Home » საზოგადოება » ანდრია გვიდიანი: მსოფლიო ეკონომიკას დღეს მხოლოდ მედიცინისა და მეცნიერების იმედი აქვს

ანდრია გვიდიანი: მსოფლიო ეკონომიკას დღეს მხოლოდ მედიცინისა და მეცნიერების იმედი აქვს

2021 წლის ეკონომიკურ გამოწვევებზე მსოფლიოსა და საქართველოში ,,კვირა“ ეკონომიკის ექპერტს, ანდრია გვიდიანს ესაუბრა:

-2020 წელი ურთულესი აღმოჩნდა მსოფლიო ეკონომიკისთვის. 2021 წელს რა ნიშნულის მიღწევის იმედი შეიძლება, ვიქონიოთ?

-მთელი მსოფლიო ეკონომიკა დღეს მედიცინაზეა დამოკიდებული იმის მიხედვით, რამდენად სწრაფად დაამარცხებს მსოფლიო პანდემიას. შეიძლება, ვისაუბროთ ახალ გამოწვევებზე მსოფლიო ეკონომიკაში. რაც შეეხება ქართულ ეკონომიკას, დიდი მნიშვნელობა ექნება კერძო სექტორის წახალისებას, როგორც მთავარი კონტრიბუტორისა სახელმწიფო ბიუჯეტში. მოგეხსენებათ, 2021 წლის ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯებისთვის გამოყოფილია 8%, ეს კი ეკონომიკის ზრდაზე მიგვანიშნებს. ამ წელს გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც მინიმალურამდე შეამცირებს ქვეყნის ეკონომიკურ ვარდნას. ინფრასტრუქტურულ პროექტებში დასაქმებული ადამიანები კი შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს.

-გაზაფხულზე, კორონავისურის პირველი ტალღის შემდეგ, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად დაეხმარა ტურიზმის სფეროს, რასაც პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. საუბრობდნენ იმაზე, რომ პანდემიის ფონზე მსოფლიოში ტურიზმი მინიმუმ 3-4 წლის განმავლობაში გაჩერდებოდა და საქართველოს მთავრობა ტყუილად ცდილობდა სფეროს ხელშეწყობას.

-საქართველოს ეკონომიკისთვის ტურიზმი და ტურისტული სფერო ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან საბიუჯეტო შემოსავლების 10% სწორედ ამ სექტორზე მოდის. დამერწმუნეთ, პანდემიის ჩაცხრობასთან ერთად ტურიზმი ერთიორად აქტიური გახდება და უკვე 2021 წელს მისი ეკონომიკური მაჩვენებელიც გაიზრდება. თუ ქვეყნის ხელისუფლება მომავალშც წაახალისებს ტურისტულ სფეროს როგორც გადასახადებით, ისე – კანონმდებლობით, ეკონომიკა მის შედეგებს მყისიერად მოიმკის.

-პანდემიამ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება ნებისმიერი ქვეყნისთვის. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. რა შეიძლება, გაკეთდეს იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების თვალსაზრისით საქართველო თვითკმარი ქვეყანა გახდეს?

-ერთ ან ორ წელიწადში ამის მიღწევა შეუძლებელია. სოფლის მეურნეობა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებზეა გათვლილი ნებისმიერ ქვეყანაში. ,,ქართულმა ოცნებამ“ სოფლის მეურნეობის კუთხით აუცილებელი რეფორმები გაატარა ,,დარგე მომავლისა“ და იაფი აგროკრედიტის სახით. სტრატეგია სწორია, ახლა მთავარია, ისე გაგრძელდეს სოფლის მეურნეობის პროგრამები, რომ ის ბიზნესისთვის გახდეს საინტერესო.

-რას გულისხმობთ?

-დღეისათვის სოფლის მეურნეობის სფერო საქართველოში დოტაციურია. სახელმწიფო ასუბსიდირებს მთლიანად დარგს. ახლა საჭიროა, სოფლის მეურნეობა გახდეს მომგებიანი და ხელისუფლება ამაზეც ფიქრობს. პრემიერმა გახარიამ დააანონსა მილიონ 200 000 ჰექტარი მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია. ეს საშუალებას მისცემს როგორც სახელმწიფოს, ისე – ბიზნესს, სწორად დაგეგმოს ამ მიწებზე საკუთარი ბიზნესპროექტები. მოგეხსენებათ, საქართველოში მამიდან შვილზე მემკვიდრეობით გადაიცემოდა მიწის ნაკვეთები და მათ დაკანონებაზე არავინ ზრუნავდა. ამიტომ, როდესაც ბიზნესმენი ცდილობდა რომელიმე პროექტის განხორციელებას კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე, იურიდიული თვალსაზრისით ის მოუწესრიგებელი ხვდებოდა, რაც ძალიან ართულებდა დარგის განვითრებას. 3 წლის განმავლობაში, პრემიერმინისტირ განკარგულებით, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, რომ ბიზნესისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობა გახდეს საინტერესო. ახლა სოფლის მეურნეობაში განხორციელებული სახელმწიფო სუბსიდია დარგის გადარჩენაზეა გათვლილი და არა – მოგებაზე.

-როდის იქცევა ქართული სოფლის მეურნეობა მომგებიანად?

-სოფლის მეურნეობის საბოლოო პროდუქტია მომგებიანი და არა – ნედლეული, თუმცა, ნედლეულის გარეშე საბოლოო პროდუქტს ვერ მივიღებთ. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოში მოყვანილი არა პომიდორი, არამედ მისი კეტჩუბია დამატებითი ღირებულების შემქმნელი. ბიზნესმენისთვის საინტერესო უნდა იყოს საინვესტიციო გარემო და კანონმდებლობა, რომ, საკუთარი ფული დახარჯოს სახელმწიფო სუბსიდიების ნაცვლად, რომელიც მნიშვნელოვნად ამოასუნქებს როგორც საქართველოს ბიუჯეტს, ისე – მის ეკონომიკას. დარგის განვითარებაში აუცილებელია, შეიქმნეს ჯაჭი: კანონმდებლობა, საინვესტიციო გარემო, ნედლეული და საბოლოო პროდუქცია. როდესაც ეს ჯაჭვი გამართულად იმუშავებს, მხოლოდ მაშინ გახდება ქართული სოფლის მეურნეობა მომგებიანი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ამ ჯაჭვის ასაწყობად, თუმცა, ეს ერთი და ორი დღის სამუშაო არ გახლავთ, საშუალო და გრძელვადიან პროგრამებზეა გათვლილი და ეფექტიც მყისიერი ვერ იქნება.

-2021 წელი მსოფლიო ეკონომიკისთვის, სავარაუდოდ, როგორი იქნება?

– გამოწვევებით აღსავსე წელი ელის კაცობრიობას როგორც განვითარებული, ისე – განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაწყებული, ცენტრალური ევროპის ქვეყნებით დამთვრებული. 2021 ნაკლებად რთული არაფრით იქნება 2020 წელზე და ყველაფერი დამოკიდებული იქნება მეცნიერებზე სამედიცინო სფეროში და მათ ნაწარმოებ ვაქცინაზე. თუ მოვერიეთ ,კოვიდ 19“-ს და სხვა ახალმა ,,კოვიდებმა“ შემოგვიტიეს, არც ეკონომიკაზე იქნება საუბარი და არც – კულტურასა თუ განათლებაზე. მთელი მსოფლიოს ეკონომიკა დღეს მედიცინას შესცქერის იმედის თვალით. რაც შეეხება ქართულ ეკონომიკას, მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების გათვლით, მისი ზრდა 5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ასე რომ, მთავარი ჯანმრთელობაა, 2021 წლის ეკონომიკური მოლოდინები კი – პოზიტიური.

kvira.ge

Share