Home » ეკონომიკა » ანდრია გვიდიანი: სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები ეკონომიკის აღდგენის სწრაფი ტემპების შედეგია

ანდრია გვიდიანი: სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები ეკონომიკის აღდგენის სწრაფი ტემპების შედეგია

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 9.9 პროცენტი შეადგინა. ივლისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ფონზე იანვარ-ივლისის ზრდის ტემპმა 12.2 პროცენტი შეადგინა. ეკონომისტ ანდრია გვიდიანის შეფასებით, ეკონომიკის ასეთი ტემპით აღდგენის ტემპი ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.

“ეკონომიკური ზრდის კუთხით, საქართველო ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა. კერძოდ, მიმდინარე წლის ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე, წელს ეკონომიკის ზრდა სხვადასხვა მონაცემების მიხედვით 8%-ის ფარგლებში იქნება.

თავის მხრივ, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა შიდა მოთხოვნაა, რაც ასევე ფისკალური სტიმულის და დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.

შედარებისთვის რომ გადავხედოთ რეგიონის ქვეყნებს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ასე გამოიყურება – თურქეთი 6%, რუსეთი 4.4%, უკრაინა 4%, სომხეთი 1%, აზერბაიჯანი 2.3%.

რაც შეეხება ზოგადად, მსოფლიო ტენდენციებს მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ასეთია: გლობალური ეკონომიკა – 6%, ევროზონა – 4.6%, აშშ 7%. აღნიშნული პროგნოზების ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია”, – განაცხადა გვიდიანმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები მნიშვნელოვნად განპირობებულია საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოთი.

„უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველომ უმძიმესი გლობალური კრიზისის შემდგომ შეძლო ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპის დაფიქსირება. როგორც ვიცით, სარეიტინგო სააგენტო “S&P Global-მა” საქართველოს უცვლელად დაუტოვა საკრედიტო რეიტინგი.

თავის მხრივ, სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ რეიტინგის უცვლელად დატოვების მთავარი მიზეზები დაკავშირებულია ინსტიტუციონალურ სიძლიერესთან, მოქნილ გაცვლითი კურსის რეჟიმსა და მაღალ საერთაშორისო ფინანსურ მხარდაჭერასთან. ამდენად,მიმაჩნია, რომ სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები ეკონომიკის აღდგენის სწრაფი ტემპების შედეგია”- -აღნიშნა გვიდიანმა.

Share