Home » საზოგადოება » “ამ მთავრობის ხელში არც ანაკლიას აქვს აშენების პერსპექტივა და არც “ნამოხვანჰესს”

“ამ მთავრობის ხელში არც ანაკლიას აქვს აშენების პერსპექტივა და არც “ნამოხვანჰესს”

“როცა “ავაშენოთ” მიტინგები აჯობებს “არ ავაშენოთ” მიტინგებს, მაშინ დაიწყებს­ ქვეყანა აღორძინებას…”, – ასე ეხმა­ურება “ლელოს” ლიდერი მამუკა­ ხაზარაძე­ “ნამოხვანჰესის” აშენების საწინააღმდეგო­ აქციებს. მან ფრაქცია “ლელო – პარტნიო­რ­ობა საქართველოსთვის” სახელით პროტესტის მონ­აწილე­ მხარეები პარლამენტში დაიბარა… “დიახ, “ნამოხვანჰესი” უნდა აშენდეს, მაგრამ არა ბარიკადებით, არა ძალა­დობითა და დაპირისპირებით, არამედ უნდა აშენდეს იმ მდგომარეობაში, როცა ეს ადამიანზე, მის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული და ეს პროექტი განხორციელდება ძალიან მაღალი საერთაშორისო სტანდარტით”.

როგორ აპირებს “ლელოს” ლიდერი “რიონის ხეობის მცველების” დარწმუნებას, თავად გვესაუბრება.

– ერთი მხრივ, საზოგადოებას აქვს ბევრი უპასუხო კითხვა და მეორე მხრივ არის 80-ზე მეტი ენერგო, ჰიდრო- თუ მსგავსი­ პროექტი, რომელთა უკან მილიონობით საინვესტიციო თანხა დგას და რომლებიც არ განხორციელებულა. ეს მიუთითებს, რომ “ქართული ოცნება” ვერ მართავს პროცესებს, ვერც ეკონომიკურ პოლიტიკას და განსაკუთრებით ენერგოპოლიტიკას. ამბობენ, რომ “ნამოხვანჰესი” ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა იქნება, არადა, შეიძლება საპირისპირო მივიღოთ, თუ ის პოლიტიკა გაგრძელდება, რომელსაც “ოცნება” ადგას. “ნამოხვანჰესის” პრობლემის შესახებ ჩვენ უკვე გავუგზავნეთ ოფიციალური წერილები მინის­ტრებს და მოვიწვიეთ დაინტერესებული მხარეები. გვსურს ყველა კითხვას პროფესიონალებმა გასცენ პასუხი. ეს საშუალებას მოგვცემს ქვეყანასა­ და ინვესტორს არ შეექმნათ პრობლემა და მივიღოთ მაღალი საერთაშორისო სტანდარტის პროექტი, რომელიც გამორიცხავს ყველა რისკს. ეს უნდა გახდეს მაგალითი იმისა, რომ სხვა პროექტებს მიეცეს მწვანე შუქი.

– საზოგადოების ნაწილს კითხვები­ აქვს ჰესის უსაფრთხოების­ შესახებ,­ კონტრაქტი­ არ მოსწონს, კორუფციულ გარიგებებზე ეჭვობენ­ თუ საზო­გადოდ ჰესების წინააღმდეგი არიან?

– მე მაინც მგონია, რომ ჰესის მშენებ­ლობას არასწორად წარმართული მოლაპარაკება აფერხებს.მე მომხრე ვარ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის. თუ საქართველოს განვითარება გვსურს, ამას სჭირდება არა მარტო ჰიდროსადგურების მშენებლობა, არამედ უამრავი სხვა რამ. ერთი მხრივ, ეს მთავრობა რუსეთის ზემოქმედებით აჩერებს საუკუნოვან პროექტს “ანაკლიას” და ამავე პერიოდში აჩერებს “ნამოხვანჰესსაც”. პირდაპირ ვიტყვი – “ნამოხვანჰესს” ისინი კი არ აჩერებენ, ვინც აპროტესტებს მის აშენებას, მას აჩერებს არასწორად ჩატარებული ტენდერები, მოლაპარაკება, კონტრაქტები…

– თქვით, რომ ყველა დოკუმენტს გამოითხოვდით სიმართლის დასადგენად. რას გვეუბნება დოკუმენტაცია? ტენდერი არასწორად არის ჩატარებული თუ კონტრაქტია კაბალური?

– ერთ-ერთი პრობლემა გე-ზე-შე (გარემოზე ზემოქმედების შეფასება),­ რომელიც ქართულმა კომპანიამ გააკეთა. როდესაც პროექტი საერთაშორისოა, გე-ზე-შე საერთაშორისო კომპანიამ უნდა გააკეთოს, ოღონდ ქართველების ჩართვით. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ ანაკლიის პროექტში, რაც 3 მილიონ-ნახევარი დოლარი დაჯდა.

“ნამოხვანჰესის” გე-ზე-შე საერთაშორისო კომპანიას რომ გაეკეთებინა, ახლა ასეთი პროტესტი და ხმაური არ იქნებოდა. არ შეიძლება ასეთი დონის პროექტი არ გააკეთოს საერთაშორისო, მთელ მსოფლიოში აღიარებულმა კომპანიამ.

ჩვენ 1-ლი იანვრიდან შევუერთდით ევროკავშირის კონვენციას, რომ ჰიდროელექტროსადგურები უნდა აშენდეს ევროპული სტანდარტებით. ახლა მე მაინტერესებს, თუ ანაკლიის შემთხვევაში ყველა, სახელმწიფოც და ბანკებიც მოითხოვდნენ, რომ ჩვენ გე-ზე-შე გაგვეკეთებინა ყველაზე რეპუტაციული საერთაშორისო კომპანიის მეშვეობით, რატომ არ დაუყენეს იგივე მოთხოვნა “ნამოხვანჰესის” ამშენებელ კომპანიას? ჩვენ ტენდერი გამოვაცხადეთ, რომელიც “როიალ ჰასკონიკმა” მოიგო. ეს არის ჰოლანდიური კომპანია, რომელსაც მთელ მსოფლიოში­ აქვს მუშაობის გამოცდილება. არ მინდა ეჭვი შევიტანო ან შეურაცხყოფა მივაყენო მათ, ვინც “ნამოხვანჰესისთვის” გააკეთა გე-ზე-შე. ისინი “ანაკლიაზეც” მუშაობდნენ, მართალია, ქვეკონტრაქტორები იყვნენ, მაგრამ მაინც… მათთან პრეტენზია არა მაქვს, მაგრამ საინტერესოა, რატომ არ იყო ამ შემთხვევაში ის სტანდარტი გათვალისწინებული, რისი გათვალისწინებაც ანაკლიის პროექტისთვის მოგვთხოვეს?

მჯერა, რომ “ხეობის მცველების” პროტესტი გულწრფელია. ისიც ხომ ვიცით, ნებისმიერ პროტესტს ეწებებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება სურთ ან სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებას ცდილობენ.არავის გულის მოგებას არ ვცდილობ, გულწრფელად ვამბობ, მინდა “ნამოხვანჰესის” მსგავსი პროექტები განხორციელდეს ჩემს ქვეყანაში, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ XXI საუკუნისთვის შესაბამისი სტანდარტებით. თუ ისეთ დოკუმენტს წარმოგვიდგენენ, რომელშიც ყველა კითხვას არგუმენტირებული პასუხი გაეცემა, ემოციისთვის ადგილი აღარ დარჩება. ინვესტორი გიჟი ხომ არ არის, ამხელა ფული ჩადოს. ჰესი დაინგრესო, ჩემთვის არგუმენტი არ არის. ეს სამზარეულოში სასაუბრო თემაა! ევროკავშირისკენ მივისწრაფვით და დღემდე საბჭოური სტილით ვაპროექტებთ ჰიდროელექტროსადგურებს.

– ხელისუფლება თქვენს ინიციატივას გაითვალისწინებს? კიდევ ერთხელ გადახედავს პროექტს და კიდევ ისევ დაჯდება “ხეობის მცველებთან” სალაპარაკოდ, თუ ძალისმიერი მეთოდით გააგრძელებს მუშაობას?

– მგონია, რომ გაუჭირდება ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემაც და “ხეობის მცველებთან” საუბარიც. მხოლოდ საუბარი იმის შესახებ, რომ ენერგოდამოუკიდებელი უნდა ვიყოთ, საკმარისი არ არის. ამას ჩვენ მთელი 30 წლის განმავლობაში ვისმენთ, მაგრამ რეალურად არაფერი ხდება. 80-ზე მეტი ენერგოპროექტია გაჩერებული.

პანკისის ამბავს გაგახსენებთ, გახარია რომ გამოაგდეს… იქაც კაშხალზე ხომ არ იყო საუბარი, 2-მეგავატიანი სადგური ვერ ააშენეს! რატომ? იმიტომ, რომ არც მაშინ ენდობოდა ხალხი ხელისუფლებას, მაშინაც კორუფციასთან გვქონდა საქმე.

ერთი რამ მინდა გიამბოთ, რაც საქართველოში ბაქო-ჯეიჰანის მილის გაყვანას ეხება:­ მილი ტაბაწყურის მთის ფერდობზე გაჰყავდათ. ჩვენ მაშინ კომპანია “ბორჯომში” მოზიდული გვქონდა უზარმაზარი ინვესტიციები. მოვიწვიეთ დამოუკიდებელი ინგლისელი გეოლოგები და გავაკეთებინეთ­ სიმულაციური ანალიზი, რა შეიძლება მოხდეს, მილი რომ გასკდეს, რაიმე მიზე­ზის, თუნდაც მიწისძვრის ან ტერორისტ­ული აქტის გამო. დაიწერა დასკვნა, რომ 24 საათში ნავთობი ჩაიღვრებოდა ბორჯომის ხეობაში და წყაროებს გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდა. ამიტომ ეს პროექტი გავაპროტესტეთ. რად აღარ მოგვნათლეს მაშინ მე და ბადრი ჯაფარიძე, სულ რუსეთის აგენტები გვეძახეს. დაგვაბრალეს, რომ თითქოს საერთაშორისო პროექტის ჩაგდება გვინდოდა. შევარდნაძემ ორჯერ დაგვიბარა, ლონდონში წაგვიყვანეს და ბი-პის პრეზიდენტი ლორდ ბარუნი­ შეგვხვდა. აინტერესებდა, ჩვენი პროტესტი გულწრფელი იყო თუ სხვა ინტერესი გვამოძრავებდა. რომ მიხვდნენ გულწრფელი ვიყავით, ბი-პიმ სარისკო მონაკვეთზე სპეციალური ჩამკეტი დადგა, რაც დამატებით­ დიდი თანხა დაჯდა. ამასთან, კომპანია “ბორჯომს” ხელშეკრულება გაუფორმა, რომ თუ ამ მონაკვეთზე მილი დაზიანდებოდა, პასუხისმგებლობას ბი-პი თავის თავზე აიღებდა. ამდენი ომის შემდეგ შესანიშნავ შედეგს მივაღწიეთ. პროექტიც განხორციელდა და უსაფრთხოებაც უზრუნველვყავით. გამოსავალი ვნახეთ, ჩვენ ბაქო-ჯეიჰანის პროექტის საწინააღმდეგო რა უნდა გვქონოდა, უბრალოდ, ბორჯომის წყლების დაღუპვა არ გვინდოდა! ახლაც არასწორია, როდესაც “ხეობის მცველებს” რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებაში სდებენ ბრალს. თუ დადასტურებული არგუმენტები არ გიჭირავს ხელში, ადამიანს ქვეყნის ღალატს არ უნდა აბრალებდე. იმ ხალხს უნდა ავუხსნათ, დავარწმუნოთ, რომ ჩვენ მართლები ვიყოთ…

– რაც შეეხება ანაკლიას და თქვენს გულისტკივილს, რომ არავინ გააპროტესტა პორტის მშენებლობის შეჩერება. თქვენ დაუძახეთ­ ხალხს და არავინ დაგიდგათ გვერდით?

– მე არ ვფიქრობ, რომ საკითხი მიტინგებით უნდა გადავწყვიტოთ. ჩემი ნათქვამი ბევრმა ისე გაიგო, თითქოს მიტინგი უნდა გამართულიყო. რად მინდა შეხსენება, რომ გამოკითხული მოსახლეობის 80% ანაკლიის პორტის მშენებლობას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხად მიიჩნევდა.მე საკითხი ისე არ დამისვამს, რომ ქუჩები უნდა გადაგვეკეტა პორტის აშენების მოთხოვნით. კარგად ვიცი, ასე საქმე არ კეთდება! მე ის ვიგულისხმე, რომ საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებიდან (ვგულისხმობ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, მინისტრებს…) არ გააპროტესტეს პორტის მშენებლობის შეჩერება.

მე პარლამენტში ვთქვი, ჩავეხსნები ამ პროექტს, ოღონდ პორტის მშენებლობა­ არ შეაჩეროთ-მეთქი. ვხვდებოდი, რომ პორტის გაჩერების მიზეზს ეძებდნენ, თორემ… ხომ მიაღწიეს კიდეც მიზანს.

იხილეთ სრულად გაზეთ კვირის პალიტრის 31 მაისის ნომერში

Share