Home » ეკონომიკა » აქვს თუ არა საქართველოს სამხედრო დრონების წარმოების და ათვისების საშუალება

აქვს თუ არა საქართველოს სამხედრო დრონების წარმოების და ათვისების საშუალება

საქართველოს დონების რაღაც ტიპების წარმოება რა თქმა უნდა შეუძლია, ამის საშუალება გვაქვს, მაგრამ ამ აწყობაში არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ყველა ჭანჭიკი საქართველოში დამზადდება – ასე აფასებენ სამხედრო ექსპერტები „რეზონანსთან” თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას საქართველოში სამხედრო დრონების წარმოების დაწყებაზე.

„მსოფლიოში სულ 20-მდე ქვეყანა აწარმოებს თვითმფრინავებს. წარმოიდგინეთ, რომ საქართველო ერთ დროს იყო თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. დანაშაულია ქარხანა „თბილავიამშენის”, რომელიც „დელტას” მენეჯმენტის ქვეშაა, და ქვეყნის ასეთი პოტენციალის არგამოყენება. სწორედ ამ ბაზაზე და იმ ადამიანებზე დაყრდნობით, რომლებიც იქ მუშაობენ, შეიძლება დრონების წარმოება,”- განაცხადა ღარიბაშილმა „იმედის” ეთერში.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ სამხედრო დრონების საქართველოში წარმოების ორგანიზება შეიძლება, თუმცა გარკვეული დეტალების შესყიდვა სხვადასხვა ქვეყნიდან უნდა მოხდეს, რაც მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა.

„საქართველოში დისტანციურად მართვადი უპილოტო საფრენი აპარატების საქართველოში აწყობა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ამ აწყობაში არ უნდა ვიულისხმოთ, რომ ყველა ჭანჭიკი საქართველოში დამზადდება. ეს ასე არაა. მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომ სხვადასხვა დეტალების შესყიდვა სხვადასხვა ქვეყნებიდან ხდება და მერე ეწყობა, თვით ამერიკაც ასე აკეთებს – ბევრ დეტალს, სადაც უფრო იაფია იქ ყიდულობს.

„საქართველოში ამისი ორგანიზება შესაძლებელია, მით უმეტეს, რომ დრონების ყველაზე ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური დეტალების (იგულისხმება ელექტროდამიზნების საშუალება, ძრავი) საქართველოში წარმოება, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შეუძლებელია, მაგრამ საქართველოში შეიძლება ამ დრონის კორპუსი სპეციალური კომპოზიციური მასალისგან დამზადდეს, ამის მცდელობები „თბილავიამშენს” ადრე ჰქონდა, ეს პრობლემა არაა.

„კარგია, რომ თავდაცვის მინისტრი და სახელმწიფო ამ პრობლემით ინტერესდება, ეს მართლა პრობლემაა იმიტომ, რომ ყარაბაღის მესამე ომმა გვაჩვენა, დრონებს რა შეუძლიათ და თუ აქ „დელტას” შესაძლებლობები იქნება გამოყენებული, ეს ცხადია ძალიან კარგია.

„ერთ-ერთი პირველი რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატები 60-იან წლებში თბილისის საავიაციო ქარხანაში მზადდებოდა, ქარხანაში 886 Ла-17М ტიპის უპილოტო სამიზნე აიწყო, ასე რომ საქართველოში გამოცდილება (კი საბჭოთა პერიოდის დროს), მაგრამ მაინც არის.

„დრონები ძირითადად დანიშნულების მიხედვით იყოფა, არის სადაზვერვო, დამრტყმელი და კამიკაძე დრონები, შესაძლოა ორი ფუნქციით როგორც სადაზვერვო, ისე დამრტყმელი, არის კიდევ წონის მიხედვით, მიკროდრონები, მინი დრონები, მცირეზომის დრონები, დიდი დრონები და ყველაზე დიდი ამერიკული სადაზვერვო სტრატეგიული დრონია, რომელიც ყარაბაღის ომის დროს საქართველოს საჰაერო სივრცეში ხშირად შემოდიოდა, რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლების ნებართვით,” – განაცხადა ალადაშვილმა.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან” საუბარში ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს დრონების გარკვეული ტიპების წარმოება შეუძლია, თუმცა ამატებს, რომ დრონები ბრძოლის მეთოდებს თუ ვერ მოარგე, შეიძლება საბრძოლო მოქმედებების წარმოების დროს საკმაოდ სერიოზულ ჩავარდნებს ჰქონდეს ადგილი.

„როგორც ვიცი ჩვენთან დრონები 2006 თუ 2007 წელს, ებრაულ კომპანია „ელბითისგან” შეიძინეს – „ჰერმესი 600″ და „ჰერმესი 900″. ამ დრონებზე იყო, რომ რუსები ნადირობდნენ, „გერეუს” სპეცდანიშნულების რაზმი სპეციალურად მოსკოვიდან იყო გამოგზავნილი და ამ დრონებზე ნადირობდა, რომლებიც სრული ამუნიციით და ტექნიკური მონაცემებით ხელში ჩაუვარდათ, სენაკის მეორე ბაზიდან გაიტანეს, მერე ამის საფუძველზე კი თავიანთი დრონები გააკეთეს. რუსეთის მიერ ომის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ახალი სამხედრო ტექნოლოგიების ხელში ჩაგდება იყო, რასაც მიაღწიეს და სამწუხაროდ ეს მისია ხუთიანზე შეასრულეს. ეს მერე თავიანთი დრონების შემუშავებაში დაეხმარათ და ამის საფუძველზე ებრაელებთან ერთად ერთობლივი საწარმოც კი შეიქმნა. მერე ისრაელმა საქართველოსთან ურთიერთობა გაწყვიტა და მე თუ მკითხავ სწორეც ქნა, იმიტომ, რომ როდესაც ასეთი ტიპის სრულ შეიარაღებას მტერს ხელში უგდებ, ამაზე საერთოდ გამოძიება უნდა ჩატარებულიყო.

„რამდენადაც ვიცი, საავიაციო ქარხანა დრონების პირველი ვარიანტის გამოშვებას აპირებს. არ ვიცი ეს დრონები როგორი ტიპის იქნება.

„როგორც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა აჩვენა, დრონების მხოლოდ შესყიდვა და აწყობა არაა საკმარისი – სამხედრო სტრატეგიის კონცეფცია უნდა შეიცვალოს, ბრძოლის თეორიის შესაბამისი მოდელები უნდა იყოს დანერგილი, ანუ აქ კონცეპფტუალურ დონეზეა ძირფესვიანად შესაცვლელი, იმიტომ, რომ მეოთხე თაობის ომების თეორიებს ჩვენი თავდაცვის ძალების სამხედრო სტრატეგია უნდა მოერგოს. ესაა მნიშვნელოვანი, კონცეპტუალური და სტრატეგიული მიდგომები უნდა შეიცვალოს და არ უნდა იყოს დაფუძნებული მესამე და მეორე თაობის დონეზე, ესაა შესაცვლელი, თორე დრონები გინდ გვქონდეს გინდ არა.

„დრონები ბრძოლის მეთოდებს თუ ვერ მოარგე, შეიძლება საბრძოლო მოქმედებების წარმოების დროს საკმაოდ სერიოზულ ჩავარდნებს ჰქონდეს ადგილი. კი, ჩვენ ჰიბრიდული ომის სპეციალისტები გვყავს, მათ შორის სამხედროებიც და იმედია, რომ ისინი ამას გამოასწორებენ. მე თუ მკითხავთ, ახალი სამხედრო სტრატეგიაა დასაწერი და აქედან გამომდინარე შეიარაღების მოდელები ამ სტრატეგიულ მიდგომებს უნდა მოერგოს.

„დრონები ძირითადად სამი სახისაა, ესაა სადაზვერვო, დამრტყმელი, შეტევითი და კომბინირებული დრონები და ასევე მეოთხე ტიპის კამიკაძე დრონები, რომლებიც სპეციფიკური ამოცანებისთვის გამოიყენება. უნდა იცოდე ვის წინააღმდეგ რა უნდა გამოიყენო.

„საქართველოს დონების რაღაც ტიპების წარმოება რა თქმა უნდა შეუძლია, ამისი საშუალება გვაქვს, ირაკლი ღარიბაშვილმა სტრატეგიულ მეგობრებთანაც ისაუბრა, რათა ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ერთობლივი ტექნოლოგიები განახორციელონ. ამ კუთხით ჩვენ ამისი ერთგვარი პოტენციალი გვაქვს, მაგრამ აქ უკვე საუბარი რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების თანამედროვე ელემენტების გაძლიერებაზე, შეძენაზე და განვითარებაზეა.

„ისტორიულად დრონების გამოყენება, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო, რომელიც საბრძოლო მოქმდებებში პირველად ისრაელმა გამოიყენა. ბევრს ჰგონია, რომ დრონები ახალი ტექნოლოგიაა. ის იყო პირველი თაობის დრონები და დღეს მესამე და მეოთხე თაობაზეა საუბარი,” – განაცხადა მაისაიამ.

წყარო: resonancedaily.com

Share