Home » საზოგადოება » აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში არ იმოგზაურონ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში არ იმოგზაურონ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს განცხადებში აღნიშნულია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) საქართველოსთვის მე-4 დონის სამოგზაურო ცნობა გამოსცა, რაც მიუთითებს ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების ძალიან მაღალ დონეზე.

გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, არ იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში აღნიშნულ ტერიტორიებზე დანაშაულის ჩადენის, სამოქალაქო არეულობისა და ნაღმების არსებობის რისკის გამო.

„რუსეთის ჯარები და მესაზღვრეები როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე აფხაზეთის ოკუპაციას ახდენენ. ძნელია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ზუსტი განლაგების განსაზღვრა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა გამოიწვევს თქვენს დაკავებას, დაპატიმრებას და/ან დაჯარიმებას.

აღნიშნულ ტერიტორიებზე ძალადობრივი თავდასხმები და კრიმინალური ინციდენტები ხდება. ნაღმები საფრთხეს უქმნის მოგზაურებს ორივე ტერიტორიის სასაზღვრო ხაზებთან ახლოს.

აშშ-ის მთავრობა ვერ ახერხებს საგანგებო მომსახურების გაწევას აშშ-ის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ვინაიდან აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებისთვის იქ მოგზაურობა აკრძალულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

Share