Home » ფინანსები » „არსებობს ინფორმაცია, რომ კომპანიები ზოგიერთ წამალს 300-400%-იან ფასნამატს ადებენ – ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მსგავსი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება“

„არსებობს ინფორმაცია, რომ კომპანიები ზოგიერთ წამალს 300-400%-იან ფასნამატს ადებენ – ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მსგავსი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება“

„ჩვენს მოსახლეობას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია აწუხებს. ქვეყანაში წამლების ფასები ძალიანაა გაზრდილი. ყველა სტატისტიკა ამაზე მეტყველებს და ყველა უკიდურესადაა ამის გამო შეწუხებული და შეშფოთებული. უკვე არაერთხელ ვესაუბრე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს, რომელიც აღნიშნულ ანგარიშზე მუშაობს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სააგენტო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს უახლოეს დღეებში წარმოადგენს.

„მინდა, ჯანდაცვის მინისტრს დავავალო, მასთან მჭიდრო კომუნიკაციაში იყოს და საზოგადოებას დროულად წარუდგინოს არსებული ვითარების ანალიზი და შემდეგ, რეალურად, გამოსავლის გზები დავსახოთ.

არ მინდა, წინასწარი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ კომპანიები ზოგიერთ წამალს 300-400%-იან ფასნამატს ადებენ.

ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მსგავსი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ უმოკლეს დროში, რადგან ეს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Share