Home » ბიზნესი » ანდრია გვიდიანი: ელექტროენერგიის იმპორტის შუამავალი კომპანია არ არსებობს – რეალურად ყველა იმპორტიორია

ანდრია გვიდიანი: ელექტროენერგიის იმპორტის შუამავალი კომპანია არ არსებობს – რეალურად ყველა იმპორტიორია

„ვამჩნევ ტენდენციას, რომ ელექტროენერგიის იმპორტიორი კომპანიების ერთ ნაწილს გარკვეული ჯგუფები მოიხსენიებენ იმპორტიორებად, ხოლო მეორე ნაწილს შუამავლებად. სიტყვების ეს შეგნებული თამაშში ისევ არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველს იძლევა, რაც დაუშვებლად მიმაჩნია“, – ამის შესახებ ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი პროდუქტისა თუ მომსახურების იმპორტირებისას, იქნება ეს ელექტროენერგია, თუ პომიდორი, ყველა ბიზნეს-სუბიექტი აწარმოებს სამეწარმეო საქმიანობას და ამ საქმიანობას ეწოდება იმპორტი. „ჩემთვის გაუგებარია, რა ლოგიკით შეიძლება ერთი და იგივე სამეწარმოე საქმიანობის განმახორციელებელ, ვთქვათ, ორი კომპანიიდან, ერთ-ერთს ეწოდებოდეს იმპორტიორი, ხოლო მეორეს, თითქოსდა დამამცირებელი სახელი – შუამავალი… რეალურად, ფაქტი ის არის, თუ კომპანია ახორციელებს ქვეყნის გარედან რაიმე სახის პროდუქციის ან მომსახურების შემოტანას, ის არის იმპორტიორი კომპანია. აქ ორი აზრის არსებობა, უბრალოდ ინსინუაცია იქნება და სხვა არაფერი“, – განაცხადა გვიდიანმა

გვიდიანმა ასევე აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს უკეთესი იქნებოდა, თუკი ელექტროენერგიის იმპორტის საქმეში მომწოდებელ ქვეყნებთან პირდაპირ სახელმწიფო გავიდოდა კომუნიკაციაზე და რომ თითქოს, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, უკეთესი პირობებით გვეყიდა ელექტრო ენერგია.

„სახელმწიფო გადასულია მოდელზე, როცა ელექტროენერგიის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან ახორციელებენ კერძო კომპანიები. ეს არის ერთადერთი სწორი და გამართლებული მოდელი. საბაზრო ეკონომიკის პრაქტიკაში არ არსებობს უკეთესი მოდელი. წარმოუდგენელია ვითარება, როცა სახელმწიფო ბიუროკრატიული მანქანა უკეთ აგვარებს ბიზნესურთიერთობებს, ვიდრე თავად ბიზნესი. სახელმწიფომ უნდა შექმნას რეალური კონკურენტული პირობები ყველა იმ ბაზარზე, სადაც ბიზნესს შესაძლოა ინტერესი გააჩნდეს და შემდგომ უკვე თავად ბიზნესი სთვაზობს სახელმწიფოს დროის იმ კონკრეტული მონაკვეთისთვის საუკეთოსო პირობებს.

ეს მოდელი ავითარებს კონკურენციას, შესაბამისად, ადგენს ოპტიმალურ და სამართლიან ფასს ამა თუ იმ პროდუქტზე, მათ შორის ელექტროენერგიაზე. 2016 წლიდან მოქმედებს ეს მოდელი ელექტროენერგიის იმპორტისას და ფაქტია, კერძო ბიზნესს მოაქვს გაცილებით უკეთესი ტარიფი, ვიდრე ეს მანამდე სახელმწიფოს მოქონდა“, – აღნიშნა გვიდიანმა.

Share