Home » ბიზნესი » აპრილის დასაწყისში ბაზარზე ქართული წარმოების ტელევიზორი გამოჩნდება
აპრილის დასაწყისში ბაზარზე ქართული წარმოების ტელევიზორი გამოჩნდება

აპრილის დასაწყისში ბაზარზე ქართული წარმოების ტელევიზორი გამოჩნდება

ახალი ქართული ტელევიზორის ფასი 180-დან 280-დოლარამდე იქნება. ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართულ-აზერბაიჯანულიკომპანია  „AG Telekom“-ის დირექტორმა მიხეილ ღლონტმა განუცხადა.

მისი თქმით, ფასი ჯერჯერობით დოლარში აქვთ განსაზღვრული, თუმცა, პროდუქციის გამოშვების წინ მას ეროვნულ ვალუტაშიც დააფიქსირებენ.

180 დოლარი ეღირება 32-ინჩიანი(81 სმ) ტელევიზორი, 280 დოლარი კი 40-ინჩიანი(101 სმ) ტელევიზორი.

მიხეილ ღლონტის ინფორმაციით,  ქართული წარმოების ტელევიზორი ბაზარზე აპრილის პირველ ნახევარში გამოჩნდება.

პროდუქცია ქსელურ მარკეტებში განთავსდება, მათ შორის იქნება „გორგია“, „მეტრომარტი“. მიხეილ ღლონტის ინფორმაციით, პროდუქცია განთავსდება ვაგზლის ბაზრობაზე არსებულ ქარხნის სახელობის მაღაზიაშიც.

რამდენად შეძლებს ქართული ტელევიზორი ბაზარზე დამკვიდრებას და კონკურენციის გაწევას უცხოური ბრენდებისთვის?

კომპანია „ტექნოლუქსის“ აღმასრულებელი დირექტორი დაჩი დვალიშვილი„კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ქართულ პროდუქტს კონკურენციის გაწევა უცხოური ბრენდებისთვის გაუჭირდება, მაგრამ თუ მწარმოებლებმა ის ხარისხი დადეს, რაც ჩაფიქრებული აქვთ,  კონკურენცია საკმაოდ მაღალი იქნება.

დაჩი დვალიშვილი აცხადებს, რომ ქართული ტელევიზორის ფასი იმ ხარისხის გათვალისწინებით, რაც ჩაფიქრებული აქვთ, საკმაოდ დაბალია.

„როგორც ვიცი, მარკეტინგში საკმაოდ სერიოზული თანხების ჩადებას აპირებენ. თან ფასიც შესაბამისად დაბალი იქნება იმპორტირებულთან შედარებით. ხარისხი როგორც თვითონ უნდათ, თუ ამას მიაღწიეს, ძალიან სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ, მათ შორის ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა „სამსუნგი“ ან „ელ-ჯი“.

მე მაგალითად 32 – იანჩიანი ტელევიზორი მიჯდება 190 დოლარი დუბაიში, ამას ემატება ტრანსპორტირება, დღგ. თუ ქართული ტელევიზორის ფასი 180 დოლარი ადგილზე იქნება, საკმაოდ სოლიდური კონკურენციის გაწევას შეძლებს“,- აცხადებს დაჩი დვალიშივილი და აღნიშნავს, რომ ტელევიზორს „ტექნოლუქსის“ ქსელებში აუცილებლად შეიტანს.

ბიზნესმენი და „ტექნობუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე კი ამ საკითხისადმი შედარებით სკეპტიკურადაა განწყობილი. მისი თქმით, ტელევიზორების ამ ფასში ყიდვა დღესაც არის შესაძლებელი, ამიტომ ქართული წარმოება უცხოურს მხოლოდ ფასით ვერ გაუწევს კონკურენციას.

მისი თქმით, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ქართული ტელევიზორი, ეს დამოკიდებულია სხვადასხვა დეტალზე, მაგალითად ხარისხზე, მარკეტინგული კამპანიაზე და ა.შ.

„საქართველოში, ალბათ, ტელევიზორების აწყობა მოხდება. აქ რომ სრულად მოხდეს წარმოება, ამის ბაზა არ არსებობს. ეს აწყობაც იმხელა განსხვავებას ვერ მოგვცემს, რომ კონკურენცია გაუწიოს. თუ ვინმე პატრიოტული სულისკვეთებით ჩადებს ინვესტიციას, ეს სხვა თემაა.  თუ საუბარია იმაზე, რომ კომპანიამ ბაზრის 2% დაიკავოს, ეს არ იქნება რთული, მაგრამ თუ საუბარია 20%-ზე, მაშინ ძნელი იქნება კონკურენცია“,- აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართული ტელევიზორის გამოშვების შესახებ ინფორმაცია პირველად „კომერსანტმა“ გაავრცელა. გასული წლის დეკემბერში მიხეილ ღლონტმა „კომერსანტს“ განუცხადა, რომ პირველ ეტაპზე პროდუქციის გამოშვებას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავენ, სამომავლოდ კი, ტელევიზორების გატანა ევროკავშირის ბაზარზეც იგეგმება.

 

ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია  „AG Telekom“-ი რუსთავში 2013 წელს გაიხსნა. ქარხანა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად საჭირო set top box-ებს, ლედ ნათურებს, myvideo-ს TV Box-ებს და სხვა ტექნიკას აწარმოებს.

 

წყარო: commersant.ge

Share