Home » ეკონომიკა » ახალი შეზღუდვებისთვის ქვეყანას დამცავი ბალიშები აღარ აქვს – პაატა ბაირახტარი

ახალი შეზღუდვებისთვის ქვეყანას დამცავი ბალიშები აღარ აქვს – პაატა ბაირახტარი

“ახალი შეზღუდვებისთვის ქვეყანას დამცავი ბალიშები აღარ აქვს”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი აცხადებს.

“არანაირი დამცავი ბალიშები ეკონომიკისთვის აღარ და ვეღარ­ იქნება. ჩვენ ისინი მაშინ გამოვიყენეთ, როცა გაზაფხულზე უბრალო “ნაკაწრის” გამო გავაჩერეთ ეკონომიკა. დღეს მაშინდელი შეცდომების შედეგს ვიმკით და კრიზისის შემაკავებელი თუ შემარბილებელი საშუალება­ აღარ არსებობს. ეს ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ და ამიტომ გამორიცხავს ლოკდაუნს. თუმცა ისიც პირობითია, ლოკდაუნს რას ვუწოდებთ. შევხედოთ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურას: მშპ-ის ფორმირებაში დიდი წილი აქვს ვაჭრობას, დასაწ­ყობებას, ტრანსპორტის სექტორს, განთავსებასა თუ სამასპინძლო ბიზნესს, რომელიც ახლაც, ფაქტობრივად, გაჩერებულია. ეს ბიზნესი კი ჩვენი ეკონომიკის 20%-ზე მეტს შეადგენს. როგორ გგონიათ, ეკონომიკის 20%-ინი გაჩერება წერტილოვანი­ შეზღუდვაა? ლოკდაუნზე ისეთი პირები არ უნდა ლაპარაკობდნენ, ვისაც ეკონომიკისა და “ბუტკის” დახურვა ერთი და იგივე ჰგონია.

პირველი ტალღის დროს ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც უპირისპირდებოდა­ ეკონომიკის სრულ გაჩერებას. თუმცა დღეში 15 ინფიცირებულის გამო გააკეთეს ეს.­ ვინც ეს რეკომენდაცია გასცა, მისთვის შესაძლოა ეს უბრალოდ ჩაკეტვის მექანიზმი­ იყო, სინამდვილეში კი ათასობით ჩვენი მოქალაქისთვის ტრაგედია აღმოჩნდა. ეს გადაწყვეტილება ტრაგედია იყო მათთვის, ვინც სრული ჩაკეტვის გამო სამსახური დაკარგა,­ ტრაგედია იყო ეკონომიკისთვის, რომელმაც აპრილში 16%-ინი ვარდნა განიცადა. ეს დანაკარგები იმით მართლდებოდა, რომ ეს იყო ფასი, რომელიც ქვეყანამ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის გადაიხადა, ყოველ შემთხვევაში, სამთავრობო კაბინეტებიდან ეს პათოსი ჟღერდებოდა.­ დღეს რა ხდება?! დღეს იმავე კაბინეტებიდან ვისმენთ, რომ ჯანდაცვის სისტემა ინფი­ცირებულთა ასეთ რაოდენობას ვერ უძლებს და შეიძლება ჩამოიშალოს. მაშინ, რისთვის გადაიხადა ქვეყანამ გაზაფხულზე ამხელა ფასი?! რისთვის დაიკარგა ათასობით სამუშაო ადგილი?! ამაზე პასუხისმგებლობა ვინ უნდა აიღოს?! სანამ ეს კითხვები არ დაისმება, ნებისმიერ ახალ გამოწვევას ისევ მსგავსი დილეტანტობით შევხვდებით.

მთავრობა დამატებით ვალებს უკვე იღებს­. არსებული რეგულაციით, ჩვენ შეგვიძლია მშპ-ს 60%-მდე ვალის აღება, ბოლო გადაწყვეტილებით კი ჩვენი საგარეო ვალი მშპ-ს 62%-ს აჭარბებს. თუმცა უფრო საყურადღებო და საგანგაშო ამ ვალების მიზნობრიობაა. გაზაფხული-ზაფხულის გამოცდილებით, შეიძლება ითქვას, რომ მთავრობა არცთუ მიზნობრივად იყენებს ამ თანხებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ვალს არავინ გაპატიებს და მის მომსახურებაზე უარის თქმა დეფოლტს ნიშნავს, რაც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა თუ რეიტინგებზე დამანგრევლად მოქმედებს. ეს ქვეყნის ეკონომიკური ტრაგედია იქნება. რესტრუქტურიზაცია კი გარდაუვალია და ეს ირიბად ფინანსთა მინისტრმაც დაადასტურა” , – აღნიშნავს აფბას ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი.

Share