Home » საზოგადოება » აფბამ საპენსიო საკითხების შესახებ “სტრატეგია აღმაშნებელს” ოფიციალური კითხვებით მიმართა

აფბამ საპენსიო საკითხების შესახებ “სტრატეგია აღმაშნებელს” ოფიციალური კითხვებით მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საპენსიო სესხების საკითხზე პოლიტიკურ მოძრაობას „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ ოფიციალური კითხვებით მიმართავს.

როგორც აფბას მიმართვაშია აღნიშნული, ორგანიზაცია აქტიურად სწავლობს საპენსიო და სხვა სოციალური გასაცემლების მომსახურების და მათთან დაკავშირებული საბანკო სესხების განაკვეთის საკითხს. შესაბამისად, მიესალმება „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელის“  წამოწყებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ოფიციალური კომუნიკაციის ფორმით სთხოვს ორგანიზაციას გააცნოს მათ მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტის იმპლემენტაციის პრაქტიკული ასპექტები.

აფბას მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„ა/ო „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა აქტიურად სწავლობს საპენსიო და სხვა სოციალური გასაცემლების მომსახურების და მათთან დაკავშირებული საბანკო სესხების განაკვეთის საკითხის.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ მივესალმებით თქვენს წამოწყებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დეტალურად გავეცანით თქვენს მიერ ინიცირებულ კანონის პროექტს. მოცემული ხედვა ერთმნიშვნელოვნად საინტერესოდ ჟღერს, თუმცა გვინდა ოფიციალური კომუნიკაციის ფორმით უფრო დეტალურად გაგვაცნოთ თქვენს მიერ ინიცირებული კანონის პროექტის იმპლემენტაციის პრაქტიკული ასპექტები.

  1. თქვენ მიერ ინიცირებულ კანონის პროექტში პენსიის გაცემის კუთხით, აღნიშნულია შემდგომი პრინციპი, რომ უფროსი თაობის წარმომადგნელებს პენსიის აღების საშუალება ნებისმიერ ბანკში ჰქონდეთ. მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ ზონებში მართლაც შესაძლოა არჩევანის თავისუფლების მინიჭება, თუმცა საინტერესოა როგორ დარეგულირდება აღნიშნული საკითხი რთულ გეოგრაფიულ რეგიონულ ზონებში?

გთხოვთ, უფრო დეტალურად გაგვაცნოთ თქვენი ხედვა აღნიშნული ინიციატივის პრაქტიკული ასპექტების თაობაზე. კერძოდ, ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი ინიციატივის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში (თუ ერთ ინსტიტუციას არ ექნება მთელი ქვეყნის მასშტაბით პენსიის გაცემის ვალდებულება), რთულ გეოგრაფიულ ადგილებში, შესაძლოა, პენსიის დარიგებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნას?

გთხოვთ, დეტალურად მოგვაწოდოთ აღნიშნულ საკითხზე თქვენი ხედვა.

  1. თქვენ მიერ ინიცირებული კანონის პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ – „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მაგალითად, სხვა მოქალაქეებისათვის გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი,

რომელიც სხვადასხვა ბანკში 15%-დან იწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყველაზე ძვირ სესხს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი – პენსიონერები იღებენ“

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ გაგვაცნოთ თქვენს მიერ ჩატარებული ბაზრის ანალიზი.

კერძოდ, საინტერესოა კანონის პროექტის შემუშავების პროცესში, რა ფაქტორებზე დაყრდნობით დაადგინეთ ის დასკვნა, რომელიც ციტატის სახით არის ზემოთ მოცემული.

ასევე, გთხოვთ, გაგვაცნოთ თქვენ მიერ ბაზრის კვლევის კონკრეტული შედეგები. კერძოდ, როგორია ბაზარზე არსებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთები 1000 ლარამდე სამომხმარებლო არაუზრუნველყოფილ სესხებზე?

  1. თქვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, მუდმივად ისმის საპროცენტო განაკვეთების ოდენობის კრიტიკა. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია მიესალმება ნებისმიერ მცდელობას, რაც შეიძლება დაბალ პროცენტში ჰქონდეთ უფროსი თაობის ადამიანებს პენსიის აღების საშუალება. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით, გვაქვს რამდენიმე დამაზუსტებელი კითხვა, კერძოდ:

3.1. თქვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, ხშირად ისმის მოსაზრება, რომ დღეს არსებული საპროცენტო განაკვეთი არის მაღალი. გთხოვთ განგვიმარტოთ, ამ განცხადების შინაარსი. კერძოდ, ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას გაძლევთ სხვა ბანკებში არსებული იდენტური სასესხო პროდუქტის შედარებითი ანალიზი თუ რაიმე სხვა ფაქტორები?

3.2. აქვე გკითხავთ, რა ოდენობის საპროცენტო განაკვეთი არის თქვენთვის მისაღები და გთხოვთ, განგვიმაროთ კონკრეტულად რა ანალიზზე დაყრდნობით გამოთვალეთ მისაღები საპროცენტო განაკვეთი?

  1. ბოლოს გკითხავთ, 25 მაისს ინიცირებულ კანონის პროექტში განხილვის ბოლო ვადა მითითებულია 24/09/2021. როგორც ჩანს აღნიშნულ ვადაში განხილვის დასრულება ვერ მოხერხდა. გთხოვთ, განგვიმარტოთ განხილვის გაჭიანურების მიზეზები და აქვე გაგვაცნოთ თქვენი ხედვა კანონის პროექტის შემდგომ საპარლამენტო სესიებზე განხილვასთან დაკავშირებით.

წინასწარ მადლობას გიხდით ეფექტური თანამშრომლობისთვის. შესაბამისად, გთხოვთ, გონივრულ ვადაში (24.09.2021-მდე) გვიპასუხოთ ზემოთ მოცემულ კითხვებზე“, – აღნიშნულია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბას მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

 

 

 

Share