Home » საზოგადოება » „ალიევის ინიციატივა, შექმნილიყო კავკასიის გაერთიანებული შტატები, სააკაშვილისთვის დამაინტრიგებელი აღმოჩნდა“

„ალიევის ინიციატივა, შექმნილიყო კავკასიის გაერთიანებული შტატები, სააკაშვილისთვის დამაინტრიგებელი აღმოჩნდა“

„თავის დროზე ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ უნდა შექმნილიყო კავკასიის გაერთიანებული შტატები, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის მონაწილეობით, რასაც მხარი დაუჭირა სააკაშვილმა. სწორედ ამას მიება დავითგარეჯის სადავო მონაკვეთის დათმობის საკითხი აზერბაიჯანის სასარგებლოდ“, – ასეთია ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას მოსაზრება.

რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს დავითგარეჯის საქმე? რამდენად საშური იყო ჩვენი ისტორიული ტერიტორიის ნაწილი ყარაბაღის ომამდე დაგვებრუნებინა? რა როლი ითამაშა მიხეილ სააკაშვილმა მოლაპარაკების პროცესში დავითგარეჯისთვის წამგებიანი პოზიციის შექმნაში და რა იყო მისი მოტივაცია ისტორიული ტერიტორიის შესაძლო დათმობის დროს?

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ არავითარი გმირები მელაშვილი და ილიჩოვა არ არიან. შეიძლება ისინი უკანონოდ იყვნენ დაპატიმრებულნი სააკაშვილის ნაცვლად, მაგრამ გმირებად მათი შერაცხვა გაუგებარია.

„როგორ შეიძლება, ერთ დონეზე გმირებად მოვიხსენიოთ ჩვენი გმირი პოლკოვნიკი შუკვანი და სხვა გმირები და მათ ფონზე ვახსენოთ მელაშვილი და ილიჩოვა? ეს არ მიმაჩნია სწორად, თანაც ასეთი განცხადების ფონზე, რომ თითქოს გარეჯი არ არის ჩვენი. მელაშვილი უკვე ხანში შესული ადამიანია და უნდა იცოდეს, სად რა თქვას. თუკი მელაშვილი სახელმწიფოთაშორის მოლაპარაკების სტრუქტურაში მუშაობდა, ასეთი განცხადებები არ უნდა გააკეთოს. იდიოტიზმია, როცა ამბობ, რომ დავითგარეჯი საქართველო არ არის. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ტერმინი „იდიოტი“ შემოიტანა დოსტოევსკიმ, ეს არის ლიტერატურული ტერმინი. ეს არის „იდიოკრატია“, რადგან, სანამ არ არის გაკეთებული დემარკაცია-დელიმიტაცია, მანამდე ვილაპარაკოთ, რომ ეს ტერიტორია ჩვენი არ არის, აბსოლუტურად არასწორი და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. შეიძლება, ამ ეტაპზე ეს ტერიტორია სადავოა, რადგან არ მოხდა ამ ტერიტორიის დემარკაცია- დელიმიტაცია, მაგრამ ისტორიულად ეს ჩვენი ტერიტორიაა, რომელიც ახლა დე ფაქტოდ სადავო გახდა. მეორე მხარეს ჩვენი სიმართლე უნდა დავუმტკიცოთ. ანუ გარეჯის კონკრეტული სადავო მონაკვეთი არავის ტერიტორია არ არის ამ ეტაპზე, რადგან ეს არის განხილვის საგანი, მაგრამ იმის თქმა, რომ ჩვენი ტერიტორია არ არის და აზერბაიჯანისაა, ბრიყვული განცხადებაა“, – აცხადებს ვახტანგ მაისაია for.ge- სთან საუბარში.

ანალიტიკოსის აზრით, არაფერი ცუდი არ გაუკეთებია სალომე ზურაბიშვილს, როცა გარეჯის საკითხი წამოსწია წინა პლანზე. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ამ თემაზე მსჯელობა დაწყებულიყო, რადგან ეს საკითხი დაკონსერვებული იყო. შესაბამისად, საქართველომ დასვა საკითხი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაგვეწყო მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან და კონსენსუსამდე მივსულიყავით. თუმცა აზერბაიჯანმა ეს სხვაგვარად აღიქვა, ჩათვალა გარკვეულ ზეწოლად და თავისი სასაზღვრო ქვედანაყოფები ჩააყენა იმ მოტივით, თითქოსდა, აზერბაიჯანისთვის ეს ტერიტორია საკუთარი ეროვნული საგანძური იყო.

ვახტანგ მაისაიას განმარტებით, საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობის საკითხი სააკაშვილამდე მიდის. არ არის დასამალი, რომ 2006-07 წლებში ილჰამ ალიევს ჰქონდა ინიციატივა, რომელიც ეხებოდა გაერთიანებული კავკასიური შტატების შექმნას, ანუ სამი ქვეყნის კონფედერაციის შექმნას (საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი). ამ გეოპოლიტიკურ მოდელირებაში სააკაშვილს უნდოდა, რომ შესულიყო და ამ გეოპოლიტიკური მოდელისთვის მზად იყო, დაეთმო ის ტერიტორია, რომელსაც აზერბაიჯანი ითხოვდა.

„ამას ადასტურებს ისიც, რომ 2007 წელს, როდესაც კონფედერაციის შექმნის საკითხი განიხილებოდა მაღალ დონეზე და, როდესაც დაარსდა კავკასიური ფორუმი, ზუსტად იმ დროს გახმიანდა ბორტგამცილებლის, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის სიტყვები. მანაც თქვა, ეს ტერიტორია ჩვენი არ არისო. ნინო კალანდაძის პარალელურად, რამდენიმე დღის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა სპეციალურ დოკუმენტს, ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ამ ტერიტორიის ფარგლებში შეიქმნა აზერბაიჯანის, თურმე ისტორიული ალბანეთის ნაკრძალი. ეს არის კონკრეტული მტკიცებულებები. გარდა ამისა, აქ კიდევ იყო მაშინდელი პოლიტიკური ელიტის ფინანსური ინტერესები, კორუფციული სქემები, მათთვის სულ ერთი იყო, დავითგარეჯი კი არა, შეიძლება საკუთარი ოჯახის წევრიც გაესხვისებინათ“, – აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

მანვე ეჭვი გამოთქვა, ჩვენი პროკურატურა ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს თუ არა, რადგან ბოლომდე ვერც ერთი საქმე ვერ მიიყვანეს, მაგრამ ვახტანგ მაისაიას აზრით, ეს თანამედროვე ორჯონიკიძეობაა. ორჯონიკიძემ ამის მეტი არაფერი გააკეთა, ორჯონიკიძემ ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკა რომ შექმნილიყო და იქ გაერთიანებულიყო საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები, ამის საფუძველზე აზერბაიჯანს გადასცა ჰერეთი და ზაქათალა.

ამდენად, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ შემთხვევითი არ არის არც ივერი მელაშვილის, არც კაკო ბობოხიძის წამოცდენა და რიტორიკა, ეს ადასტურებს სააკაშვილსა და ალიევს შორის იმ პერიოდში დადებულ ერთგვარ გარიგებას.

„ალიევმა ეს ტერიტორია გამოაცხადა ნაკრძალად, ფაქტობრივად, თავის იურისპრუდენციაში ცალმხრივად შეიყვანა, უკვე იმ დონემდე მივიდა საქმე, რომ ჩვენც შეგვიძლია, დავითგარეჯი ანალოგიურად გამოვაცხადოთ ნაკრძალად და მთლიანად დავით გარეჯის კომპლექსი, ჩიჩხიტური და სხვა შევიყვანოთ ეროვნული ისტორიული საგანძურის შემადგენლობაში, მივიღოთ საამისო ბრძანება, დეკრეტი და მაშინ ჩვენც სამართლებრივად გავთანაბრდებით. ამის მერე შეიძლება საქართველო და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ ორივემ ერთობლივად შექმნას ერთობლივი კულტურული საგანძურის ნაკრძალი“, – მიიჩნევს ანალიტიკოსი და ფიქრობს, რომ მსგავსი კომისიები ამიერიდან პროფესიონალებით უნდა დაკომპლექტდეს. ამ საქმეში პოლიტოლოგებიც უნდა ჩაერთონ, სამართლის სპეციალისტებიც, რომლებიც ერთმანეთს დააბალანსებენ. რაც მთავარია, ჩვენი ისტორიული რელიკვიები და ძეგლები, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, კბილებით უნდა დავიცვათ.

თუ რატომ არ კომპლექტდებოდა მსგავსი კომისიები პატრიოტი ადამიანებით, ვახტანგ მაისაიას არ უკვირს, რადგან სააკაშვილის დროს ბორტგამცილებელი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ასეთი რამ მიღებულია.

თეოლოგი ლევან აბაშიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბერთუბანზე საერთოდ არ არის საუბარი. ახლა ისეთი მდგომარეობაა, აზერბაიჯანელები ცდილობენ, დაამტკიცონ, თითქოს აღნიშნული ტერიტორია ალბანეთს ეკუთვნოდა.

„ჩვენ ახლა შევაჩერეთ კომისიის მუშაობა, ვუთხარით აზერბაიჯანულ მხარეს, რომ პრობლემა გვაქვს თვითონ კომისიის წევრებს შორის, აზერბაიჯანი კი გვეუბნება, რომ ეს თქვენი შიდა საქმეა. როდესაც აღდგება კომისიის მუშაობა, იქ აღარც მელაშვილს დაუშვებენ, აღარც ილიჩოვას, იქ იქნება სხვა ხალხი, რომელიც მოლაპარაკებას დაიწყებს ჩვენთვის მომგებიანი რუკებით. პროცესი შეიძლება გახანგრძლივდეს, მაგრამ ჩვენ ხელს აღარ მოვაწერთ წამგებიან პოზიციაზე, მით უმეტეს, როდესაც გვაქვს ეს რუკები. მთავარია, თავში არ იყოს ღალატი, ანუ ხელისუფლებაში. ბერთუბანთან მიმართებით უნდა მოვითხოვოთ, რომ შეუშვან ჩვენი ტურისტები, მომლოცველები, ხელოვნებათმცოდნეები, ეს არის თანამედროვე მიდგომა. საფრანგეთი და გერმანია აღარ დავობს ახლა, ვისია ელზასი და ლოტარინგია, ეს არის 21-ე საუკუნე, მაგრამ აქ საუბარია, რომ 100 და 50 მეტრში არ შეიძლება ყველაფრის დათმობა აზერბაიჯანის სასარგებლოდ“,- აღნიშნა ლევან აბაშიძემ.

წყარო: FOR.GE

Share