Home » ბიზნესი » AstraZeneca-ს ვაქცინა საქართველოში კომერციულადაც შემოვა

AstraZeneca-ს ვაქცინა საქართველოში კომერციულადაც შემოვა

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინა კომერციული მიზნითაც შემოვა. სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომლებიც ვაქცინას კომერციული მიზნით შემოიტანენ. თავის მხრივ, რაოდენობებზე შეთანხმების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიები საკუთარ დაზღვეულებს ფასიან ვაქცინაციას შესთავაზებენ.

სადაზღვევო კომპანია Global Benefits Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნინა კობახიძემ ბიზნესფორმულას განუცხადა, რომ კომერციულ ვაქცინას 22 მარტიდან ელიან, ხოლო მიწოდება აპრილიდან დაიწყება.

“გვაქვს კომუნიკაცია იმ ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომლებიც მომავალში იქნებიან ვაქცინის შემომტანები. სწორედ მათთან კომუნიკაციაზე დაყრდნობით, შემიძლია გითხრათ, რომ ისინი ელოდებიან 22 მარტის კვირაში, AstraZeneca-ს ვაქცინას. იმისთვის, რომ გავიგოთ რა რაოდენობა სჭირდებათ ჩვენს დაზღვეულებს, უკვე დავიწყეთ კვლევა. მიზანია გავიგოთ ნებაყოფლობით რამდენი ადამიანი აიცრება. შემდგომ, კონკრეტული ფასის გადახდის სანაცვლოდ, ვაქცინას ჩვენს დაზღვეულებს შევთავაზებთ”, – თქვა ნინა კობახიძემ.

მისივე თქმით, მათ მიერ შეთავაზებული ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება იმ პირებისთვისაც, ვისაც კომპანია არ აზღვევს. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, კობახიძე განმარტავს, რომ კომპანიის მიერ მიწოდებული ვაქცინა თვითღირებულებას არ გადააჭარბებს.

“ფასი, სავარაუდოდ, არ იქნება თვითღირებულებაზე მაღალი, რადგან მოგებაზე არავინ არის ორიენტირებული. პირადად ჩვენი კომპანის თანამშრომლებისთვის ვაქცინაციას ჩვენ დავაფინანსებთ. მთავარია, მათი მხრიდან იყოს შესაბამისი სანდოობა და სურვილი ვაქცინა გაიკეთონ”,- აღნიშნა ნინა კობახიძემ.

ბიზნესფორმულა

Share