Home » საზოგადოება » აფბამ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადების მიზეზების დასადგენად სსე-ს ესკოს- და „ენერგეტიკულ ბირჟას“ კითხვებით მიმართა

აფბამ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადების მიზეზების დასადგენად სსე-ს ესკოს- და „ენერგეტიკულ ბირჟას“ კითხვებით მიმართა

აფბამ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადების მიზეზების დასადგენად სსე-ს ესკოს- და „ენერგეტიკულ ბირჟას“ კითხვებით მიმართა

„ახალგაზრდა ფინანისისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ სსე-ს („საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) ესკოს („ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს“) და სენბის („საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“) მიმართა და სთხოვა ორგანიზაციას მიაწოდონ მათი ხედვები, თუ რა მიზეზების გამო გადავადდა ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედება და დარწმუნებულები არიან, თუ არა, რომ ბირჟა ხელახლა დათქმული ვადის, ანუ 6 თვის შემდგომ მაინც ამოქმედდება. შეგახსენებთ, სსე და ესკო „ენერგეტიკული ბირჟის“ თანაბარწილოვანი დამფუძნებლები არიან. აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ იყო პირველი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება დათქმულ ვადაში, ანუ 2021 წლის 1 ივლისს ვერ მოხერხდებოდა. მხოლოდ აფბას განცხადების შემდეგ, იმავე დღეს, ჯერ ეკონომიკის სამინისტრომ, ხოლო შემდგომ ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა პირებმა დაადასტურეს, რომ რეფორმის ამოქმედება დროში გადავადდებოდა. მანამდე, ბირჟის ხელმძღვანლობა ყველა შესაძლო შემთხვევაში, ეჭვმიუტანლად ამტკიცებდა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა.

აფბას პოზიციით,  რეფორმის ამოქმედების შედეგად   ენერგეტიკის სექტორში მიიღწეოდა ისეთი მნიშვნელოვანი შედეგები, როგორიცაა –  ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა, სამართლიანი ფასწარმოქმნის დამკვიდრება და კორუფციული დაშვებების მინიმუმამდე დაყვანა. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია,  საზოგადოებას თავად მთავარი ფიგურანტებისგან ჰქონდეს სრულყოფილი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა დათქმულ ვადებში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება და არ მოხდეს ყველა პრობლემის გადაბრალება პანდემიაზე და კიდევ სხვა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტორებზე.

მიუხედავად იმისა, რომ აფბა უკვე არაერთხელ შეეჩეხა იმ გაუმჭვირვალე პოლიტიკას, რომელსაც ესკო და სსე ატარებენ არსამთავრობო სექტორთან კომუნიკაციის დროს, მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ რეფორმის მნიშვნელობიდან გამომდინარე,  „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დამფუძნებელი სახელმწიფო კომპანიები გამოიჩენენ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ოფიციალურად უპასუხებენ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს.

აფბა, ასევე მიმართავს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟას“, მოგვაწოდოს დეტალური და კონკრეტული ინფორმაცია, თუ რამ განაპირობა ბირჟის ამოქმედების გადავადება (რასაც თავად შეძლებისდგავარად ლამაზი ფორმით, საათობრივი ვაჭრობის (ანუ ბირჟის ფუნქციობის განმსაზღვრელი ფაქტორის) გადავადებას უწოდებენ), რომელი პუნქტების შესრულება ვერ მოხერხდა და რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად მათ მიერვე გაცხადებული შემდგომი 6 თვიანი პერიოდის განმავლობაში.

ვთხოვთ, დააფიქსირონ, ნამდვილად არიან თუ არა დარწმუნებულნი, რომ ბირჟა ამოქმედებას მოახერხებს 2022 წლის 1 იანვარს (მათ შორის, და უპირველეს ყოვლისა, საათობრივი ვაჭრობის დაწყებას), – ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

Share