Home » მსოფლიო » ანდერს ფოგ რასმუსენი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით უნდა გახანგრძლივდეს
ანდერს ფოგ რასმუსენი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით უნდა გახანგრძლივდეს

ანდერს ფოგ რასმუსენი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით უნდა გახანგრძლივდეს

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არა ექვსი თვით, არამედ ერთი წლით უნდა გახანგრძლივდეს. აღნიშნულის შესახებ რასმუსენმა გამოცემა Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის განმარტებით, სანქციების გაგრძელების რეჟიმთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების პოზიციები განსხვავებული და სუსტია, რასაც მოსკოვი საკუთარი პოლიტიკის სასარგებლობდ იყენებს.

რასმუსენის განცხადებით, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ერთი წლით გაგრძელება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის ძლიერი სიგნალი იქნება, რომ ევროპის მთავრობები შეერთებულ შტატებთან ერთად ერთიანი არიან იმ სერიოზულ გამოწვევებზე საპასუხოდ, რომელიც მათ წინაშე დგას.

როგორც ცნობილია, გამოცემა The Wall Street Journal ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი მზად არის, სირიის ქალაქ ალეპოში შექმნილი ვითარების საპასუხოდ, მომავალ კვირას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე იმსჯელოს. გამომცემლობა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრა ორშაბათს, 17 ოქტომბერს გაიმართება.

მედიის ინფორმაციით, იმავე დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება მოსალოდნელი არ არის, მაგრამ თუ ალეპოს დაბომბა გაგრძელდება და მდგომარეობა გაუარესდება, სანქციების საკითხზე “სერიოზული განხილვა” დაიწყება.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის სექტემბერში, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდა. კერძოდ, კერძოდ, ე.წ შავ სიაში 146 პირი და 37 კომპანია შევიდა. სანქციები ძალაში ექვსი თვის განმავლობაში იქნება. ასევე ცნობილი გახდა, რომ თეთრი სახლი სირიაში არსებულ ვითარების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.

Share