Home » საზოგადოება » ,,ამ ჩემს პანორამას“ – ანუ, ,,ნაციონალური” კლოუნადა ,,თბილისის გადასარჩენად”
,,ამ ჩემ პანორამას“ - ანუ, ,,ნაციონალური" კლოუნადა ,,თბილისის გადასარჩენად"

,,ამ ჩემს პანორამას“ – ანუ, ,,ნაციონალური” კლოუნადა ,,თბილისის გადასარჩენად”

პოლიტიკური თამაშები დედაქალაქის განვითარების წინააღმდეგ

საარჩევნო შოუ მერიასთან

თვითმმართველობის არჩევნებამდე, რამდენიმე კვირით ადრე ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო რეჟიმში გადასვლა დააანონსა, ამ ყველაფრის მიზეზად კი საკრებულოს გადაწყვეტილება დაასახელა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიას თავისუფლების მოედანზე და თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა.

საკრებულოს გადაწყვეტილება ,,ნაციონალებმა“ თბილისის მერიასთან ,,მასშტაბური“ აქციით, როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, 2000 კაცით გააპროტესტეს, თუმცა რეალურად 200 კაცი თუ დაითვლებოდა მერიის მიმდებარე ტერიოტორიაზე და ისინიც განსაკუთრებული აგრესიული ქმედებებით ცდილობდნენ საპროტესტო ფონის შექმნას. ფონი შექმნეს კიდეც, ოღონდ ძირითადად საკუთარი მხარდამჭერებისა და ,,რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის.

პოლიცია ამჯერადაც აბსოლუტურად გამართულად, გადაცდომების გარეშე მოქმედებდა. ეს კიდევ ცალკე ვრცელი საუბრის თემაა, თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბოლო წლებში ქართული პოლიციის სწორი მოქმედება მსგავსი შეკრებების დროს. ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროინდელი პოლიციისგან განსხვავებით, ოპოზიციური პარტიების აქციების დროს აღარ ვხედავთ ნაცემ მოქალაქეეებს და ,,დუბინკებით“ ამაყად მომავალ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. პოლიცია საზოგადოების ნაწილად აღიქმება და შიშიც გაქრა, რაც უდაოდ მისასალმებელია.

მართალია, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი, დაჟინებით ამტკიცებდა დამაკავეს და სასტიკად მცემესო, თუმცა, მას არც ნაცემის ეტყობოდა რამე და მერიის მიერ გავრცელებულ კადრებშიც კარგად ჩანდა, რომ მას ფაქტობრივად არავინ შეხებია, მხოლოდ დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული სხვა პირებიც.

რომ არა ივანიშვილი

ფაქტია, რომ პროტესტის მთავარი ადრესატი ბიძინა ივანიშვილია, ,,პანორამა თბილისის“ თემა კი პოლიტიკური თამაშისთვის იქნება გამოყენებული. რომ არა ივანიშვილი და მის მიერ განსახორციელებელი ინვესტიცია, ,,პანორამა თბილისის“ პროექტს ,,ნაციონალები“ არათუ არ გააპროტესტებდნენ, არამედ შეაქებდნენ კიდეც. რომ არ იყოს ივანიშვილი და მის ნაცვლად ნებისმიერი სხვა ინვესტორი ახორციელებდეს ამ პროექტს, მხოლოდ ზარ-ზეიმით თუ შეხვდებოდა საპროტესტო ტალღაზე მომართული საზოგადოების ნაწილი.
მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია, რომ ,,ნაციონალების“ მმართველობის დროს განხორცილებულიყო, ხომ შერაცხავდნენ მას საუკუნის პროექტად. ცხადზე, უცხადესია, რომ ასეც იქნებოდა, არავინ გააპროტესტებდა ამ ყველაფერს, რომ არა ივანიშვილი.

უარგუმენტო პროტესტი

,,ნაციონალების“ პროტესტის დროს მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ 1 ლარად მიწის გაჩუქება მიუღებელია და არ უნდა მომხდარიყო სოლოლაკის ქედისა და თავისუფლების მოედნის მახლობლად მდებარე მიწის ნაკვეთის ლანდშაფტური ზონის სტატუსის ცვლილება. არადა, არ საუბრობენ იმაზე, რომ მოხდა არა ქონების გაჩუქება, არამედ ფონდისთვის მისი გადაცემა საინვესტიციო ვალდებულებით. თანაინვესტირების ფონდს პარკინგის მოწყობისთვის, 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცა მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობით და ამ მიწის ნაკვეთს ბიძინა ივანიშვილი საკუთარი მიზნებისთვის არ იყენებს. პარკინგების პრობლემა, რომ დედაქალაქის მასშტაბით მწვავედ დგას ამაზეც არავინ დაობს და თავად ,,ნაციონალებიც“ მუდმივად საუბრობენ, თუმცა, მათი ლოგიკით, თუკი ამ პრობლემის გადაჭრაში ივანიშვილი ფიგურირებს უკვე ქვეყნის ინტერესები ირღვევა, ხოლო არაბი, ჩინელი, ევროპელი, ამერიკელი ან სხვა რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი ინვესტორის შემთხვევაში არაფერია კანონდარღვევითი. არადა, პროექტის განხორციელების შემდეგ, ახალ სივრცესთან ერთად მიწისქვეშ, საშუალოდ 150 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. ამასთან, რატომღაც არავინ საუბრობს გვერდით მდებარე გალერეა თბილისზე, სადაც ასევე 250-დე ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე სივრცე ეწყობა. არც იმაზე საუბრობენ, რომ ეს 1 ლარად გადაცემული მიწის ნაკვეთი, რეალურად 650 მილიონიანი ინვესტიციის შემადგენელი ნაწილია და მისი ასე ცალკე განხილვა, მხოლოდ უარგუმენტო პოლიტიკური თამაშის შემადგენელი ნაწილია.

1 ლარად ,,გაყიდული საქართველო“

სასაცილოა, მაგრამ ფაქტია, რომ 1 ლარად გაყიდულ ქონებაზე დაობს ,,ნაციონალური მოძრაობა“, პარტია რომლის მმართველობის დროსაც ქონებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დიდი ნაწილი სწორედ 1 ლარად ჩუქდებოდა. თან, ხშირ შემთხვევაში, ყოველგვარი საინვესტიციო ვალდებულების გარეშე. ამას მოწმობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევა, სადაც დეტალურადაა შესწავლილი 2007-2012 წლებში სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად გასხვისების შემთხვევები. ბუნებრივია, მისი განხილვა შორს წაგვიყვანს, მაგრამ როგორც აღნიშნული კვლევიდან ირკვევა ათობით ათასი კვადრატული მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობა და დიდი ოდენობით მოძრავი ქონება ერთ ლარად არის გასხვისებული. ამავროულად, უცნობია იხდიდნენ თუ არა აღნიშნული პირები საშემოსავლო გადასახადებს ან საინვესტიციო პირობების არსებობის შემთხვევაში კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თუ არა ნაკისრ ვალდებულებებს. სახელმწიფო ქონების მიმღებთა შორის არიან ცნობილი პიროვნებები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები. მათ შორის: თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ძმა ირაკლი უგულავა, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ბეჟან ფარცვანია, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა, ბიზნესმენი თეიმურაზ უგულავა, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი (ზარალა), რომელიც სააკაშვილთან საკმაოდ მჭიდრო კავშირებით გამოირჩეოდა და ა.შ. მოკლედ, ,,ნაციონალები“ ხმის ჩახლეჩვამდე აპროტესტებენ იმას, რასაც თავად მუდმივად აკეთებდნენ.

მდუმარე თანაინვესტირების ფონდი

,,პანორამა თბილისის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების დროს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ბოლო მომენტამდე, თანაინვესტირების ფონდის მდუმარე მდგომარეობა. გაუგებარია, რატომ არ არის ინფორმირებული საზოგადოება უკეთ ასეთ მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით, რატომ არ იცის საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რომ აღნიშნული პროექტი არა ივანიშვილის პირადი ახირება, არამედ დედაქალაქის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. რომ ლანდშაფტი კი არ ნადგურდება და ხეები კი არ იჭრება, არამედ თაბორის მთაზე კეთდება, თბილისში ყველაზე დიდი 40 ჰა-იანი სარეკრეაციო სივრცე. პარკი, რომელშიც განთავსებული იქნება ხელოვნური ტბა, გოლფის მოედანი, ჩოგბურთის კორტები, ველობილიკები და ა.შ. ეს იქნება თბილისის ყველაზე დიდი პარკი. ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთს სტატუსი შეეცვალა, სწორედ ამ 40 ჰა-ს და ბოტანიკური ბაღის იმ ნაწილის გასარწყავიანებად, რომელიც დღემდე ვერ ირწყვება. ეს იმ პირობებში, როდესაც თაბორის მთაზე დღეს, ნარგავების დიდი ნაწილი (11000 ხიდან 4000-მდე ხე) დაავადებულია. საბოლოო ჯამში თაბორის მთაზე იქნება ახალი პარკი, ახალი დასასვენებელი სივრცე, სადაც დაგეგმილია ნარგავების რაოდენობის მინიმუმ გაორმაგება.

P.S.

ამჟამად თანაინვესტირების ფონდის საინვესტიციო პორტფელში 8 პროექტია, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 680 მილიონ დოლარს აჭარბებს. რვავე პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა და დღეის მდგომარეობით მათში ჯამურად უკვე ინვესტირებულია 400 მლნ ლარამდე. ამ პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ჯამურად საქმდება 20,000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ დასაქმებულთა რიცხვი რამდენიმე ათასს გაუტოლდება.

გიორგი კაპანაძე

Share