Home » ფინანსები » არის თუ არა ეროვნული ვალუტა სპეკულაციური გარიგებების მსხვერპლი
არის თუ არა ეროვნული ვალუტა სპეკულაციური გარიგებების მსხვერპლი

არის თუ არა ეროვნული ვალუტა სპეკულაციური გარიგებების მსხვერპლი

გასულ კვირას ეროვნული ვალუტა კვლავ ყურადღების ქვეშ მოექცა. როცა ლარის კურსი დოლართან მიმართებით ბოლო 6 თვის განმავლობაში პირველად ჩამოსცდა 2.4-ან ნიშნულს და 2.39-ანი ნიშნული დააფიქსირა, საზოგადოებაში პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა და მის კიდევ უფრო მეტად გამყარებას მოელოდნენ.

შესაბამისი მოლოდინების საფუძველს ის პოზიტიური ეკონომიკური შედეგები იძლეოდა, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია – გაზრდილი ექსპორტი, გაზრდილი ფულადი გზავნილების მოცულობა, გაზრდილი ტურისტული ნაკადი, ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება.

გამყარების პოზიტიური მოლოდინი ეკონომიკაში ფულის მიმოქცევის შემცირების კიდევ ერთი განმაპირობებელი ფაქტორის, მთავრობის მხრიდან ფასიანი ქაღალდების გაყიდვის გამოც გამომდინარეობდა.

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე აპრილის თვეში ეტაპობრივად 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების და 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეს პროცესი, მთავრობის დაკრედიტების გარდა მიმოქცევაში არსებული ლარის მოცულობის შემცირებისკენაცაა მიმართული.

პარალელურად, ეროვნულმა ბანკმა ბოლო პერიოდში სავალუტო შესყიდვები განახორციელა, რომლის შედეგადაც, მიმოქცევიდან ჯამში 19 მილიონ 730 ათასი დოლარი იქნა ამოღებული.
გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ლარი-დოლართან მიმართებაში 2.5 ნიშნულზეა დაგეგმილი, სასურველია, რომ წლის ბოლომდე კურსმა მნიშვნელოვანი მერყეობები არ განიცადოს. ასევე, საზოგადოებაში სტაბილურობის განცდა არსებობდეს, რაც ლარის მიმართ ნდობის გაძლიერების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია.

შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 2.4416 ლარი ეღირება.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით გაიანგარიშება. ეკონომისტთა და ფინანსისტთა მხრიდან ლარის კურსის გაუფასურება-გამყარების მიმართ ხშირად ისმის კომერიციულ ბანკებს შორის სპეკულაციური გარიგებების არსებობის შესახებ. ასევე არსებობს მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგება უცხოურ ვალუტაზე ეკონომიკის მოთხოვნა-მიწოდებას ადეკვატურად არ ასახავს. ეს თემა ახალი არ არის და ამაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს.

განსაკუთრებით მწვავედ იდგა ეს თემა ეროვნული ბანკის წინა პრეზიდენტის ხელმძღვანელობის პერიოდში. მაშინ ეროვნულმა ბანკმა არაფერი მოიმოქმედა კურსის დასაჭერად, სიტუაცია არ განიმუხტა, შესაბამისად, იზარალეს მოქალაქეებმა და იზარალა ეკონომიკამ.

გასულ კვირას ამ თემამ კვლავ ჰპოვა გაგრძელება, რაც ლარის კურსის მერყეობის სამ დღიან ტენდენციაზე დაკვირვების შედეგად დადგა დღის წესრიგში. როდესაც ფუნდამენტური საფუძვლები არ არსებობს, მოკლევადიან პერიოდში კურსის მკვეთრი მერყეობა ყოველთვის აჩენს სპეკულაციური გარიგებების ეჭვებს. ასე მაგალითად, 25 აპრილს კომერციულ ბანკებში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,46 – 2,48 ლარს შორის მერყეობდა. ოფიციალური კურსის მიხედვით კი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გუშინ დაადგინა, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.41 ლარია.

ასევე, 24 აპრილს( გასულ ორშაბათს), როდესაც საღამოს ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.37 ლარი ღირდა, ხოლო ოთხშაბათს 2.5 ლარი სავალუტო ჯიხურებში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ უფრო მეტად სპეკულაციასთან გვაქვს საქმე, ვიდრე ფუნდამენტურ პროცესებთან.

როგორც ვხედავთ, სხვაობა ოფიციალურ კურსსა და კომერციულ კურსს შორის საგრძნობლად დიდია, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს ეჭვებს მცურავი კურსის თავისუფალ რეჟიმში ცურვასა და კომერციული ბანკებს შორის სპეკულაციური გარიგებების არსებობაზე.

შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რაში სჭირდებათ ბანკებს ლარის შესუსტება და ამით მოსახლეობის მსყიდველთუნარიანობის შემცირება? კომერციული ბანკები ხომ ეკონომიკის ლოკომოტივები არიან და ბიზნესის დაკრედიტების ერთ-ერთი ძირითადი ინსტიტუცია. პასუხი მარტივია, სპეკულაციური გარიგება ბიზნესში ყველაზე მომგებიანი. რაც უფრო მაღალია სპეკულაციური რისკი, მით უფრო მაღალია მოსალოდნელი მოგებაც.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share