Home » ახალი ამბები » აჭარაში ტურიზმის განვითარების პრიორიტეტები სულხან ღლონტმა არასამთავრობოებთან ერთად განიხილა
აჭარაში ტურიზმის განვითარების პრიორიტეტები სულხან ღლონტმა არასამთავრობოებთან ერთად განიხილა

აჭარაში ტურიზმის განვითარების პრიორიტეტები სულხან ღლონტმა არასამთავრობოებთან ერთად განიხილა

 

დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა რეგიონში ტურიზმის განვითარების პრიორიტეტები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე თავმჯდომარემ ყურადღება 2017 წელს დეპარტამენტში დაგეგმილ ახალ და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 2017 წლისთვის რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით რამდენიმე ახალ პროექტს იწყებს – ტურიზმის განვითარების სკოლა, გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელო, ტურიზმის სექტორის აღწერა და რეგიონის რეკლამირება უკვე 17 სამიზნე ქვეყანაში. აღნიშნული პროექტები საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს რეგიონის ცნობადობის გაზრდას, სერვისისა  და ანალიტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას. თუმცა პარალელურად გაგრძელდება ისეთი პროექტები, რომლებიც როგორც გამოცდილებამ აჩვენა წარმატებული იყო ტურიზის დარგის განვითარებისთვის. მათ რიცხვშია პროექტები „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების გამოვლენა „მაგნოლია 2017“-ზე, ასევე  ფრინველებისა და სოფლის ტურიზმის ფესტივალები.

„ჩვენი მთავარია პრიორიტეტია მაქსიმალურად გამოვიყენოთ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული რესურსები და აჭარა უახლოეს მომავალში გავხადოთ ტურისტებისთვის წლის ნებისმიერ დროს მიმზიდველი ტურისტული ადგილი. ჩვენი ყველა ახალი პროექტი  ეს იქნება ტურიზმის განვითარების სკოლა, ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა, გიდების გადამზადება თუ რეგიონის სამიზნე ბაზრების გაზრდა მიმართულია რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ, ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და აჭარაში ტურისტების მოზიდვისკენ,“ აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა მედიასთან საუბრისას.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას რეგიონში მოქმედი არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა დემოკრატიის ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

Share