Home » ბიზნესი » ახლადგახსნილი 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო «ბილთმორ თბილისი» სკანდალში ეხვევა
ახლადგახსნილი 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო «ბილთმორ თბილისი» სკანდალში ეხვევა

ახლადგახსნილი 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო «ბილთმორ თბილისი» სკანდალში ეხვევა

 

თბილისისთვის დაკარგული ისტორიული იერსახე და 100 მილიონიან პროექტში დასაქმებული მუშებისთვის დღემდე გადაუხდელი ხელფასები

თბილისში «ბილთმორ თბილისის» გახსნიდან ერთი თვე გავიდა. ლუქს-კლასის სასტუმროების მარკა, რომელიც საქართველოში Millennium & Copthorne ააშენა, დაანონსების დღიდან აქტიური განხილვის ობიექტია. სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი დოლარია. პროექტის ღირებულება და მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია.

თუმცა, მოცემულ პროექტს მოწინააღმდეგეებიც არ აკლია. საზოგადოების დიდი ნაწილი ცათამბჯენის დიზაინმა, რბილად რომ ვთქვათ, ვერ მოხიბლა. საერთო აზრით, არქიტექტორულ-დეველოპერული კუთხით, მილენიუმის შენობა ამოვარდნილია იმ არქტიქტურული სივრციდან და სტილისტიკიდან, რაც რუსთაველის გამზირს გააჩნია.  სპეციალისტების პოზიციით კი, თბილისი კარგავს ისტორიულ იერსახეს, ევროპული ქალაქის დეფინიციას და ხდება ადგილი, სადაც მშენებლობას აწარმოებენ ბიზნესმენები და არა დეველოპერები.

მიმდინარე წლის 31 ივლისს გამართულმა გახსნის გრანდიოზულმა ცერემონიამ სასტუმროს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი გარკვეულწილად ჩააწყნარა. გალა კონცერტი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით, სასტუმროს ფასადზე პროექცირებული 3Dშოუ, გრანდიოზული ფოიერვერკი, ამ ყველაფრის ფონზე საუბარი ცათამბჯენის უადგილობაზე გარკვეული პერიოდი თითქოსდა შეწყდა.

«ბილთმორ თბილისზე» უარყოფით ჭრილში საუბარი მას შემდეგ განახლდა, რაც აღმოჩნდა, რომ პროექტის ხელმძღვანელებს მშენებლობაზე მომუშავე 120 ადამიანისთვის კუთვნილი ხელფასი კვლავ არ გადაუხდიათ.

სასტუმრო “ბილტმორის” მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა, 25 აგვისტოს კუთვნილი ანაზღაურების მიღების მოთხოვნით აქცია გამართეს. ისინი ხელმძღვანელობის მხრიდან ხელფასის დავალიანების გადაუხდელობას აპროტესტებდენ. მათი განცხადებით სასტუმროს მფლობელი შეიხის ვიზიტისთვის ერთი თვის დავალიანება დაუფარეს, თუმცა, დარჩენილი თანხის ანაზღაურებას ამ დრომდე უშედეგოდ ელიან. ალბათ, პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ 100 მილიონიან პროექტში დასაქმებული მუშებისთვის ხელფასი დღემდე არ გადაუხდია ხელმძღვანელობას.

«საერთო ჯამში 120 კაცი არის დაზარალებული. ამ დროისთვის მომუშავეებს 2 თვის ხელფასი არ აუღიათ. ისედაც რთული სოციალური მდგომარეობის პირობებში დაგვიანებული ხელფასები ართულებს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებას. ჩვენ ვგეგმავთ ოფიციალური წერილით მივმართოთ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ამ ამბის უყურადღებოდ დატოვებას არ ვაპირებთ», – აცხადებს აქციის მონაწილე.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათი ინფორმაციით, არაბულმა მხარემ დამქირავებლებს ასანაზღაურებელი თანხა უკვე გადმოურიცხა, თუმცა, დასაქმებულ მუშებს აღნიშნული თანხა კვლავ არ მიუღიათ.

«150-მდე კაცია დაზარალებული. არავის არ აქვს აღებული ბოლო ხელფასი. ზოგს ორი თვის ხელფასი აქვს ასაღები. გვეუბნებიან, რომ თურქებს მოვთხოვოთ პასუხი. თურქს რა მოვსთხოვო მე? ვიმუშავე, «დაბი გრუპში» და ნება იბოძონ გადამიხადონ ფული. აქ არის მთელი უფროსობა და გარეთ არავინ არ გამოდის და პასუხს არ გვაძლევნ», – განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ელშად მამედოვმა.

აღნიშნულ მოვლენებს გამოეხმაურა «ბილთმორ თბილისის» წარმომადგენლობა. ოფიციალურ განცხადებაში ისინი განმარტავენ:

«სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისთან» გამართული პროტესტი უკავშირდება ხელფასის საკითხს ქვეკონტრაქტორ სამშენებლო კომპანიასა და მის თანამშრომლებს შორის. აღნიშნულ პროტესტზე პასუხისმგებელი სასტუმრო არანაირად არ არის, თუმცა სასტუმროს მფლობელი ხელს უწყობს პრობლემის მოგვარებას და აწარმოებს მოლაპარაკებას ქვეკონტრაქტორ სამშენებლო კომპანიასთან», – ნათქვამია განცხადებაში.

 

Share