Home » ფინანსები » ანდრია გვიდიანი: „ესკომ“ იმპორტის დეტალური მონაცემების გამოქვეყნება უნდა დაიწყოს

ანდრია გვიდიანი: „ესკომ“ იმპორტის დეტალური მონაცემების გამოქვეყნება უნდა დაიწყოს

„რაც მეტია გამჭვირვალობა, მით ნაკლებია პასუხგაუცემელი კითხვები და ეს ფორმულა არ ეხება მხოლოდ ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარს, არამედ თანაბრად უნივერსალურია საბაზრო ურთიერთობის უკლებლივ ყველა ეტაპზე“, – ამის შესახებ ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა.

გვიდიანის მოსაზრებით, „ესკოს“ (ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორი) მიერ შემოთავაზებული გამჭვირვალობის არსებული პრაქტიკა ვერ აკმაყოფილებს ანალიტიკოსების, პროფესიონალების თუ უბრალოდ დაინტერესებული საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესს.

„ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფები ერთ-ერთი საინტერესო და საკვანძო საკითხია ენერგომატარებლების იმპორტის კონტექსტში. „ესკოს“ მიერ გამოქვეყნებული საშუალო შეწონილი ტარიფები, სამწუხაროდ,  ბევრი ინტერპრეტაციის და შესაბამისად, არასწორი დასკვნების გაკეთების საფუძველი ხდება. აუცილებელია, ესკომ გამჭვირვალობის ხარისხი გაზარდოს და ელექტროენერგიის საიმპორტო ფასების გამოქვეყნებისას ბოლომდე ჩაშალოს სტრუქტურა.

იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი, ზოგადად, შედგება დღის, ღამის და უქმე დღეების ტარიფისგან, – ე.წ. საკონტრაქტო ფასისგან. შესაბამისად, აუცილებელია, დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნება, რათა სრული ანალიზის საშუალება მოგვეცეს და რეალური სურათის დანახვა შევძლოთ“, – განაცხადა გვიდიანმა.

Share