Home » ახალი ამბები » ანდრო სარჯველაძე: „ჰუმანითის“ შემოსვლით ბაზარზე მეტი კონკურენცია გაჩნდება და ეს უკვე კარგია
ანდრო სარჯველაძე: „ჰუმანითის“ შემოსვლით ბაზარზე მეტი კონკურენცია გაჩნდება და ეს უკვე კარგია

ანდრო სარჯველაძე: „ჰუმანითის“ შემოსვლით ბაზარზე მეტი კონკურენცია გაჩნდება და ეს უკვე კარგია

ფარმაცევტულ ბაზარზე, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება. ინფორმაციას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ავრცელებს. აფბა 200 ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტის ფასს ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით აკვირდებოდა. შედეგების მიხედვით, 32 დასახელების მედიკამენტზე ფასმა დაიკლო. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, კლება შესაძლოა, გამოწვეული იყოს ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლით. როგორც ცნობილია,„ჰუმანითის“ წამლები, არსებულთან შედარებით, 30 %-ით იაფია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიცოცხლის გადასარჩენად” ხელმძღვანელი ანდრო სარჯველაძე  ფარმაცევტული ბაზრის მდგომარეობაზე საუბრობს:

„ძალიან კარგია, „ჰუმანითი“ რომ შემოვიდა ბაზარზე. ნებისმიერი ახალი კომპანიის გამოჩენა დადებითი მოვლენაა, თუ მისი პროდუქცია სტანდარტებს შეესაბამება. თუ მაღალ ხარისხთან  ერთად, ფასების შემცირების ტენდენციაც დაფიქსირდა, ესეც ძალიან კარგი იქნება.”

ანდრო სარჯველაძე, ასევე,შეეხო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, რომელიც ახალი კომპანიის შემოსვლით შეიქმნა:

„კონკრეტულად, რა წამალზე რა ფასი აქვს „ჰუმანითის“ არ ვიცი, მაგრამ მეტი კონკურენცია ნამდვილად იქნება და ეს უკვე დადებითი მოვლენაა. სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული რეგულაცია მაინც მოქმედებს, მაგალითად, ხარისხის კონტროლი. სახელმწიფომ ახალი კომპანიის შემოსვლას ხელი არ უნდა შეუშალოს. თუ მისი წამლების ხარისხი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მით უფრო. „ჰუმანითის„ გამოჩენა დროული და ყველასათვის სასარგებლო მოვლენაა,”-ამბობს ანდრო სარჯველაძე.

Share