Home » ეკონომიკა » აფბა – კაზინოებისთვის მოსაკრებლის განახევრება დაუმსახურებელი შეღავათია და ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს

აფბა – კაზინოებისთვის მოსაკრებლის განახევრება დაუმსახურებელი შეღავათია და ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ -აფბა ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც,  თბილისში სამორინეს მოსაკრებელი 5 მილიონი ლარიდან 2.5 მილიონ ლარამდე მცირდება და აცხადებს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია, აუცილებლად უნდა გადაიხედოს და გაუქმდეს, ვინაიდან კაზინოებისთვის მოსაკრებლის განახევრება დაუმსახურებელი შეღავათია.

აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გადაიხედოს და უახლოეს პერიოდში გააუქმოს ის გადაწყვეტილება, რომელიც თბილისში არსებული სამორინეებისთვის მოსაკრებლის განახევრებას ისახავს მიზნად.

აფბას შეფასებით, სათამაშო ბიზნესი უზარმაზარი შემოსავლის ფონზე, ისედაც საკმაოდ მცირე ოდენობის გადასახადს იხდის. შესაბამისად, გაუგებარია თუ რატომ ნახევრდება კაზინოებისთვის არსებული მოსაკრებელი.

მაშინ, როდესაც პანდემიის გამო ბიზნესის ფაქტობრივად ყველა სექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია და დახმარებას საჭიროებს,  გაუგებარია მთავრობის გადაწყვეტილება, როდესაც სხვა ბიზნესის სხვა სექტორების კიდევ უფრო მხარდაჭერის ნაცვლად, საგადასახო შეღავათებს უწესებს სათამაშო ბიზნესს, რომლის წლიურმა ბრუნვამაც 2020 წელს, დაახლოებით, 31 მილიარდ ლარს მიაღწია.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რეგულაციების მიღმა დარჩენილი სათამაშო ბიზნესი ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის პარაზიტად იქცა და მათი საქმიანობაც მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად გაღარიბებისკენაა მიმართული.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაციისთვის“ მიუღებელია მთავრობის არგუმენტი, რომ პანდემიის გამო 2020 წელს, 10 თვის განმავლობაში, თბილისში არსებული კაზინოები დაკეტილი იყო, რაც საგადასახადო შეღავათის საფუძველი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ სამორინეები ნამდვილად დაკეტილი იყო, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად ყველა სამორინეს გააჩნია საკუთარი ონლაინ კაზინო და მათი ბრუნვა არათუ შემცირდა, არამედ 2020 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 მილიარდი ლარით გაიზარდა და 31 მილიარდი შეადგინა.

ასევე, ეს ონლაინ კაზინოები მუდმივად ხვდებიან ყველაზე მაღალი ბრუნვის მქონე TOP10 კომპანიას შორის. შესაბამისად, აფბას შეფასებით, საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება კაზინოების მიმართ დაუმსახურებელი შეღავათია იგი აუცილებლად უნდა გადაიხედოს და ეს გადაწყვეტილება უმოკლედ ვადაში გაუქმდეს.

აფბას შეფასებით, დღეს გაცილებით მეტი ბიზნესია საქართველოში, რომელიც კოვიდპანდემიამ დააზარალა და მათ ბევრად მეტად ესაჭიროებათ დახმარება, ვიდრე სამორინეებს, რომელთა შემოსავალიც წლიდან-წლამდე განუზომლად იზრდება. მით უფრო, რომ  ეს არის ბიზნესი, რომელიც ეკონომიკაში ვერანაირ დოვლათს ვერ ქმნის, მოსახლეობის გაღარიბებისკენაა მიმართული და რეგულაციებს მიღმა დარჩენილი, დღემდე, საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება“, – აღნიშნულია აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Share