Home » ეკონომიკა » ანდრია გვიდიანი: ჰესების გარეშე 10 წელიწადში გაზის მოხმარება გაორმაგდება, რაც იმპორტულ რესურსზე უმძიმეს დამოკიდებულებას ნიშნავს

ანდრია გვიდიანი: ჰესების გარეშე 10 წელიწადში გაზის მოხმარება გაორმაგდება, რაც იმპორტულ რესურსზე უმძიმეს დამოკიდებულებას ნიშნავს

ახლა სულ ახალი, ცინცხალი მოსაზრება გაჩნდა, რასაც სამხრეთ კავკასიური მილსადენით ტრანზიტის სანაცვლოდ უფასოდ ვიღებთ გაზს, აი, მაგ გაზით ვაწარმოოთ ელექტროენერგიაო და არც ნამახვანი გვინდაო, არც სხვა ჰესებიო. ეს მოსაზრება გოგლა ჟვანიას ეკუთვნის. ეს კაცი პარლამენტის წევრი იყო, ყოველ შემთხვევაში, მასზე დადებითი წარმოდგენის ვიყავი და ვარ, თუმცა ასეთ გულუბრყვილობას თუ იტყოდა, არ მეგონა, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ეკონომისტი ანდრია გვიდიანი ყოფილი პარლამენტარისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმის გოგლა ჟვანიას ფეისბუქ-პოსტს.

ანდრია გვიდიანის განცხადებით, ვისაც არ ეზარება, ვინც იცის და არ იცის, ყველა ენერგეტიკაზე ლაპარაკობს.

„უმეტესი მათგანი ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას პოპულიზმის ამოუწურავი რესურსის გამო მიჰყვება, ზოგიერთი ცდილობს, აქტუალურ თემებს არ მოაკლდეს და უბრალოდ, რამე კომენტარი გააკეთოს“, – წერს იგი.

ეკონომისტი თავის გვერდზე განმარტავს, რატომ არის ექს-დეპუტატის მოსაზრება არასწორი. ამისთვის ის ექვს მიზეზს ასახელებს.

„მოდით რამდენიმე საკითხს შევეხოთ: ბუნებრივი აირი, რომელსაც „უფასოდ” ვიღებთ, სინამდვილეში ტრანზიტის საფასურია. შესაბამისად, უფასო არაფერი არ არის – ყველაფერს თავის ფასი აქვს. მეორეც, თუ მოხმარება ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება, დეფიციტის დასაფარად, ამის პარალელურად ყოველწლიურად დამატებით 110 მგვტ. სიმძლავრის თბოსადგურების მშენებლობაა საჭირო, ჯამურად 1650 მგვტ. ხაზგასასმელია, რომ მოხმარების 3%-იანი ზრდა პესიმისტური გათვლაა, მინიმუმ 5%-იანი ზრდა გვექნება მომავალ წლებში. შედეგად, 2035 წლისთვის, თბოსადგურებისთვის იმპორტირებული გაზის მოცულობა 2,200 მილიონ მ3-ს მიაღწევს, რომლის ღირებულებაც საშუალოდ, 440 მლნ. აშშ დოლარი იქნება“, – აცხადებს ანდრია გვიდიანი.

მისი თქმით, ტრანზიტის სანაცვლოდ მიღებულ ბუნებრივ აირს ელექტროენერგიის საწარმოებლად თუ გამოვიყენებთ და მერე ბუნებრივი აირი მაინც საყიდელი იქნება, აღნიშნული ზოგად სურათში არაფერს შეცვლის (შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება).

„2020 წელს (პანდემიის გათვალისწინებით) საქართველოში გაზის მოხმარება ყველა სექტორის მიერ იყო 2.6 მლრდ კუბური მეტრი. ანუ ჰესების გარეშე გაზის მოხმარება საქართველოში უახლოეს 10 წელიწადში ფაქტობრივად უნდა გაორმაგდეს. ეს კი ნიშნავს ისევ და ისევ იმპორტულ რესურსზე, ანუ გაზზე უმძიმეს დამოკიდებულებას, რაც რეგიონში არსებული ცვალებადი გეოპოლიტიკური ვითარებისა დამღუპველია“, – აღნიშნა გვიდიანმა.

ეკონომისტის კიდევ ერთი მოსაზრებით, დღევანდელი რეალობის შესაბამისად, თბოსადგურები ელექტროენერგიის საწარმოებლად ე.წ. სოციალურ გაზს იყენებენ, რომლის ღირებულება საბაზროზე გაცილებით დაბალია და 143 დოლარს შეადგენს.

„სოციალური გაზით ვასუბსიდირებთ ელექტროენერგიის წარმოებას და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არ გვაქვს ჰესები. ვფიქრობ, ეს არასწორი პრაქტიკა აუცილებლად გადასახედი და შესაცვლელია“, – აცხადებს ანდრია გვიდიანი.

Share