Home » საზოგადოება » ანა დოლიძე – სტატუსშეჩერებული სტუდენტების სახით, ქვეყანაში უსერიოზულესი სოციალური პრობლემა მწიფდება

ანა დოლიძე – სტატუსშეჩერებული სტუდენტების სახით, ქვეყანაში უსერიოზულესი სოციალური პრობლემა მწიფდება

მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ, ორგანიზაცია “პროგრესის ცენტრმა” და „მწვანეებმა“ პარლამენტის შენობის წინ, სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემასთან დაკავშირებით, მორიგი აქცია გამართეს და საკანონმდებლო ორგანოს წინ სიმბოლურად სტიკერები გააკრეს – “რამდენ კრედიტიანია თქვენი სიჩუმე” და “75 ათასი”.

აქციის წარმომადგენლები აპროტესტებენ პარლამენტის დუმილს იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც მათ 18 დეკემბერს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართეს.

მოძრაობა “ხალხისთვის” პრესსამსახურის ინფორმაციით, თეა წულუკიანისადმი გაგზავნილ საკანონმდებლო ინიციატივაში დაყენებული იყო ორი მოთხოვნა – აღუდგეთ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სწავლის უფლება და განახევრდეს სწავლის გადასახადი, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

“ქვეყანაში მწიფდება უსერიოზულესი სოციალური პრობლემა. დღეს საქართველოში 76000 სტატუსშეჩერებული სტუდენტია, ანუ თითქმის ყოველი მეორე სტუდენტი დარჩენილია უმაღლესი განათლების მიღების გარეშე. ამის მიზეზი არის ის, რომ პანდემიის დროს წარმოქმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო, ისინი ვეღარ ახერხებენ გადასახადის გადახდას. ერთი თვის წინ მივმართე განათლების კომიტეტს და პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით, რომ გადაჭრან ეს სოციალური პრობლემა. სამწუხაროდ, ამ შენობის მობინადრეები არიან ჩაკეტილები და პასუხი საკანონმდებლო წინადადებაზე დღემდე არ მიგვიღია. დღეს ჩვენ შეგვაქვს პარლამენტში მორიგი მოთხოვნა – 18 იანვარს ჩანიშნული განათლების კომიტეტის სხდომა იყოს საჯარო. ჩვენ რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები, ვითხოვთ დასწრებას კომიტეტის სხდომაზე, რათა გაიმართოს სერიოზული პოლიტიკური მსჯელობა სტატუსშეჩერებული სტუდენტების თემაზე. თუ ეს არის დემოკრატია და თუ გვაქვს პრეტენზია, რომ ეს არის ცივილიზებული და დემოკრატიული სახელმწიფო”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

Share