Home » საზოგადოება » არჩევნების შემდეგ ქვეყანა მწვანე ზონების შექმნაზე გადავა – შოთა ბურჯანაძე

არჩევნების შემდეგ ქვეყანა მწვანე ზონების შექმნაზე გადავა – შოთა ბურჯანაძე

ეპიდემიოლოგები ქვეყანაში კორონავირუსის მე-5 ტალღის დაწყებასა და შესაძლო შეზღუდვებზე საუბრობენ. რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, მიუხედავად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, კვლავ შეზღუდვების დაწესება ვერ წარმოუდგენია.

მისივე თქმით, ელის რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანა „მწვანე ზონების“ შექმნაზე გადავა.

„დღეს, სამწუხაროდ, პოლიტიკური გადაწყვეტილებები გვაქვს და არჩევნების გამო, ვერ კეთდება ის რაც უნდა გაკეთდეს. ჩემი შეხედულებით, უკვე არჩევნების შემდეგ დაიწყება საუბარი და ქვეყანა გადავა „მწვანე ზონების“ შექმნაზე. რაც სწორი და მართებული იქნება, რადგან უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება. ე.წ. მწვანე ზონების შექმნისას არაა საუბარი მხოლოდ სარესტორნე ბიზნესზე.

ე.წ. მწვანე ზონის მოთხოვნებს, ობიექტში შესასვლელად თუ ღონისზიებაზე დასასწრებად აუცილებელი იქნება, რომ პირი – იყოს ორჯერ აცრილი, გადატანილი ჰქონდეს კოვიდი ბოლო 6 თვეში, ან ბოლო 24 სთ-ის პერიოდში პისიარ ან სწრაფი ტესტი ჰქონდეს გაკეთებული. არის QR კოდი, სადაც რეგისტრირდება ადამიანი და ყველა ეს მონაცემი რაც ჩამოვთვალე, მოწმდება. ვფიქრობ, ეს მეთოდი აუცილებლად იქნება შემოღებული.

ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, მუდმივ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია და სამუშაო პროცესი ეკონომიკის თუ ჯანდაცვის სამინისტროსთან, მინდა გავაჟღერო თუ რა შეთავაზება ჰქონდა ჩვენს ასოციაციას ხელისუფლებასთან. მწვანე ზონების შექმნის შემთხვევაში ვთავაზობთ რომ შეიქმნას ვებ-გვერდი, სადაც დარეგისტრირდება სხვადასხვა ივენთი, შემოწმდება, რომ ყველა დამსწრე ადამიანი აკმაყოფილებდეს „მწვანე ზონის“ მოთხოვნებს, ასევე შესაძლებელი იქნება შრომის ინსპექციამაც შეამოწმოს ეს პროცედურა კონკრეტულ ღონისძიებაზე.

ჩვენი შეთავაზება გარკვეულწილად მოწონებული იქნა, თუმცა ვერცერთი ნაბიჯი ვერ იდგმება იმისთვის რომ რომელიმე რეფორმა განხორციელდეს, რადგან მეორე ტურია და მთელი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტი ამაზეა გადართული და შედეგად მთელი ბიზნესი არის დამუხრუჭებული,“-განაცხადა ბურჯანაძემ.

Bpn.ge

Share