Home » ეკონომიკა » არის თუ არა მოსალოდნელი პურის გაძვირება
არის თუ არა მოსალოდნელი პურის გაძვირება

არის თუ არა მოსალოდნელი პურის გაძვირება

პროდუქტების მასობრივი გაძვირების პროცესი სავარაუდოდ პურის ფასის ზრდით დასრულდება. პროცესი უკვე დაწყებულია. მეპურეები ამტკიცებენ, რომ ხარჯს ვეღარ უმკლავდებიან.

პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, საქართველოში პურის ფასის ზრდაა მოსალოდნელი.  ქვეყანაში ამის სიმპტომები უკვე შეინიშნება, საცხობების ნაწილმა სარეალიზაციოდ გატანილი პროდუქტის ღირებულება გაზარდა. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ლარის კურსის დევალვაიცას უკავშირდება, რომელიც აგვისტოში მოულოდნელად ისევ გრძელდება.

სწორედ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო პურის ძირითადი ნედლეულის – ფქვილის – ფასმა საგრძნობლად მოიმატა. ამჟამად 1 ტამარა 44 ლარი ღირს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მაისში 37 ლარი ღირდა. ფქვილის გაძვირება ვერ დააბალანსა ვერც მსოფლიო ბაზარზე არსებულმა გაიაფების ტენდენციამ და ვერც ადგილობრივმა უხვმა მოსავალმა.

“არის ვერსია, რომ სურთ ხელი შეუწყონ ადგილობროივ წარმოებას. მეც მხარს ვუჭერ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის ღონისძიებებს, მაგრამ არა იმ მეთოდით, რომ ეს ჩვენი და მოსახლეობის ხარჯზე მოხდეს”, – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს რამდენით ან როდიდან გაიზრდება პურზე ფასი მასობრივად, თუმცა ამბობს, რომ პროცესი ბაზარზე დაწყებულია. მაგალითად, თელავსა და ქუთაისში უკვე შეინიშნება გაძვირება.

სექტემბრიდან პურზე ფასის 10 თეთრამდე გაზრდას ვარაუდობს კომპანია “იფქლის” გენერალური დირექტორი შაქრო ბაკურაძე.

“სამწუხაროდ, პურის ფასს ვერ შევინარჩუნებთ. სექტემბრამდე თუ მოვახერხებთ დიდი საქმე იქნება. თუკი ფქვილის ფასი არ დარეგულირდა და დარჩება ის რაც არის დღეს, პურს აუცილებლად ფასი მოემატება. დაახლოებით 10 თეთრით გაძვირდება.

ამის მიზეზი არის ის, რომ 10 ივნისიდან დღემდე ერთი ტომარა ფქვილის ფასი გაიზარდა 37 ლარიდან 44 ლარამდე. ეს არის ძალიან ბევრი. გავლენას იქონიებს დენის ტერიფის მატებაც. ამას ემატება ლარის გაუფასურებაც. თუკი ასე გაგრძელდება, რა მოყვება ამ ყველაფერს არ ვიცი”, – აღნიშნა შაქრო ბაკურაძემ.

მალხაზ დოლიძე კი დასძენს, რომ თუ მთავრობისგან კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა, პურის გაძვირება გარდაუვალია.

“პატარა საცხობებში ცოტა-ცოტა მოუმატეს. ზოგმა წონის კორექტირება მოახდინა, ნაწილმა – ფასის. მაგალითად, მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ თონეში წონაში აკლებენ და თონის პური 300 გრამი გახადეს, თემქაზე თონეში 5 თეთრით მოუმატეს პურს.  ასეთი წვრილ-წვრილი შემთხვევები არის. ჩვენ ვიყავით სამინისტროში, ეს ამბავი მოვახსენეთ და ვთხოვეთ რაღაც რეზერვის გამოყოფას. ველოდებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

ჩვენ გვინდა, რომ, საბაზრო ეკონომიკაში იქნეს კონკურენცია, რომ მონოპოლისტობა არ იყოს და ფასები დარეგულირდეს. სექტემბრამდე ყველა ვცდილობთ ფასის დაჭერას. თუკი ფქვილზე ღირებულება იგივე იქნება და დენის ტარიფზეც ფასი მოიმატებს, რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს პროდუქციის თვითღირებულებაზე და 10 თეთრამდე გაძვირდება”, – აღნიშნავს დოლიძე

მას იმედი აქვს, რომ ეკონომიკური გუნდი რამეს მოიმოქმედებს.ჯერჯერობით კი ამ პროცესებში სახელმწიფო არ არის ჩართული და ყველაფერს ბაზარი თავად არეგულირებს.

“ხორბალი, რომელიც საქართველოში, ფოთიდან თბილისამდე უნდა შემოვიდეს, 25 დოლარი ღირს 1 ტონა. წარმოგიდგენიათ, ეს რა ოდენობის ხარჯთან არის დაკავშირებული? ამას ემატება ცხობისთვის საჭირო სხვა რესურსების დანახარჯებიც, მათ შორის წყალიც, რომლის ღირებულებაც მეწარმეებისათვის ბევრად მეტია, ვიდრე მოქალაქეებისთვის.

თბილისში ათასზე მეტი საცხობია. მე ყველას მაგივრად ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ ამ პროდუქტის დამზადება, თვითღირებულება ძვირდება, შესაბამისად, გაძვირდება სარეალიზაციოდ გატანილი მზა პროდუქტიც”, – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

წყარო

Share