Home » საზოგადოება » „არა მარტო ჩვენ, არამედ ეროვნული ვალუტის ნდობა უცხოელი ინვესტორებისაგანაც გვაქვს“
„არა მარტო ჩვენ, არამედ ეროვნული ვალუტის ნდობა უცხოელი ინვესტორებისაგანაც გვაქვს“

„არა მარტო ჩვენ, არამედ ეროვნული ვალუტის ნდობა უცხოელი ინვესტორებისაგანაც გვაქვს“

„ჩვენ ვაშენებთ ამ ქვეყანას, ოპოზიციას კი უნდა პირიქით გამოაჩინოს და გააჩეროს ეს ქვეყანა, მაგრამ რეალობა სხვაა. რეალობაა ის, რომ ჩვენი ბიუჯეტი და მიღებული გადაწყვეტილებები, სწორია,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შემაჯამებელ სიტყვაში, რომელიც მან პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, ფისკალური პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა 4-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად ახორციელებს, სწორია და ის ითვალისწინებს მიმდინარე ხარჯების თანმიმდევრულ შემცირებას, კაპიტალური ინვესტიციების გაზრდის შესაბამისად.

„ჩვენ ამ კაპიტალური ინვესტიციებით ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილებს, ჩვენს შვილიშვილებს ვუტოვებთ იმ ძირითად ინფრასტრუქტურას, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისათვის და ჩვენ ვზრდით ქვეყნის ტურისტულ და ტრანზიტულ პოტენციალს,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა კაპიტალის ბაზრის რეფორმასა და იმ სიახლეებზე, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს.

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ლარის ნდობის შესახებ, დიახ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ვალუტის ნდობა, მაგრამ არა მარტო ჩვენ, არამედ ეროვნული ვალუტის ნდობა გვაქვს ჩვენ უცხოური ინვესტორებისაგანაც. სამწლიანი ვადით „საქართველოს ბანკმა“ ლარში დენომინირებული ევრობონდები გამოუშვა, რომელიც ძალიან წარმატებით გაიყიდა. მსგავს პროექტებს ახორციელებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და გაძლიერებას, საბოლოო ჯამში, რისკის შემცირებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იმ რეფორმებს შორის, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, პირველმა ვიცე-პრემიერმა დაასახელა საპენსიო რეფორმა, კერძო-საჯარო თანამშრომლობის სქემის განვითარება და დეპოზიტების დაზღვევა.

„საპენსიო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გრძელვადიანი ლარის რესურსი შეიქმნას და საბოლოო ჯამში, ღირსეული სიბერე ჰქონდეთ ჩვენს თანამოქალაქეებს. ჩვენ ძალიან მალე საპენსიო კანონთან ერთად შემოვალთ ჩანაწერით, რითაც მოვითხოვთ ბაზისური პენსიის ინდექსაციას. 2019-20 წლებში 20-20 ლარით იქნება ზრდა,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, კერძო-საჯარო თანამშრომლობის სქემის განვითარებისთვის საქართველოს მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია განსახილველად გადაგზავნილი. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვნად ზრდის საინვესტიციო პოტენციალს. აღნიშნული კანონი შეამცირებს ბიუჯეტიდან გასაწევ დანახარჯებს. შესაბამისად, ესეც დანაზოგების ზრდისკენ მიმართული გადაწყვეტილებაა.“

რეფორმებს შორის, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნა, რომელიც 2018 წლიდან უნდა ამოქმედდეს; გადახდისუნარიანობის რეფორმა; მიწის რეფორმა და სხვ.

„ჩვენ დღეს ფუნდამენტურ პრობლემებს ვებრძვით და მათ ვწყვეტთ ფუნდამენტურად და არა – ზედაპირულად. აღნიშნული გადაწყვეტილებები ჩვენს ქვეყანას მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მოუტანს მნიშვნელოვან წინსვლას აუცილებლად,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Share