Home » საზოგადოება » აფბა მზადაა ენერგეტიკული ბირჟის პრობლემები პრემიერ მინისტრს გააცნოს

აფბა მზადაა ენერგეტიკული ბირჟის პრობლემები პრემიერ მინისტრს გააცნოს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე, მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული ბირჟის საკითხის გარშემო პრობლემები არ არის აღქმული სათანადოდ  და ხელისუფლების მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს. ამის შესახებ კაპანაძემ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედების პრობლემა ის გამოწვევაა, რომელთან მართებულად გამკლავებაზეც დიდწილად დგას საქართველოს ენერგეტიკის, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების პერსპექტივა.

„ბაზრის ახალი მოდელის წარმატების მისაღწევად ენერგეტიკული ბირჟის გამართული ფუნქციობა უმთავრესი პირობაა. აქ მთავარია საათობრივ ვაჭრობაზე უპრობლემოდ გადასვლა და უბალანსობაზე ბაზრის მონაწილეებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება.

სწორედ ამ მთავარი პირობის უზრუნველყოფა ვერ მოახერხა ენერგეტიკული ბირჟის მენეჯმენტმა რეფორმის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ვადებში, ანუ 2021 წლის 1 ივლისს ბირჟა სრულფასოვნად ვერ გაეშვა და საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა გამოეცა დადგენილება ამ ვადის 2022 წლის 1 იანვრამდე გადატანის თაობაზე.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამწუხაროდ, ვერც ამ ახალ ვადაში მოხერხდება ამოცანის გადაჭრა. საამისოდ რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს. კერძოდ, ის, რომ ზამთრის პერიოდში არსებული ენერგოდეფიციტი, რის გამოც ბირჟაზე პრაქტიკულად მხოლოდ იმპორტიორები იქნებიან წარმოდგენილნი და შესაძლოა საფრთხე შეექმნას ფასების სტაბილურობას.

ასევე, საგულისხმოა, რომ ზამთრის პერიოდში კრიტიკულ ზღვრამდეა შემცირებული ენგურჰესის რესურსი. ამდენად, ქართული გენერაციის ეს მთავარი ფიგურანტიც ვერ მიიღებს ხელშესახებ მონაწილეობას საბირჟო ყოველდღიურობაში (ენგურის რემონტზე ყოფნა ბირჟის 2021 წლის 1 ივლისს ვერ ამოქმედების და შესაბამისად რეფორმის გადადების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ). მით უფრო, რომ ფიქსირებული ტარიფის გამო, ენგურის რესურსი ისედაც ამოვარდნილია საბირჟო კონიუნქტურიდან.

მთავარი არის ის, რომ დარჩენილ 6 თვიან მონაკვეთში პრაქტიკულად შეუძლებელია მცირე და საშუალო ჰესების პრობლემების მოგვარება. მათი უმრავლესობა თამაშგარეთ დარჩება, რადგან ვერ მოახერხებენ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას (შესაბამისი მზომებით აღჭურვა და სხვ.) საიმისოდ, რომ დეტალურად შეძლონ მიწოდების საკუთარი შესაძლებლობის განსაზღვრა. შესაბამისად, სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, მათ მოუწევთ მიწოდების რეალური შესაძლებლობის ხელოვნურად შემცირება, რაც ამ კომპანიებს გაიყვანს დიდ დანაკარგებზე და ზარალზე.

არც საბითუმო და საცალო ბაზრის ერთიანი, ეფექტური მუშაობისთვის საჭირო  საკანონმდებლო ჩარჩოა სრულყოფილი.

პრობლემაა ასევე ქარისა და მზის ელექტროსადგურებთან მიმართებითაც. არ არსებობს სატელიტური დაკვირვების სისტემებიც.

ეს ყველაფერი შეუძლებელს ხდის ბაზრის მოთამაშეების სრულფასოვან ჩართულობას ენერგეტიკული ბირჟის ვაჭრობის სისტემაში“, აღნიშნა კაპანაძემ.

აფბას ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საკითხი უმაღლეს დონეზეა განსახილველი. „4 თვეა ვაკვირდებით, ვიკვლევთ, მონიტორინგს ვუკეთებთ ენერგეტიკული ბირჟასთან დაკავშირებულ პროცესებს და მივდივართ დასკვნამდე, რომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი არ არის აღქმული სათანადოდ  და ხელისუფლების მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს.

ჩვენი ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას, კვლევის შედეგები, საკითხის რეალური პერსპექტივა და გადასადგმელი ნაბიჯების როგორც თანმიმდევრობის, ისე ერთობლიობის ჩვენეული ხედვა, ანუ ენერგეტიკული ბირჟის პრობლემები პრემიერ მინისტრს გააცნოს.

ვფიქრობთ,  მხოლოდ ამგვარად, ბირჟის საკითხში აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის უშუალო ჩართულობით თუ იქნება მიღწეული, რომ პრობლემას მიექცეს ის ყურადღება, რასაც ის თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე იმსახურებს და  მთავრობამ შეძლოს საკითხთან მიმართებით უშეცდომო ორიენტირება“, – განაცხადა კაპანაძემ.

Share