Home » ეკონომიკა » ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ “ბიზნეს ფორმულას” განუცხადა, წლის პირველ ნახევარში ბანკების რეკორდულად მაღალი მოგება ეკონომიკის აღდგენას უკავშირდება.

“საბანკო სექტორი მზადაა სწრაფი განვითარებისთვის და ეკონომიკის სწრაფი მხარდაჭერისთვის. საბანკო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სექტორია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკისა და საბანკო სექტორის ქცევა მნიშვნელოვნად ასახავს ერთმანეთის მდგომარეობას. ეკონომიკური ზრდა იყო მაღალი და საბანკო სექტორი მყარად იზრდება, როდესაც ეკონომიკა მოიკოჭლებდა, 2020 წელს საბანკო სექტორის მომგებიანობა დაბალი იყო.

ამასთან, მოგების ნაწილი არის 2020 წლის განმავლობაში მოლოდინებზე დაფუძნებული რეზერვების ამოტრიალების ხარჯზე, ანუ რეალურად გასულ წელს დაუწერელი მოგება წლევანდელ წელს აისახა. მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე გაგრძელდეს აღნიშნული ტენდენცია”,- აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ივნისში კომერციული ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ. კერძოდ, კომერციული ბანკების მოგებამ 2021 წლის იანვარ-ივნისში 1.060 მილიარდი შეადგინა.

კომერციულმა ბანკებმა ივნისის თვეში 294,628 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი თითქმის 114%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2020 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგებამ 137,789 მილიონი ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ივნისში ბანკების წმინდა მოგებამ 1 059 623 000 ლარი შეადგინა.

ამჟამად საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 99,262 მლნ ლარი შეადგინა.

Share