Home » საზოგადოება » არჩილ კაიკაციშვილი: ილიაუნი თეა გოდოლაძის ცენტრის აუდიტის შედეგებს მალავს

არჩილ კაიკაციშვილი: ილიაუნი თეა გოდოლაძის ცენტრის აუდიტის შედეგებს მალავს

„ილიაუნის ადმინისტრაციისგან დღემდე არ მიგვიღია გამოთხოვილი დოკუმენტები. ვგულისხმობ, უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩატარებული სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის “ შემოწმების შედეგებს.

ჩვენი წერილიდან საკმარისზე მეტი დროა გასული და ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ილიაუნი თეა გოდოლაძის ცენტრის აუდიტის შედეგებს მალავს“, – ამის შესახებ „აიპრესთან“ საუბრისას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, – რა შეიძლება იყოს იმის განმაპირობებელი მიზეზი, რომ ილიაუნი საჯარო ინფორმაციის გაცემის წესს არღვევდეს, კაიკაციშვილმა განმარტა, რომ ილიაუნის ადმინისტრაციის ნაცვლად ამ კითხვას ვერ უპასუხებს და რომ ამაზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეუძლია.

„მხოლოდ ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, თუ რატომ მალავს დღემდე ილიაუნი გოდოლაძის ცენტრის აუდიტის შედეგებს. შესაძლოა, ეს შედეგები ძალზედ არასახარბიელოა და ახლა, როცა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გარშემო ისედაც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა დაგროვილი, ილიაუნის ადმინისტრაცია ცდილობს თავი აარიდოს საკუთარი მაღალი რანგის თანამშრომელზე დაქვემდებარებულ ცენტრში მართვისას აღმოჩენილი დარღვევების საჯარო სივრცეში მოხვედრას.

ანაც, შესაძლოა, სულაც ბოლო 10 წლის განმავლობაში საერთოდაც არ დაინტერესებულა ილიაუნის შიდა აუდიტის სამსახური გოდოლაძის ცენტრის საქმიანობით, რაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან მართვაში სერიოზული ჩავარდნის მაჩვენებელი იქნება.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არ ვართ სამარჩიელოდ მოწოდებული და ამიტომ კატეგორიულად ვითხოვთ ილიაუნის ადმინისტრაციისგან, მოგვაწოდოს, ბოლო 10 წლის განმავლობაში, შიდა აუდიტის სამსახურის მიერ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შემოწმების შედეგები“, – აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა.

ipress.ge

Share