Home » ეკონომიკა » „ანაკლიის პორტისთვის ტვირთების მოზიდვის ყველაზე დიდი პოტენციალი ჩინელ ინვესტორებს აქვთ“

„ანაკლიის პორტისთვის ტვირთების მოზიდვის ყველაზე დიდი პოტენციალი ჩინელ ინვესტორებს აქვთ“

ანაკლიის პორტისთვის ტვირთების მოზიდვის ყველაზე დიდი პოტენციალი ჩინელ ინვესტორებს გააჩნიათ, – მიიჩნევს თსუს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი.

ვახტანგ ჭარაიას აზრით, მთავრობამ ევროპელი და ამერიკელი ინვესტორების მსგავსად ჩინურ მხარესთანაც უნდა იმუშაოს.

„ახალმა ინვესტორებმა ანაკლიის პროექტის ფარგლებში უნდა უზრუნველყონ დასავლეთსა და აღმოსავლეთში ისეთი პარტნიორების მოძიება, რომლებიც არა მხოლოდ ფულს ჩადებენ ამაში არამედ, ტვირთების მოძრაობასაც უზრუნველყოფენ.

შესაძლოა საქართველოს და მისი დასავლური მისწრაფებების გამო კარგ ტონად მიგვაჩნდეს რომ მაინც და მაინც ამერიკელი ან ევროპელი ინვესტორი შემოვიდეს თუმცა უნდა განვიხილოთ ჩინელი ინვესტორებიც. ვინც ტვირთები უნდა მიიღოს და გასცეს ჩვენი კორიდორით ძირითადად ესენი არიან ჩინელები.

შესაბამისად, მათი ჩართულობის გარეშე ეს პროექტი ვერ განხორციელდება. ყველაზე მეტი პოტენციალი ტვირთების მიღების და გაცემის სწორედ მათ გააჩნიათ, ფინანსური რესურსიც არ აკლიათ შესაბამისად შეუძლიათ ამ პროექტის რეალობად ქცევა.“ – ვახტანგ ჭარაია – თსუს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი.

ვახტანგ ჭარაია იმასაც აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში ყველა პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნას.

„არც სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისმგებელი ინვესტორის წინაშე და არც პირიქით. ყველამ არსებული უპირატესობებიც და საფრთხეებიც თავის თავზე უნდა აიღოს. სახელმწიფოს არ უნდა გადააბაროს კომპანიამ ზარალის ანაზღაურება.

აუცილებელი პირობა უნდა იყოს რომ წინა კონსორციუმისგან განსხვავებით სახელმწიფო არ იყოს პასუხისმგებელი პროექტის ჩავარდნაში. წინა კონსორციუმი სწორედ ამას ითხოვდა, რომ თუ პროექტი წამგებიანი იქნებოდა ზარალი სახელმწიფოს დაეფარა. ეს მიუღებელია რა საკვირველია. ახალმა ინვესტორმა უნდა მოახერხოს, რომ მოგებაც სრულად მისი იყოს და წაგებაც საკუთარ თავზე აიღოს.

სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულებები რა თქმა უნდა რაც გულისხმობს საჭირო ინფრასტრუქტურის მოძიებას თუ კონტაქტების დამყარებას საჭიროების შემთხვევაში, თუმცა ფინანსებს ეს არ ეხება. თუ ფულის ჩადებაა ინვესტორის მაგივრად საჭირო მაშინ პორტს ტავად სახელმწიფო ააშენებდა.“ – ვახტანგ ჭარაია – თსუს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი.

შეგახსენებთ მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ინვესტორის მოძიების პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს. ახალი ინვესტორის მოძიების პროცესში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებიც ჩაერთვებიან.

Share