Home » საზოგადოება » #არაიმჰესებს, სადაც თეა გოდოლაძის ინტერესები დაკონტრაქტებული არ არის

#არაიმჰესებს, სადაც თეა გოდოლაძის ინტერესები დაკონტრაქტებული არ არის

13 აგვისტოს ვწერდი, იმდენად საინტერესო და აზარტული გახდა თეა გოდოლაძის მოძრაობები, მათ შორის, მედია-მოძრაობები (ერთადერთი ჩინოვნიკია, ვისაც რუსეთის სახელმწიფოს მედია-რესურსის – „სპუტნიკის“ მედია-ცენტრში აქვს გამართული პრესკონფერენცია), რომ მასზე დაკვირვებას მომავალშიც ხალისით განვაგრძობ მეთქი.

ჰოდა, ასეც მოვიქეცი.

დავაკვირდი, არც ბევრი დრო დამითმია მაინცადამაინც, ზედაპირზეა ყველაფერი, პირდაპირ დევს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. უბრალოდ, სხვა თვალით, სხვა რაკურსით, ანუ დაკვირვებით უნდა ჩაკითხვა და გააზრება და თვალწინ დაგვიდგება სურათი, სადაც ნათელი ხდება, რომ თეა გოდოლაძეს, როგორც საზოგადოების გარკვეულ წრეებში აღიარებულ ანტინამახვანჰესისტს და ზოგადად, ანტიჰესისტებისთვის ავტორიტეტს, არასოდეს არაფერი აქვს იმ ჰესების საწინააღმდეგოდ ნათქვამი, გამოთქმული და დაწერილი,  სადაც მისდამი დაქვემდებარებულ უწყებას კონტრაქტი აქვს მიღებული და გარკვეული სამუშაო აქვს შესრულებული.

თუ ფიქრობთ, რომ ასეთი შემთხვევა ერთეულია და ჩემი დაკვირვება კი სუბიექტური შეიძლება იყოს, უნდა გაგაწბილოთ. მე 16 ასეთი შემთხვევა დავთვალე. 16 კონტრაქტს კი, ზოგს მსხვილს, ზოგსაც შედარებით მოკრძალებულს, ერთეული შემთხვევა ვერაფრით დაერქმევა. უფრო სხვა ფიქრებისკენ მივყავართ ამ ფაქტს, მაგრამ, მოდით, ფიქრი ფიქრად დავტოვოთ, ფაქტები კი ფაქტებად და აი, ვნახოთ, გავეცნოთ იმ ნუსხას, სადაც სხვადასხვა ჰესზე, თეა გოდოლაძემ კონკრეტული სამუშაოები გასწია. ესენია:

  1. ბახვის წყლის სედიმენტაციის შესწავლა
  2. ონის ჰესის კასკადის საპროექტო უბნის სესმური საშიშროების დეტალური ანალიზი
  3. ონის ჰესების კასკადის სეიმური პროფილირება
  4. ხობი 2 ჰესის უბანზე კომპლექსური გეოფიზიკური და სეისმური კვლევა
  5. ნენსკრას კაშხლის და ჰესის სამშენებლო უბანზე გეოფიზიკური კვლევა
  6. აჭარის წყალზე მშენებარე ჰესის ტერიტორიის გეოფიზიკური და სეისმური კვლევა
  7. ვარდნილჰესის კაშხლის უბანზე სეიმური რისკის დეტალური ანალიზი
  8. სადმელი ჰესის გეოლოგიური , გეოფიზიკური და სეისმური კვლევა
  9. ბახვის წყალზე საპროექტო ჰესის გეოდეზიური, გეოტექნიკური, გეოლოგიურ-გეოფიზიკური კვლევა
  10. ხუდონ ჰესის კაშხლის საპროექტო უბნის გეოფიზიკური კვლევა
  11. სადმელი ჰესის სამშენებლო უბანზე გეოფიზიკური, გეოლოგიური და სეისმური კვლევა
  12. ნენსკრა ჰესის სამშენებლო უბანზე დამატებითი გეოფიზიკური, გეოლოგიური და სეისმური კვლევა
  13. დოლრა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის საჭირო საინჟინრო (სეისმური და გეოფიზიკური კვლევა) მომსახურება
  14. ხელედულა-3 ჰესის გეოფიზიკური პროფილირება და გრუნტის სეისმური საფრთხის შეფასება
  15. სეისმური საშიშროების შეფასება ხრამჰესის კასკადის სამშენებლო ტერიტორიისათვის
  16. ქ. თბილისში მდ. მტკვარზე მშენებარე ჰესის მიმდებარე ტერიტორიის სეისმური საშიშროების შეფასება, გრუნტის ლოკალური აგებულებისა და საინჟინრო-გეოლოგიური თვისებების შესწავლა გეოფიზიკური საძიებო მეთოდით

ზოგადად, თეა გოდოლაძე ჰესების მშენებლობის წინააღმდეგობასთან შინაგანად სოლიდარული რომ არის, ეს ვიცით, მაგრამ არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ ჰესთან დაკავშირებით არ მახსენდება მისი ისეთივე თავგამოდებული აქტიურობა, როგორითაც თავი ნამახვანჰესის პროტესტისას დაგვამახსოვრა.

ლოგიკური, რელევანტური, ადეკვატური, გონივრული და რა გითხრათ, – როგორიც გნებავთ, ისეთი დაარქვით და აზრი მიჩნდება და ეჭვი შემიჩნდა – რა ხდება, ნუთუ ობიექტურობის და სამართლიანობის მანტია მოხდენილად მოსხმული, დაუღალავი თეა გოდოლაძე, „არას“ ხმამაღლა მხოლოდ იმ ჰესებს ეუბნება, სადაცმ ისი ინტერესები დაკონტრაქტებული არ არის?!.

მაშინ, როგორც ახლა მოდაშია, „დაჰეშთეგებული“, გამოვა ასე: #არაიმჰესებს, სადაც თეა გოდოლაძის ინტერესები დაკონტრაქტებული არ არის

ამიტომ რჩევა მინდა მივცე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლებს. დააკონტრაქტეთ თეა და იმ წყალს ჩაიგუბებს პირში, რომელ მდინარეზეც აპირებთ ჰესის მშენებლობას.

ყოველ შემთხვევაში მისი უწყების საიტიდან კარგად ჩანს, სად და როგორი ინტერესები ქონდა და სად და როგორ არის დადუმებული.

მერე კი აღარც 34 მეტრიანი გიგანტური ტალღა გადაუვლის ქუთაისს და აღარც 34 სანტიმეტრიანი საფრთხე დაემუქრება.

ისე, არ მჯეროდა და უფრო ლეგენდად მეგონა ვრცელდებოდა, რომ ენკას ყოფილ დირექტორს ბატონ ბარანს, თეა გოდოლაძის მიერ დასახელებული თანხა რომ გადაეხადა (ბოროტი ენები ამბობენ სულ რაღაც 12 000 დოლარი იყოო, მაგრამ  არ მჯერა მე, რადგან საქართველოში ილიაუნის ერთ-ერთი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე, დოლარში არ მოითხოვდა საზღაურს. ალბათ უფრო 12 ათასი დოლარის ექვივალენტი იქნებოდა ლარში, ეროვნულ ბანკის შესაბამისი, იმ დღის კურსით), დღეს ნამახვანჰესის პროექტს თავგადაკლული მომხრე მათემატიკოსი ეყოლებოდა მისი უმწიკვლო სახითო.

 

გიორგი ცაგარეიშვილი

Share