Home » ფინანსები » არჩევნების დასრულებისთანავე ლარმა რყევა დაიწყო
არჩევნების დასრულებისთანავე ლარმა რყევა დაიწყო

არჩევნების დასრულებისთანავე ლარმა რყევა დაიწყო

მომდევნო 3 კვირა ეროვნულ ვალუტას მძიმე დღეები ელოდება

არჩევნების დასრულებისთანავე სავალუტო ბაზარზე უკვე არასტაბილური ვითარებაა. უშუალოდ კენჭისყრის დღეს ეროვნული ვალუტა 2,71-ის ნიშნულს მიუხლოვდა, გუშინ დილით კიდევ 2 პუნქტით გაუფასურდა, მაგრამ შემდეგ გამყარება დაიწყო. ფინანსისტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ გამოთქვამენ. მათი აზრით, დეკემბრის მეორე ნახევრამდე ლარი დოლარის მიმართ 2.80-იან ნიშნულს მიაღწევს.

კურსის ბოლოდროინდელი გამყარება რომ მეორე ტურით და ხელისუფლებისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანი გამარჯვებით იყო განპირობებული, არჩევნების დასრულებისთანავე დადასტურდა. გაუფასურება ჯერ დიდად არ ასახულა ეროვნული ბანკის კურსზე, თუმცა “ქუჩის კურსი” უკვე 2-3 პუნქტით მაღალია წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დევალვაციის პროცესი 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. გამყარება ეროვნული ბანკისა და მთავრობის ნება იყო, რომლებსაც საარჩევნოდ ხალხისათვის სტაბილურობის განცდის შექმნა სურდათ.

“ფინექს 1970-ის” ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ამბობს, რომ დაახლოებით 3 კვირა ლარის გაუფასურება კიდევ გაგრძელდება და კურსი 2.80-ის ნიშნულს მიაღწევს. შემდეგ კი დასტაბილურებაზე უკვე გავლენა ექნება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის დაბალ ფასსაც.

“კურსი ბოლო პერიოდის განმავლობაში არ იყო თავისუფალ რეჟიმში და მთლიანად ექვემდებარებოდა პოლიტიკურ ფაქტორს. მაქვს მოლოდინი და პროგნოზი, რომ 20 დეკემბრამდე გაუფასურება გაგრძელდება, რის შემდეგაც 10-15 იანვრამდე შედარებით დასტაბილურდება, შემდეგ კი ისევ დაიწყება გაუფასურება.

აქ მთავარ ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება. განმსაზღვრელი, რა თქმა უნდა, იქნება ნავთობის ფასი, რამაც მიმდინარე წელს ლამის 80 დოლარს გადააჭარბა, დღეს კი 60 დოლარს დაბლაა და ველოდებით, როდის ჩამოვა 52 დოლარზე. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს ლარის სტაბილურობაზეც.

20 დეკემბრამდე ლარი 2.80-ს არ გასცდება. იმერყევებს ამ დიაპაზონში დაახლოებით 3 კვირა, შემდეგ კი დროებით, მაგრამ მაინც დასტაბილურდება”, – აცხადებს შენგელია “რეზონანსთან”.

პოლიტიკურ ფაქტორს უკავშირებენ კურსის ცვლილებას სხვა სპეციალისტებიც. ეკონომისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ ვალუტის სტაბილურობა არჩევნებამდე ეროვნული ბანკის ჩარევით ხდებოდა, რომელმაც, სავარაუდოდ, რიგი ფინანსური ოპერაციებისაგან თავის შეკავება სთხოვა კერძო საფინანსო სექტორს.

“არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ არჩევნების პერიოდში ცენტრალურ ბანკს რეკომენდაცია მიეცა ბიზნესოპერატორებისათვის, რათა დროებით შეეჩერებინათ გარკვეული სახის სავალუტო ოპერაციები, რამაც ეროვნული ვალუტის დროებითი დასტაბილურება გამოიწვია. ამის მტკიცებით ფორმაში თქმა ნამდვილად არ შემიძლია, რადგან მე არ მაქვს დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

მეორე ფაქტორია მოლოდინი, რომელიც კურსზე პირდაპირ აისახება და ძალიან ხშირად სწორედ მისი დამსახურებაა ლარის გაუფასურება. რადგან არჩევნების დასრულებისთანავე ლარმა ისევ რყევა დაიწყო და ცვლილება შესამჩნევი გახდა, მყარდება ეჭვი, რომ გარკვეული სახის ტრანზაქციები შეჩერებული იყო. მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ამოცანა გადასაჭრელი აღარა აქვს და კურსმა კვლავ დაიწყო ვარდნა. 20 დეკემბრამდე ეს ტენდენცია იქნება და ლარი კვლავ გააგრძელებს გაუფასურებას”, – აცხადებს ცომაია.

“რეზონანსი”

თამუნა მუკბანიანი
Share