Home » საზოგადოება » აფბა ესკოს საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის დარღვევაში ამხელს

აფბა ესკოს საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის დარღვევაში ამხელს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ესკო)  საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის დარღვევაში ამხელს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, საკითხს შესაბამის სამართლებრივ მსვლელობას აუცილებლად მისცემენ.

აფბას განცხადებით, ორგანიზაციამ 2021 წლის 4 მარტს ოფიციალურად, წერილობით მიმართა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ესკო), რათა მიეწოდებინა 2016-2020 წლის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის დეტალური ტარიფები თვეების მიხედვით. ინფორმაციაში დეტალურად უნდა ყოფილიყო ასახული იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდებობა და  შესაბამისი საფასური დღის/ღამის და დასვენების დღეების ე.წ. საკონტრაქტო ფასების მიხედვით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კანონით განსაზღვრული 10 დღიანი ვადა ამოიწურა ესკომ ორგანიზაციას მოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხი არ დაუბრუნა, რითიც დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე­-40 მუხლის პირველი ნაწილი.

ცნობისთვის, იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროების მოთხოვნით აფბამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსაც მიმართა. როგორც პრემიერისადმი მიმართვაშია აღნიშნული, ესკოს მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ ინფორმაციის არასრულად გამოქვეყნება საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ხარისხის პრობლემის მორიგ გამოხატულებას წარმოადგენს. ეს პრობლემა, დღეს უმწვავესად დგას საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ სექტორშიც და თუკი ესკო გამჭვირვალობასთან დამოკიდებულებას არ შეცვლის, იგივე პრობლემა წამოიჭრება იმპორტირებული ელექტროენერგიის შემთხვევაშიც. ასევე, იმპორტირებული ენერგიის ფასების დამახინჯებული სახით გამოქვეყნება, კორუფციაში და ბუნდოვან გარიგებებში ჩართულობის ეჭვებს აჩენს. მსგავსი ინტერპრეტაციების თავიდან არიდების ყველაზე ეფექტიანი მიდგომა კი, გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებაა.

ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის იმპორტის პროცესი გახდეს 100 %-ით გამჭვირვალე, რათა დაინტერესებულ საზოგადოებას ჩაშლილ მონაცემებზე ჰქონდეს წვდომა და იცოდეს დროის კონკრეტულ პერიოდში, რატომ მოხდა ამა თუ იმ იმპორტიორი კომპანიის შერჩევა. თავის მხრივ, ესკოს მიერ გამჭვირვალობის პრინციპის დაცვა დაასრულებს სიცრუის ტირაჟირებას და თავიდან ავირიდებთ მანიპულაციებს სხვადასხვა დაინტერესებული საზოგადოებრივი თუ ბიზნეს ჯგუფების მხრიდან. – აღნიშნავდა აფბა პრემიერისადმი მიართვაში.

 

 

 

Share