Home » მსოფლიო » აშშ ჩინეთთან კონკურენციის დასაძლევად 200 მილიარდზე მეტს დახარჯავს

აშშ ჩინეთთან კონკურენციის დასაძლევად 200 მილიარდზე მეტს დახარჯავს

აშშ-ის სენატში ჩინეთთან კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ მიმართული კანონპროექტი დაამტკიცეს. პროექტი ითვალისწინებს 190 მილიარდი დოლარის გამოყოფას, რომელიც ტექნოლოგიების სფეროს განვითარებასა და კვლევებზე დაიხარჯება.

ამას გარდა, 54 მილიარდი დოლარი გამოყოფილია სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის განვითარებაზე. მათ შორის ორი მილიარდი დოლარი ჩიპების განვითარებაზე, რომლებსაც ავტომობილების წარმოებაში იყენებენ.

„თუ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ, მაშინ ჩვენ დომინანტი სუპერ სახელმწიფო აღარ ვიქნებით“ – განაცხადა დემოკრატების ლიდერმა სენატში ჩაკ შუმერმა.

კანონპროექტის მიღებას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიესალმა.

„ჩვენ ვერ გავრისკავთ და სხვებს ვერ ჩამოვრჩებით, ვიდრე სხვები აგრძელებენ კვლევებსა და განვითარებაში ინვესტიციების დაბანდებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახლა სენატის მერ მიღებული დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატაში უნდა დაამტკიცონ.

1tv.ge

Share