Home » საზოგადოება » „აფბას“ პოზიციას, რომ „ესკომ“ იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფები ჩაშლილად გამოაქვეყნოს , სრულად ვიზიარებ“

„აფბას“ პოზიციას, რომ „ესკომ“ იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფები ჩაშლილად გამოაქვეყნოს , სრულად ვიზიარებ“

„რაც მეტად ჩაშლილი და დაწვრილებითი, მრავალმხრივი და სისტემური იქნება „ესკოს“ მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაცია, მით უკეთესი იქნება ანალიზისთვის“. – ამის თაობაზე ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) იმ მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვიტაც ორგანიზაცია „ესკოს“ (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) იმპორტირებული ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას არა საშუალო შეწონილი ტარიფების, არამედ სრულად ჩაშლის პრინციპით სთხოვს.

„ამ ინიციატივაში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ. რატომ უნდა იყოს  საიდუმლო ან ძნელად ხელმისაწვდომი ამ ტიპის ინფორმაცია? მაგალითად, შესაძლოა ეროვნული ბანკი, ან საქსტატი, ან ნებისმიერი უწყება, რომელიც სტატისტიკას აქვეყნებს, იგივე „ესკო“, ადამიანური რესურსის, ან ტექნოლოგიური რესურსის არასაკამრისობის გამო  ისეთი პერიოდულობით ვერ აქვეყნებდეს  კონკრეტულ სტატისტიკას, როგორიტაც ვისურვებდი, მაგრამ, როცა აქვეყნებს, ისე უნდა იყოს მაქსიმალურად ჩაშლილი და დაწვრილებითი, რომ კითხვის ნიშნები არ უნდა რჩებოდეს. ამაში სრულიად ვიზიარებ „აფბას“ პოზიციას“,- განაცხადა ჭარაიამ.

მისი თქმით, ხშირია სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ მაგალითად, იმპორტირებული ელექტროენერგია 3 ცენტი ღირს, 4 ცენტი ღირს, ხოლო ნამახვანის მიერ გამომუშავებული კი უფრო ძვირი იქნება. „ასე ხშირად გვესმის, მაგრამ არ არის ეს ასე მარტივად და უბრალოდ, აქ უამრავი ნიუანსია.

ამ და კიდევ ბევრ საკითხში სწორად ჩასაწვდომად, როგორც სპეციალისტებს, ისე საზოგადოების დაინტერესებულ ნებისმიერ ჯგუფს, სჭირდება რაც შეიძლება მეტი და სრული ინფორმაცია. ნამდვილად კარგი იქნება, თუ „ესკო“ შეძლებს და დაიწყებს იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების თაობაზე ჩაშლილი ინფორმაციის გამოქვეყნებას“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ  გასულ კვირას „ესკოს“ მიმართა თხოვნით, ყოველთვიურ ჭრილის მიხედვით მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნებიდან და რა საკონტრაქტო ფასის (დღე/ღამე/უქმე დღე) მიხედვით ხდებოდა ელექტროენერგიის შესყიდვა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

ორგანიზაციის მოთხოვნას „ესკო“ ჯერ-ჯერობით არ გამოხმაურებია.

Share