Home » საზოგადოება » არგუმენტი, თითქოს პენსიონერს სხვა ბანკში სესხს არ აძლევენ, არასწორია – პაატა ბაირახტარი

არგუმენტი, თითქოს პენსიონერს სხვა ბანკში სესხს არ აძლევენ, არასწორია – პაატა ბაირახტარი

„არგუმენტი, თითქოს პენსიონერს სხვა ბანკში სესხს არ აძლევენ, არასწორია“, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტმა, ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა სოციალურ ქსელში დაწერა.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები თუ ცალკეული პოლიტიკოსები აქტიურად საუბრობენ საპენსიო სესხზე და მის საპროცენტო განაკვეთზე. გულწრფელად მინდა, ეს პროცესი წინასაარჩვენო კამპანიასა და სამიზნე ჯგუფების გულის მოგების მცდელობას არ დავუკავშირო. თუმცა, მთელი რიგი პოლიტიკოსების ბუნდოვანი და რიგ შემთხვევაში არაკომპეტენტური განცხადებები, ამის საშუალებას არ იძლევა.

გავეცანი გიორგი ვაშაძის პოზიციას საპენსიო სესხებთან დაკავშირებით და პირდაპირ ვიტყვი, გავოცდი იმ დაუზუსტებელი და ბუნდოვანი ხედვით, რაც საკითხის გარშემო პოლიტიკოსმა მის მიერ მიცემულ ინტერვიუში წარმოადგინა. ჩემი დაკვირვებით, ვაშაძეზე მეტად გააზრებული და რაციონალური პოზიცია არც საკითხზე მოსაუბრე სხვა პოლიტიკოსებს გააჩნიათ. ვეცდები, მკაფიოდ განვმარტო და გავაანალიზო ის მთელი რიგი უზუსტობები, რაც პოლიტიკოსებს ახასიათებთ, როცა საპენსიო სესხზე საუბრობენ.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ თითქოს პენსიონერს პენსიის აღება, „ლიბერთი“ ბანკის გარდა სხვა ბანკში არ შეუძლია – ტყუილია. უფრო კონკრეტულად ეს ასე ხდება – პენსიონერი წერს განცხადებას „ლიბერთიში“, რომ უნდა მისი პენსია ყოველთვიურად, ჩარიცხვის დღესვე გადაირიცხოს, X ბანკში არსებულ მის ანგარიშზე. ამ სურვილს „ლიბერთი ბანკი“ მას უკმაყოფილებს და პენსიონერიც პენსიას იღებს  X ბანკში. შემდეგ, თუ მას სურვილი აქვს ისარგებლოს სამომხმარებლო სესხით და შემოსავლის წყაროდ ბანკს წარუდგინოს ყოველთვიური პენსია, ის ასეც იქცევა. აი ამის შემდეგ, რა პასუხს გასცემს მას X ბანკი, ეს მხოლოდ პენსიონერისა და ბანკის, როგორც მსესხებლისა და გამსესხებლის ურთიერთობის საქმეა.

ასე რომ, არგუმენტი, თითქოს პენსიონერს სხვა ბანკში სესხს არ აძლევენ, რადგან მას იქ არ ერიცხება პენსია, არ არის სწორი. აღარაფერს ვამბობ იმ თეორიულ სქემაზე, რომლის საფუძველზეც პოლიტიკოსები საპენსიო სესხების გაიაფებას პროგნოზირებენ. მათი სქემა ასეთია, როცა პენსიონერი არ იქნება შეზღუდული, თუ რომელ ბანკში ჩაერიცხება პენსია, ეს გაზრდის კონკურენციას და პროდუქტის ფასსაც შეამცირებს. მაგრამ საქმეც ის არის, რომ როგორც ზემოთ ვთქვი, პენსიონერები არც დღეს არიან ამაში შეზღუდულნი.  ან, თუ  დავუშვებთ, რომ სხვა ბანკში აიღებენ პენსიონერები პენსიას, გგონიათ 31%-ზე დაბალი იქნება? – არა, ვერ და არ იქნება და თუ რატომ, თუ გამოეხმაურება ჩემს ამ პოსტს ბატონი გიორგი, შემდეგ, „მეორე სერიაში“ ავუხსნი.

იმაზე ხომ აღარც ღირს საუბარი, რომ პოლიტიკოსებს საერთოდ არ აინტერესებთ ის ფაქტი, რომ იგივე ტიპის პროდუქტი ( სამომხმარებლო უგირავნო სესხი) სხვა კომერციულ ბანკებშიც ან „ლიბერთის“ იდენტურია ან მნიშვნელოვნად აღემატება „ლიბერთის“ პროცენტს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სესხების გაიაფების ვაშაძის მიერ შემოთავაზებული ეს თეორიული მექანიზმი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. თუმცა, ბატონი გიორგი თავის განცხადებაში უფრო შორსაც წავიდა, როცა საზოგადოებას, პრაქტიკულად, დაპირდა, რომ  აღნიშნული სესხები, იმაზე მეტად გაიაფდება, ვიდრე ეს ცენტრალური ბანკის საბაზრო საპროცენტო განაკვეთშია განსაზღვრული. (საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1000 ლარამდე სესხის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, უგირავნო სესხებზე ქართულ კომერციულ ბანკებში საშუალოდ 26.8%-ს შეადგენს.)

პ.ს. პოპულიზმით საქმე არ კეთდება…”, – წერს ბაირახტარი.

Share