Home » საზოგადოება » არჩვაძე: ქვეყანაში რეალურად უკვე დაწყებულია კრიზისის დაძლევისა და მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესი

არჩვაძე: ქვეყანაში რეალურად უკვე დაწყებულია კრიზისის დაძლევისა და მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესი

საქართველოს საგარეო ვაჭრობის 2021 წლის თებერვლის მონაცემებმა, ფაქტობრივად, დააფიქსირა ქვეყანაში ეკონომიკური აქტიურობის ზრდა და მისი გაჯანსაღების ნიშნები. ცვლილებები განსაკუთრებით თვალშისაცემია წინა, იანვრის თვესთან შედარებით.

2021 წლის თებერვალში საქართველოს ექსპორტმა 270.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვის იანვრის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად, 20.5%-ით, ხოლო გასული წლის თებერვლის მაჩვენებელს 2.9%-ით აღემატება.

ექსპორტის ასეთი მკვეთრი ზრდა თებერვალში იანვართან შედარებით, 2016 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ საქსტატის მიერ საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემების კომენტირებისას.

ექსპერტის განცხადებით, თებერვლის საშუალო სადღეღამისო ექსპორტის სიდიდე (9.654 მლნ. აშშ დოლარი) ასევე საგრძნობლად – 5.4 პროცენტით აღემატება მთელი 2020 წლის საშუალო სადღეღამისო ექსპერტის მაჩვენებელს (9.156 მლნ. აშშ დოლარი).

მისი თქმით, 2021 წლის თებერვალში იმპორტი, მართალია, შემცირდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (12.2%-ით), მაგრამ იგი მაინც საგრძნობლად – 14.2 პროცენტით – აღემატება იანვრის თვის მაჩვენებელს (შესაბამისად, $618.2 მლნ. და $541.1 მლნ.).

„ექსპორტ-იმპორტის ასეთი ასიმეტრიული ცვლილების გამო საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2021 წლის თებერვალში წინა წლის თებერვალთან შედარებით 21.2 პროცენტით (93.6 მლნ. აშშ დოლარით) შემცირდა. 2021 წლის თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვის სალდოს მაჩვენებლის თანაფარდობა საგარეო სავაჭრო ბრუნვასთან 6.5 პუნქტით უკეთესი იყო წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით (შესაბამისად, -39.5% და -45.7%)“, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, როგორც წესი, ექსპორტის ზრდა სამეწარმეო აქტიურობის ზრდას ეფუძნება.

„შესაბამისად, საგარეო ვაჭრობის სალდოს (წმინდა ექსპორტის მაჩვენებლის) გაუმჯობესება პირდაპირ აისახება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებლის – მთლიანი შიდა პროდუქტის – სიდიდესა და დინამიკაში. ამ მხრივ, საქართველოს 2021 წლის თებერვალში იანვართან შედარებით მშპ-ის სიდიდეს – როგორც აბსოლუტურად, ისე შეფარდებით – გაცილებით უკეთესი პარამეტრები უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, ფაქტობრივად უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქვეყანაში რეალურად უკვე დაწყებულია კრიზისის დაძლევისა და მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესი“, – აღნიშნა არჩვაძემ.​

Share