Home » ფინანსები » „ამ ეტაპზე, საგარეო ვალი საგანგაშო არაა, თუმცა, უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელიც ყოველდღიურად იცვლება”

„ამ ეტაპზე, საგარეო ვალი საგანგაშო არაა, თუმცა, უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელიც ყოველდღიურად იცვლება”

“საქართველოსთვის, ამ ეტაპზე, საგარეო ვალი საგანგაშო არაა, თუმცა, უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელიც ყოველდღიურად იცვლება”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ვახტანგ ჭარაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჭარაიამ ქვეყნის საგარეო ვალის დაფარვისა და ახალი ევროობლიგაციების გამოშვების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

ის ახალი საგარეო ვალის აღების მომხრე არაა.

„შეიძლება ითქვას, რომ საგარეო ვალი საქართველოსთვის ამ ეტაპზე საგანგაშო არაა. თუმცა, უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელიც ყოველდღიურად იცვლება. მუდამ იმის თქმა, რომ დღევანდელი რეალობა არაა საგანგაშო, შეიძლება, გამართლებული არ იყოს – გამომდინარე იქედან, რომ არასტაბილურია გაცვლითი კურსი, ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობა, გლობალური მდგომარეობა. მათ შორის, რეგიონშიც არ გვაქვს სტაბილური ვითარება. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, ამიტომ, პულსზე უნდა გვეჭიროს ხელი და

სისტემატურად უნდა ვადევნოთ თვალი იმ სიახლეებსა და ცვლილებებს, რომლებიც შეიძლება, ჩვენზე აისახოს. მოვიყვანოთ 500 – მილიონიანი ევროობლიგაციის მაგალითი, რომელიც ბოლოს 2011 წელს ავიღეთ. მანამდე ის გახლდათ სხვა ვალის გადაფარვის შესაძლებლობა. 2011 წელს აღებულმა 500 მილიონმა დოლარმა, რომელიც იმ დროინდელი კურსით დაახლოებით 850 მილიონ ლარს უდრიდა, დღევანდელი კურსით, როცა თავისი პროცენტებით დავფარეთ, დაახლოებით 2, 5 მილიარდი ლარი შეადგინა.

ანუ ჩვენთვის როცა ავიღეთ 850 მილიონი ლარი იყო და საბოლოოდ თავისი პროცენტებითა და ძირი თანხის გასტუმრებით, ჯამურად, 2, 5 მილიარდი ლარი გამოგვივიდა. ეს აჩვენებს იმას, რომ რაღაც მომენტში სტაბილურობა მომავალში ჩვენ საწინააღმდეგოდ შეიძლება, შეიცვალოს. ამიტომ, ახალი საგარეო ვალის აღების მომხრე ნამდვილად არ გახლავრთ.

2022 წელიც არ იქნება მარტივი და წინმსწრებად არაფრის თქმა შეგვიძლია იმაზე, თუ რა მდგომაროება გვექნება შემდომ წლებში. შესაბამისად, არც გაცვლით კურსზე გვაქვს რაიმე გარანტია, რომ ის მომდევნო წლების განმავლობაში თუნდაც 3, 4 ნიშნულზე იქნება გაჩერებული. მით უმეტეს, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, რა ვადითაც ახალი ვალი უნდა ავიღოთ.

მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, საგარეო ვალის პროცენტი საშინაო ვალთან შედარებით დაბალია და შეიძლება, გამოიყურებოდეს ისე, რომ ფულს უფრო იაფად ვსესხულობთ, საბოლოოდ, არასტაბილური ლარიდან გამომდინარე, ახალი საგარეო ვალის აღების მომხრე არ ვარ. თუნდაც საშინაო ვალით შეიძლებოდა ამ საკითხის მოგვარება. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ახლა სახელმწიფო საგარეო ვალს უცხოურ ვალუტაში არ უნდა იღებდეს, რადგან მოულოდნელობები დიდია, რისკები ძალიან მაღალია.

ჩემი წინადადება იქნებოდა საშინაო ვალი, ერთი შეხედვით, უფრო ძვირი პროცენტით, თუმცა, საბოლოოდ, გარანტირებულად ეს უფრო იაფი დაგვიჯდება, ვიდრე – საგარეო ვალი იაფი პროცენტით, მაგრამ ლარის გაუფასურების ხარჯზე მოსალოდნელი რისკებით“, – განაცხადა ჭარაიამ.

მისი თქმით, ქვეყანას დეფოლტი არ ემუქრება.

„დეფოლტი ნამდვილად არ გვემუქრება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან სახელმწიფო ვალის 60 %-იანი ზღვარი, რომელიც დაფიქსირებული გვაქვს, საგანგაშო არაა. ამას ჩვენი ეკონომიკა გაუმკლავდება. მაგრამ პანდემია თუ წლების განმავლობაში გაგრძელდა და ვერ დავძლიეთ, თუ ლარის გაუფასურებამ სისტემატიური ხასიათი მიიღოდ ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ხიფათის შემცველია“, – განმარტა ვახტანგ ჭარაიამ.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2011 წელს გამოშვებული ევრობონდები უკვე დაიფარა და სამინისტრო ახალი ევროობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.

„სამწუხაროა, რომ ბოლო დღეებია, აღნიშნულ თემაზე ვრცელდება არაკომპეტენტური შეფასებები, მათ შორის, იმ პიროვნებების მხრიდან, რომლებმაც წესით უნდა იცოდნენ, რომ აღნიშნულ პროცესს გამოშვების ფორმალურ გამოცხადებამდე აქვს კონფიდენციალობის გარკვეული სტანდარტი.

საზოგადოებას გვინდა, შევახსენოთ, რომ აღნიშნული პროცესი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიწყო, 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მომზადების დროს. ამის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა კონკურსი და შეირჩა პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ბანკები.

ევროობლიგაციების გამოშვების პროცესში ჩვენ გავიარეთ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ითვალისწინებდა პარტნიორი ბანკების შერჩევას, ბაზრის ანალიზს, გამოშვებისთვის სწორი პერიოდის შერჩევასა და პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრებს“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით, სამი ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკია შერჩეული: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC; პროცესში თანამონაწილის სტატუსით ჩართულია 2 ადგილობრივი საინვესტიციო ბანკი – Galt & Taggart და TBC Capital.
„პროცესის დასრულებისთანავე, ფინანსთა სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს დეტალურ ინფორმაციას.

მოსალოდნელია, რომ ახალ ევროობლიგაციებზე გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი იქნება მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე ეს იყო 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების შემთხევაში (6.875%)“, – აცხადებენ სამინისტროში.

Share