Home » საზოგადოება » არასტაბილური პოლიტიკური ფონი და გაუარესებული ბიზნესგარემო

არასტაბილური პოლიტიკური ფონი და გაუარესებული ბიზნესგარემო

არასტაბილური პოლიტიკური ფონი და გაუარესებული ბიზნესგარემო

“ნუ გადმოვიტანთ კაპიტოლიუმის ბორცვზე ხელისუფლებისათვის დაუნდობელი ბრძოლის ეპიცენტრს საქართველოში, ნურც რუსული ინტერესების უნებლიე მსახურებად ვიქცევით”

ჩვენ გვიკვირს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პერმანენტულად მცირდება. ამის გამომწვევ მიზეზებს არავინ ყურადღებას არ აქცევს. ხელისუფლება ზედაპირული მაჩვენებლების ფონზე, გაუმჯობესებული რეიტინგებით იწონებს თავს. ოპოზიცია საერთოდ არ ცდილობს გააანალიზოს თავისი ქმედებების დამაზიანებელი გავლენა ქვეყნის იმიჯზე. მას ვერც გაამტყუნებ – მისთვის მთავარი ხელისუფლებაში მოსვლაა. ხელისუფლება ცდილობს აქცენტების სხვა თემებზე გადატანას.რეალურად კი სოციალური ფონი კიდე უფრო არასახარბიელო ხდება.

არაერთგზის მივუთითეთ, რომ დიდი საფრთხეა ქვეყნისთვის სუსტი ხელისუფლება და უპასუხისმგებლო ოპოზიცია. მიუხედავდ ვითარების გაუარესებისა, არავინ ცდილობს იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ გვავიწყდება, რომ კაპიტალი ეძებს სტაბილურ გარემოს და იაფ მუშა ხელს. ჩვენთან მუშა ხელი არც ისე იაფია, როგორც ვთქვათ ჩინეთში, ინდოეთში ან პაკისტანში. უფრო მეტიც, ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც კი ბიზნესისთვის უფრო უსაფრთხო და საიმედო გარემოა, ვიდრე საქართველოში. ბიზნესს ურჩევნია სტაბილური გარემო თუნდაც ავტორიტარული მმართველობის მქონე ქვეყნებში, როგორებიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი., რადგან იქ პროგნოზირებადი ვითარებაა. დემოკრატია მიმზიდველია კერძო ინვესტიციებისთვის, მაგრამ როცა პროცესები უმართავი ხდება, ასეთ ქვეყანაში რისკის გაწევა ინვესტორს არ უნდა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 28 წლის განმავლობაში ეს ქვეყანა არ არასდროს ყოფილა ინვესტიციებისთვის მიმზიდველი. სააკაშვილი შეეცადა საეჭვო წარმომავლობის კაპიტალისთვის და შეიხებისთვის გაეხსნა ქვეყანა, მაგრამ გარდატეხას ამ მიმართულებით ვერც მან მიაღწია. ამიტომ როცა ქვეყანაში ერთდროულად მიმდინარეობს ომი საკუთარ თავზე მორგებული საარჩევნო კანონმდებლობის მისაღებად,  როცა მოსახლეობა არ ენდობა სასამართლო სისტემას, როცა ყოველ მეორე დღეს ხდება ექსტრაორდინალური მოვლენა, რასაც ადამიანები ქუჩაში გამოჰყავს, იქ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე საუბარი უადგილოა.

მმართველი პოლიტიკური ძალის სისუსტე, ანუ რა თქვა ბიძინამ

დიდი აურზაური მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის მიერ სატელევიზიო ინტერვიუში ნათქვამ ერთ მოსაზრებას. რა თქვა ქვეყნის ფაქტობრივმა მმართველმა მიუღებელი? არც არაფერი. უბრალოდ მოახდინა ჩვეული გულწრფელობით ფაქტის კონსტანტაცია, რომ უახლოეს წლებში ქვეყანაში ვერცერთი ხელისუფლება ვერ შექმნის ორ მილიონ სამუშაო ადგილს, უკეთეს შემთხვევაში შესაძლებელია დაახლოებით ორმოცდაათიათასამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. ამიტომ ხელისუფლებას არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ მუშა ხელის და ქვეყნიდან ადამიანების გადინებას, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში ორგანიზებული სახე მისცეს და შეძლებისდაგვარად მოამზადოს ადამიანები, რათა მათ ჰქონდეთ იქ ლეგალურად ყოფნის საშუალება, სათანადო უნარ–ჩვევები, რომ დასაქმდნენ. ოპოზიციის ისტერია აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება უადგილო და მიუღებელი. ამ პროცესს, ქვეყნიდან სამუშაო ძალის გადინებას ვგულისხმობ, თავი ვერ აარიდა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა – პოლონეთმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა, ბალტიის ქვეყნებმა, იმ პოლონეთმა, რომელსაც ბოლო დროს არც თუ ურიგო მაჩვენებლები აქვს ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. აბა, ჩვენ როგორ უნდა შევაჩეროთ ეს, ლამის გლობალური პროცესი? ამიტომ აღშფოთება იყო არაადეკვატური, თუმცა, რა თქმა უნდა, მასშიც ჩანს სახელისუფლო პიარის სისუსტე და თავად ივანიშვილის ლექსიკის არაადეკვატურობაც.

მაგრამ, შევხედოთ პროცესს კრიტიკულად. უმუშევრობის მყისიერი აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ რას აკეთებს ხელისუფლება, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს, რა ხედვა აქვს მომავლის, რა ეკონომიკურ პოლიტიკას სთავაზობს თავისი მეორე ვადის ბოლო წელს ქვეყანას? რომ ავირჩიოთ, კიდევ ერთი ვადით, რის გაკეთებას აპირებს, რამდენად რეალისტური მიზნები აქვს, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს? ამის შესახებ ივანიშვილი არაფერს ამბობს. არც მთავრობის მიდგომები და ხედვაა ნათელი.

კიდევ უფრო ბუნდოვანია ოპოზიციის მიზნები. მათი პოლიტიკური კურსი, რომელიც ფორმალურად ფართო ალიანსს წარმოადგენს, არსებითად “ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკური პოლიტიკის რეანიმირებას გულისხმობს, პოლიტიკასა და ადამიანის უფლებების მიმართულებით დაშვებული შეცდომებისა და დანაშაულობების გათვალისწინებით. აქ ორი უმნიშვნელოვანესი მომენტის იგნორირება ხდება – ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მისგან წარმოშობილი პოლიტიკური ორგანიზაციების ხელისუფლებაში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია და ეს, “ენდიაის” და “აირაის” კვლევებსაც თუ სარწმუნოდ მივიჩნევთ, ელექტორატის ნახევარზე მეტია. და მეორე, ლიბერტარიანული ხედვა ეკონომიკური განვითარების, ასევე, მიუღებელია ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის, რომლისთვისაც ამ მიდგომების თავზე მოხვევა ძალიან ძნელი იქნება, ვერც სტრატეგია “აღმაშენებელი” გამოიყურება მიმზიდველად და ვერც ოპოზიციის მხარდამჭერი ლიბერალური ეკონომიკური ხევების მქონე ეკონომისტების მოსაზრებები კარგახსნილობის უფრო მაღალი დონის, უცხოური მუშა ხელისთვის ბაზრის გახსნის და საქართველოში ახალი სინგაპურის აშენების თაობაზე, რომლის დირექტორობაც, თავდაპირველად ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონის სახით მიხეილ სააკაშვილს სურს.

რუსოფობები რუსულ საქმეს აკეთებენ?

ივანიშვილი ამერიკელებისთვის წერილის მიწერას გეგმავს. მას სურს ნათელი მოჰფინოს არსებულ პარადოქსულ ვითარებას – ფონდები, სტრუქტურები და არასამთავრობოები, რომელთა ჩამოყალიბებაზეც ამერიკელებმა მილიონები დახარჯეს ამერიკული ინტერესების საწინააღმდეგო საქმეს აკეთებენ, მათი ფული ფაქტობრივად რუსული ინტერესების სამსახურშია – ასე გამომდინარეობს ივანიშვილის თვალსაზრისიდან. თუმცა, გასაკვირი არც არაფერია. აშშ–ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. იქ, ჩვენი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ორი ბანაკი სამკვდრო სასიცოცხლოდ უპირისპირდება ერთმანეთს. სპეც–სამსახურები ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის განეიტრალებაზე იმტვრევენ თავს. იგულისხმება, რომ კრემლისთვის ამერიკის პრეზიდენტად ტრამპი უფრო მისაღებია. და ვიდრე ამერიკულ სოციალურ ქსელებს გაასუფთავებენ რუსული გავლენის მატარებელი სუბიექტებისგან, ეს საქართველოში მოისინჯა. უამრავი სახელისუფლო ვებგვერდი, ბოტი და ტროლი იქნა განეიტრალებული. ისიც ნიშანდობლივია, რომ მათი აზრით, პროსახელისუფლო ვებგვერდებიდან დაიწყეს და არა პრორუსული ვებგვერდებიდან. აქ, სავარაუდოდ,  ფეისბუქი დასავლური ფონდების მიერ კონტროლირებადი არასამთავრობოების მიწოდებულ ინფორმაციასაც დაეყრდნო. თუ ამას “ვოლ სტრიტ ჯორნელის” სარედაქციო წერილს და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებასაც დავუმატებთ, უნდა დავასკვნათ, რომ რაღაც ვერ არის რიგზე “დანიის სამეფოში”, თუ ამას დავუმატებთ, რომ კრემლი უკმაყოფილოა საქართველოში ბიძინა ივანიშვილის შვიდ წლიანი მმართველობის შედეგებით, რომლისგანაც მოსკოვი ელოდა საქართველოს რუსული ორბიტისკენ შებრუნებას, უნდა დავასკვნათ, რომ ვითარება არაორდინალურია და არაპროგნოზირებადიც.

შესაძლოა ვითარებას რამდენადმე ნათელი მოჰფინოს აშშ–ის ახალი ელჩის ქალბატონ კეგნანის ჩამობრძანებამ საქართველოში. თუმცა, აქ არსებითი იქნება სახელმწიფო დეპარტამენტის რომელი ფრთის გავლენის სფეროს წარმოადგენს ქალბატონი ელჩი: ტრამპის მომხრეების თუ ტრადიციული პოლიტიკური კლასის?

ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ მის გაკვეთილებს არ ითვალისწინებენ, სჯობს ამ შემთხვევაში მაინც გავითვალისწინოთ და ვურჩიოთ ქართულ პოლიტიკურ კლასს – ხელისფლებასაც და პოზიციასაც ნუ ჩაერევიან კაპიტოლიუმის ბორცვზე ხელისფულებისთვის მძაფრი ბრძოლის პერიპეტიებში, რათა იგივე შეცდომები არ დაუშვან, როცა თავის დროზე თემურ ლენგისა და ოქროს ურდოს მმართველის თოხტამიშის დაპირისპირებაში ერთ–ერთი მხარე დაიჭირეს, ან კიდევ სხვა დროს საილხანოში ატეხილი შიდა დაპირისპირების დროს დამარცხებულის მხარეს აღმოჩნდნენ, რასაც საქარველოს მაშინდელი მეფე შეეწირა.

ხანდახან ისტორიის გაკვეთილებიდანაც უნდა ვისწავლოთ.

ბექა ციხისელი

Share