო ვაჭრობა; ხოლო, შვილობილი კომპანიების სამედიცინო მომსახურების მიწოდებაა. კომპანია წარმოადგენს ჯგუფის დედა კომპანიას და ფინანსურ ანგარიშგებაში კონსოლიდირებს შემდეგ შვილობილ კომპანიებს – შპს „ნიუ ჰოსპიტალს“; შპს „თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს“ და შპს „მედკაპიტალს“, რომლის 50%-საც ფლობს.

„ჯიპისის“ შემოსავალმა კი წინა წელს, ფარმაცევტული პროდუქტების გაყიდვებიდან – 518 578 000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ანგარიშგებაში კომპანიას ამ პროდუქტების თვითღირებულებაც აქვს მითითებული, რაც – 386 372 000 ლარი იყო. შესაბამისად გამოდის რომ, ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტებზე 132.206 მლნ ლარს შეადგენს. ამასთან, კომპანიის მოგება დაბეგვრამდე – 45 389 000 ლარი იყო.

ცნობისთვის, „ჯიპისი“ ბაზარზე სს „გეფას“ სახელით ოპერირებს. „ჯიპისიმ“ სახელი „გეფად“ 2017 წლის 2 თებერვალს გადაირქვა. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 5 მაისს განხორციელდა სს „გეფასა“ და სს „ეიბისი ფარმაციას“ (ფარმადეპო) შერწყმა, რის შედეგადაც „გეფა“ „ეიბისის“ სამართალმემკვიდრე გახდა.

სს „გეფას“ აქციონერებს რაც შეეხება, გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 67%-იან წილს სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“; 28%-ს – ენრიკო ბერიძე; ხოლო 5%-ს მიხეილ აბრამიძე ფლობდა.

თავის მხრივ, „გეფას“ მშობელ კომპანიას „ჯანდაცვის ჯგუფს“ ფლობდა „ბიჯეო ჯგუფი“, შესაბამისად, „გეფას“ საბოლოო მშობელი კომპანია 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სწორედ „ბიჯეოა“.

წყარო: BPN.GE

Share