Home » ფინანსები » არჩილ კაიკაციშვილი: „თუ პროკურატურა ეროვნული ბანკის ახალი შენობის საქმით რეალურად დაინტერესდება, სავარაუდო კორუფციის ნიშნებს იქ ნამდვილად აღმოაჩენს“
არჩილ კაიკაციშვილი: როლანდ ბლადაძის სადავო ქონებაზე ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

არჩილ კაიკაციშვილი: „თუ პროკურატურა ეროვნული ბანკის ახალი შენობის საქმით რეალურად დაინტერესდება, სავარაუდო კორუფციის ნიშნებს იქ ნამდვილად აღმოაჩენს“

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კვლევა სახელად  – „საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი შენობის ინიციატივა – გადაწყვეტილებები და ფარული გარიგებები“, რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად იკვეთება, რომ საქართველოს ცენტრალური ბანკის საქმიანობის ისტორიაში, ადგილი აქვს უპრეცედენტო შემთხვევას – ფორმალური იურიდიული საფუძვლების შექმნით, წინასწარი განზრახვით, ისეთი მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დადებას, რამაც გამოიწვია ცენტრალური ბანკის მხრიდან კერძო კომპანიის/ბიზნესმენის (შპს „სითი ცენტრი“) სასარგებლოდ ხელშეწყობა, რაც გამოიხატა კომერციული ბანკიდან 2,106,960 აშშ დოლარის მოცულობით კრედიტის მიღებაში.

კერძოდ, სებ-მა 2019 წლის 26 ივლისს გააფორმა ნასყიდობის და იპოთეკის ხელშეკრულებები, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აცნობიერებდა და გასცემდა უპირობო თანხმობას შპს „სითი ცენტრს“ ს.ს. „ვითიბი ბანკ ჯორჯიადან“, თავისი სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 1 თვის ვადაში, მიეღო 2,106,960 აშშ დოლარის მოცულობით კრედიტი და დროებით საკუთრებაში მიღებული უძრავი ნივთი, ბანკის სასარგებლოდ და აღნიშნული კრედიტის უზრუნველსაყოფად, იპოთეკის უფლებით დატვირთულიყო.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აღნიშნულ გარიგებაში შესაძლო კორუფციის აშკარა ნიშნები დაინახეს, რის გამოც კვლევა გასაცნობად და რეაგირებისთვის გადაუგზავნეს საქართველოს პარლამენტს, ანუ ერთადერთ უწყებას, რომელთანაც სებ-ი ანგარიშვალდებულია. კვლევა ასევე მიეწოდა საქართველოს პროკურატურასაც.

„კომერსანტის“ კითხვებს „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა უპასუხა.

– არჩილ,  კვლევამ, რომელიც ახლახანს წარადგინეთ, საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ის მიწოდებული გაქვთ პარლამენტის თავმჯდომარისთვის და შესაბამისი პროფილური კომიტეტის წევრებისთვის, ასევე პროკურატურისთვის. ხომ არ მიგიღიათ რაიმე გამოხმაურება?

არსებითი გამოხმაურება არ მიგვიღია, თუ არ ჩავთვლით თავად ეროვნული ბანკის მიერ ჩვენდამი მოწერილ წერილს, სადაც, მოკლედ რომ ითქვას, ამბობენ, რომ მათ აქვთ, და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჰქონდათ, გარიგების დადების უფლება. კიდევ სხვა საკითხია, რომ იქვე „ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევას ეგრეთ წოდებულს უწოდებენ და ამით ცდილობენ დააკნინონ საკითხის რეალური სიმძიმე და მნიშვნელობა. ამაზე, ჩვენ დამატებით, სამართლებრივ სივრცეში შევხვდებით ეროვნულ ბანკს. მთავარ ამბავს რომ დავუბრუნდეთ, აქ მთავარი ის კი არ არის, ვის რისი უფლება ჰქონდა, არამედ ის, თუ როგორ გამოიყენა ეს უფლება, რატომ ისარგებლა მისით ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჰქონია თუ არა ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი, როცა ეროვნული ბანკი X კომერციული სტრუქტურის სასარგებლოდ მონაწილეობს გარიგებაში და ხდება მის ბალანსზე არსებული აქტივის ქვეშ, სხვისი სასარგებლო იპოთეკის ხელშეკრულების მონაწილე.

ეროვნული ბანკი, ჩვენდამი მოწერილ ვრცელ წერილში ბევრს საუბრობს მისთვის ჩვეული პროფესიული მაღალმხატვრულობით, მაგრამ პასუხს არ სცემს მთავარ და კონკრეტულ კითხვას – რატომ დაუდგა ფაქტობრივად თავმდებად რომან ფიფიას კომპანიას „ვითიბი ბანკიდან“ 2,106,960 აშშ დოლარის მოცულობით კრედიტის მიღების საქმეში?

ჩვენთვის გაუგებარია და დარწმუნებული ვართ ასევე გაუგებარი დარჩება ყველასთვის, ვინც ამ საკითხით ან გამოძიების, ან მოკვლევის ფორმატში დაინტერესდება, თუ რა უშლიდა ხელს რომან ფიფიას „სითი ცენტრს“, თავად, მანამ მიემართა ბანკისთვის საკრედიტო მოთხოვნით, სანამ ქონებას ეროვნულ ბანკს გადაუფორმებდა. რატომ გახდა საჭირო სებ-ის მონაწილეობა ამ გარიგებაში. სწორედ ამ გარიგების და ამ კრედიტის მისაღებად ხომ არ შეიქმნა საერთოდ ეროვნული ბანკის ახალი შენობის ისტორია, რომელიც თანამშრომლებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნის აუცილებლობით შეინიღბა და რეალურად რაღაც გაუგებარ, იაფფასიან დ ამავდროულად დიდი ალბათობით, დანაშაულებრივი სქემის ნაწილად იქცა?

შესწავლილი მასალიდან არც ის ჩანს სადმე, თუ რა მყარი გარანტია არსებობდა კერძო პირის/ბიზნესმენის/კომპანიის მხრიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ, რომ აღებული სესხის მომსახურებას კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესძლებდა, ქონება არ დადგებოდა დაკარგვის ან ასეთი რისკის წინაშე.

ამასთან, არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია კომპანიის რეალური აქტივების შესახებ და მასზე, როგორც ეკონომიკურად აქტიურ სუბიექტზე.

მეტიც, კომპანია სებ-თან გარიგების დადებამდე, ახლადშექმნილია, და მისი ერთადერთი აქტივიც სწორედ დასახელებული, რელურად ეკონომიკური საქმიანობისთვის ფაქტობრივად გამოუსადეგარი მიწის ნაკვეთია.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ – არ არის გაცემული პასუხი ლეგიტიმურ კითხვაზე – რატომ არ და ვერ აწარმოა შპს „სითი ცენტრმა“ მოლაპარაკებები დამოუკიდებლად ს.ს. „ვითიბი ბანკ ჯორჯიასთან“  კრედიტის მისაღებად? თუ უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა მის საკუთრებად, რატომ გახდა აუცილებელი და საჭირო საქართველოს ეროვნული ბანკის ამ ფორმით და ამ შეთანხმებებით მონაწილეობა და პროცესის სამართლებრივ მხარედ გამოსვლა?

საკითხის ამ რაკურსზე ეროვნულ ბანკს აქვს მონოტონური პასუხი, რომელიც ასე ჟღერს, რომ მას კანონით აქვს მინიჭებული გარიგებების დადების უფლება. უკაცრავად, მაგრამ ეს პასუხი არც პროფესიულია და არც დამაკმაყოფილებელი.

– რას გეგმავს ორგანიზაცია ამ ეროვნული ბანკის ახალი შენობის საქმის შემდგომი განვიათარების თვალსაზრისით?

„ახალგაზრდა ადვოკატები, არის აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქმიანობის სხვა მიმართულებებთან ერთად, მუდამ ინტერესდება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების სამართლებრივი კვლევით და ამ კვლევების შედეგები საზოგადოების სამსჯავროზე გამოაქვს.

ამ შემთხვევაშიც ასეა – ჩვენ დავინახეთ, რომ ეროვნული ბანკის ახალი შენობის საქმეში არსებობს შესაძლო კორუფციის დიდი რისკი. დავდეთ პროფესიული კვლევა. დავსვით კითხვები. საკითხზე რეაგირების მოთხოვნით მივმართეთ საქართევლოს პარლამენტს, მის პროფილურ კომიტეტს – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მაქვს საუბარი. ასევე, მოვითხოვეთ პროკურატურისგან საკითხით დაინტერესება. კვლევა გავხადეთ საჯარო ნებისმიერი დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისთვის. ეს არის ჩვენი მისია, რომელიც ახლაც, ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებითაც, როგორც ყოველთვის, პირუთვნელად შევასრულეთ.

10 ივნისს გავასაჯაროვეთ კვლევა და დავაგზავნეთ მიმართვები. ჯერ კიდევ ველით ადეკვატურ გამოხმაურებებს უწყებების მხრიდან. მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკის ახალი შენობის საქმე ნამდვილად არის თავისი მნიშვნელობით იმ მასშტაბის გაუგებრობა, რომ იმსახურებს როგორც ცალკე საპარლამენტო ყურადღებას, რაც მინიმუმ საკითხთან დაკავშირებით მოწყობილ მოსმენაში უნდა გამოიხატოს, ისე იმსახურებს პროკურატურის ყურადღებას. დარწმუნებული ვარ, თუ პროკურატურა ეროვნული ბანკის ახალი შენობის საქმით რეალურად დაინტერესდება და მოახდენს მის სამართლებრივ შესწავლას, სავარაუდო კორუფციის ნიშნებს იქ ნამდვილად აღმოაჩენს.

commersant.ge

Share