Home » საზოგადოება » აშშ რუსეთს საოკუპაციო ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს
აშშ რუსეთს საოკუპაციო ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

აშშ რუსეთს საოკუპაციო ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა დასავლეთში ისევ დღის წესრიგში დაბრუნდა”

აშშ შეშფოთებულია ოკუპირებულ “სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთში ე.წ. ბორდერიზაციითა და გამშვები პუნქტების დახურვის გამო და რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს რეგიონებიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს.

ვაშინგტონიდან სპეციალური განცხადებით საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ და ამ მხარდაჭერას სეპარატისტული ხელისუფლებების წარმომადგენელთა დიდი შეშფოთებაც მოჰყვა განცხადებებით, რომ აშშ-ის ამგვარი განცხადება რეგიონში ომისკენ მოწოდებას ნიშნავს.

“ექსპერტთა კლუბის” წევრის, კონფლიქტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, ბოლო 5 წელია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა აბსოლუტურად მკვდარი იყო, ახლა კი ვხედავთ, რომ ქართული დიპლომატია ნელ-ნელა გამოცოცხლებას იწყებს და შედეგადაც ნელ-ნელა მოიმატა მხარდამჭერმა განცხადებებმაც და აშშ-ის მხრიდან რუსეთის საწინააღმდეგო დოკუმენტებში უკრაინის გვერდით საქართველოს სახელიც გამოჩნდა. “შეიმჩნევა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა არის დღის წესრიგში. შეიძლება, ის პირველ და მეორე პლანზე არ დგას, როგორც ადრე, მაგრამ არის და აქტიურდება.

“ვისურვებდი, რომ იმდენად ღრმად იყოს წამოწეული, როგორც უკრაინის კრიზისია და ამ უკრაინის კრიზისთან მიბმაში იყოს ყველა ტრიბუნიდან გაჟღერებული. ჯერჯერობით, ასეთ გამოცოცხლებას ვერ ვხედავთ, თუმცა ჩვენი დიპლომატები მთლად მკვდრები რომ არ არიან, ეს გამოჩნდა”, – ამბობს ცქიტიშვილი.

აშშ-ის დეპარტამენტიდან მორიგი მხარდამჭერი განცხადება გუშინ გავრცელდა, სადაც ასევე ნათქვამია ის, რომ რუსეთმა აფხაზეთიდან და “სამხრეთ ოსეთიდან” თავისი შეიარაღებული ძალები უნდა გაიყვანოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად.

ამ მხარდამჭერი განცხადების გარდა პლუს ასევე საუბარია იმაზე, რომ აშშ საქართველოს სამხედრო სფეროში ტექნიკური აღჭურვილობითა და წვრთნებითაც დაეხმარება.

როგორც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, 2018 წლიდან აშშ-ის მხარდაჭერის ფარგლებში 9 ბატალიონის გაწვრთნა მოხდება.

მინისტრის თქმით, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ეს განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულებაა და მას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ უმნიშვნელოვანესია, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ვისმენთ რუსეთისადმი მკაფიო მინიშნებას, შეწყვიტოს აგრესიული პოლიტიკა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ჯარი გაიყვანოს და პლუს, მხარდაჭერას ვხედავთ არა მარტო განცხადებების დონეზე, ასევე კონგრესში საკანონმდებლო დონეზე მიღებულია არაერთი გადაწყვეტილება და აქტი, როგორიც არის ბიუჯეტიდან თანხის მოჭრა ყველა იმ აქტორისთვის, რომელიც რამენაირად მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას.

ასევე, აშშ-ის სანქცია რუსეთის წინააღმდეგ სწორედ იმიტომ ხორციელდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გახლავთ მიუღებელი.

მისივე განცხადებით, “გადაუჭრელი კონფლიქტი გახლავთ არასტაბილურობის ფაქტორი, გადაუჭრელი კონფლიქტი გახლავთ რუსეთისთვის მთავარი ბერკეტი, როგორც სამეზობლოში, ასევე მის მიღმა, ამიტომ აუცილებელია, აღქმული იქნეს ამ პრობლემის მასშტაბები”.

აშშ-ის მხრიდან რუსეთისადმი უკვე მერამდენე მოთხოვნას საოკუპაციო ჯარების გაყვანაზე მალევე გამოეხმაურნენ ოკუპირებულ ცხინვალში. ოსური მხარე საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდამჭერ განცხადებაში საფრთხეს ხედავს.

“სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი იგორ კოჩაევი უკმაყოფილოდ აცხადებს, რომ “აშშ-ს უკვე მეცხრე წელია, არ სურს სამხრეთ კავკასიაში არსებული რეალიების დანახვა და რეგიონში მხოლოდ საქართველოს ინტერესებს ლობირებს”.

“აშშ ამით აჩვენებს, რომ მათთვის პრიორიტეტს წარმოადგენს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მოტივები. რუსული ჯარები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ერთადერთი ფაქტორია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას უზრუნველყოფს და მათი გაყვანის მოთხოვნა ნიშნავს რეგიონში ომისკენ მოწოდებას.

“ამერიკის მთავრობის ეს მორიგი განცხადება არ ითვალისწინებს არც სამხრეთ ოსეთის, არც აფხაზეთის და არც თავად საქართველოს მოსახლეობის აზრს”, – აცხადებს კოჩაევი.

“ექსპერტთა კლუბის” წევრის, კონფლიქტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილის შეფასებით, რა თქმა უნდა, დიპლომატიურ განცხადებებს ზოგადად პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-მა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აპირებს ამ პოლიტიკის გადახედვას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი პრაქტიკული მხარე კონკრეტული საქმეებია.

“ეს არის მორიგი დიპლომატიური განცხადება, რომელიც ჩვეულებრივ მოსდევს ხოლმე აშშ-საქართველოს დელეგაციების ნებისმიერ მასშტაბურ შეხვედრას. ახლაც ვაშინგტონში იყო შეხვედრა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში და ამის შემდეგ გაკეთდა ერთობლივი განცხადება.

“ზოგადად, ყოველთვის სჯობს, შევაფასოთ არა განცხადებები, არამედ საქმეები. აშშ-ის მხრიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით ეს არის არაღიარების პოლიტიკა.

“სერიოზული ქმედება იყო ის, როდესაც დაფინანსება შეუწყდება იმ ქვეყნებს, რომლებიც რამე ფორმით აღიარებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. თუმცა ამ ეტაპზე არ ვიცით, ვის როგორ და რამდენად შეეხო ეს”, – მიიჩნევს ექსპერტი.

მისი თქმით, “არასოდეს არც ერთი სახელმწიფო არ გააკეთებს აქცენტს ქართულ პრობლემაზე, თუ ამაზე თავად საქართველოს მხრიდან არ მოხდება გააქტიურება და როგორც ჩანს, ქართულმა დიპლომატიამ ნელ-ნელა გამოცოცხლება დაიწყო.

“არც აშშ შეიწუხებს თავს ზედმეტი განცხადებებისგან და ჩვენ გვახსოვს, ძალიან გრძელი პერიოდი გვქონდა, დაახლოებით 5-წლიანი პერიოდი, როდესაც საგარეო პოლიტიკა აბსოლუტურად მკვდარი იყო. ახლა შეიმჩნევა გარკვეული გააქტიურება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა დასავლეთში ისევ დღის წესრიგში დაბრუნდა”, – დასძენს ცქიტიშვილი.

ფრაზა: “ძალიან გრძელი პერიოდი გვქონდა, დაახლოებით 5-წლიანი პერიოდი, როდესაც საგარეო პოლიტიკა აბსოლუტურად მკვდარი იყო”

ეკატერინე ბასილაია

წყარო: გაზეთი “რეზონანსი”

Share