Home » ეკონომიკა » არჩილ მესტვირიშვილი: მონეტარული პოლიტიკა, შესაძლოა, კიდევ გავამკაცროთ

არჩილ მესტვირიშვილი: მონეტარული პოლიტიკა, შესაძლოა, კიდევ გავამკაცროთ

“მონეტარული პოლიტიკა, შესაძლოა, კიდევ გავამკაცროთ”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

მისი თქმით, წელს ეროვნული ბანკი გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს, თუმცა მეტი გამკაცრებაც მოსალოდნელია.

“ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა მონეტარული პოლიტიკის კუთხით და ზოგადად, არის მაღალი ინფლაცია. მაღალი ინფლაცია ძირითადად გამოწვეულია გარე ფაქტორებიდან. მსოფლიოში ყველგან არის მაღალი ინფლაციის გამოწვევა და ეს გადმოეცემა ადგილობრივ ინფლაციას. თუ ერთობლივი მოთხოვნა წინა პერიოდებში იყო ინფლაციის შემცირებისკენ მიმართული, უკვე 2021 წელს, რადგან გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა გვაქვს, ერთობლივი მოთხოვნა აღარ ამცირებს არსებულ ინფლაციას.

შესაბამისად ეროვნული ბანკის პასუხია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. არსებული ინფორმაციით, ჩვენ მოგვიწევს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება. შეიძლება მეტი გამკაცრებაც მოგვიწიოს. პროგნოზია, რომ მომავალი წლის მეორე ნახევრიდან ჩვენ ნელ-ნელა დავიწყებთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას.

გამკაცრებულ პოლიტიკას ჩვენ მაინც შევინარჩუნებთ, თუმცა საპროცენტო განაკვეთებს ნელ-ნელა შევამცირებთ. როდესაც ჩვენ გვაქვს ძლიერი კერძო სექტორი და არ გვაქვს ფისკალური სტიმულირების საჭიროება, სწორი პოლიტიკის ნაზავი იქნებოდა ფისკალური კონსოლიდაცია, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენ ზედმეტად არ მოვუჭიროთ კერძო სექტორს, მონეტარული პოლიტიკა დამატებით არ გავამკაცროთ, ან საჭიროების შემთხვევაში დავიწყოთ შერბილება.

საბოლოო ჯამში, ფისკალური ხარჯების შემცირებით მივიღებთ ასევე მაღალ ზრდას, ოღონდ უკვე კერძო სექტორის ხარჯზე. დღეს ფისკალური კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ გაურკვევლობაა გაზრდილი, პანდემია დასრულებული არ არის და პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები მომავალ წელს შეიძლება მეტი იყოს.

ჩვენი გადმოსახედიდან თუ იქნება შესაძლებელი, რომ ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უფრო შემცირდეს, ეს საშუალებას მოგვცემს ნაკლებად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა განვახორციელოთ წელს და მომავალი წლის განმავლობაში”,- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

Share